როცა შენი მშვიდი საღამო გენატრება, ანუ თბილისური ამბები - კვირის პალიტრა

როცა შენი მშვიდი საღამო გენატრება, ანუ თბილისური ამბები

ყალბ ამბებს, რეალურ ამბებზე მირჩევნია ვწერო დღეს. ყალბში, უსუსურ, პოლიტიკურ პროცესებს ვგულისხმობ, ზოგიერთების ნიშნისმოგებისა თუ აგრესიული გამოხტომების ჩათვლით. "სიამოვნებით დავერეოდი" და გავაკრიტიკებდი, მაგრამ, მერე მეტყვით ყველაფერს ნეგატიურ ჭრილში რატომ ხედავო. არადა, აქ ნეგატივი არაფერ შუაშია ხალხს უბრალოდ რეალური ადამიანები მოგვენატრა ყველგან და მით უფრო პოლიტიკაში.

მოკლედ, დღეს თბილისურ ამბებზე დავწერ. იმ ამბავზე ბავშვობაში პაპასთან ერთად, რომ დავსეირნობდით თბილისის ქუჩებში და საინტერესო ამბებს გვიყვებოდა. ისეთი, ძლიერი მტვერი, როგორიც დღეს არის თითქოს არ იდგა. ასფალტს, სპეციფიკური სუნი ჰქონდა. როგორც კი გამოთბა, ფეხით გავუყევი ქუჩებს... როდის იარეთ ფეხით ბოლოს? "ძველი თბილისის ქუჩებსა და ეზოებში ხეტიალი, ერთი ბედნიერებაა" -მეტყოდა პაპა. "მგონია, რომ აქ კარი გაიხსნება და ფიროსმანისეული განწყობა გაცოცხლდება... მერე რა, რომ სარდაფია. ამ სახლში ადრე ძია იოსკა ცხოვრობდაო".

ისე, ბავშვობიდან ვკამათობდი, ვერ ვიგებდი, რატომ შეიძლება მოგწონებოდა იტალიური ეზოები. ან, ის, რომ მუდმივად "სოციალური მონიტორინგის" ქვეშ იყავი. ყველას უნდა სცოდნოდა სად მიდიხარ, ვისთან მეგობრობ, რას ჭამ და როდის ბრუნდები სახლში. ჰო, ერთხელ უნდა დავწერო ამ ჩემთვის მიუღებელ თბილისურ ყოფაზე, მაგრამ დღეს სოლოლაკს მივუყვები და ჩემი ბავშვობის მეხსიერებიდან შემორჩენილ ფრაგმენტს გავიხსენებდი.

სალალაკის-სოლოლაკის ხევის სახელი საბოლოოდ შერქმევია ავანაანთ ხევს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. სოლოლაკის ხევი იწყებოდა ახლანდელი დავითაშვილის ქუჩიდან, გაივლიდა თავისუფლების მოედანს, ჩაუყვებოდა პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს და მდინარე მტკვარს უერთდებოდა ბარათაშვილის ხიდის მახლობლად.

ვახუშტის "თბილისის 1735 წლის გეგმაზე" გარეთუბანში, შემდეგდროინდელ სოლოლაკის უბანში, ბაღების ბოლოს დატანილი აქვს ოთხკუთხა ნაგებობა ამარათის სახელით. "ამარათი" სპარსული სიტყვაა და შენობას, ნაგებობას ნიშნავს.

"ქვემო კართან", მტკვრის ახლოს, ქალაქის გალავანში დატანებულ ბურჯთან, ახლანდელი ჩახრუხაძისა და ბარათაშვილის ქუჩათა შესაყარზე მდგარა მუხრანბატონების ორსართულიანი სასახლე. მუხრანბატონებს ეკუთვნოდათ სოლოლაკის ხევის გაღმა და გამოღმა მამულები და ამის გამო, ამ ტერიტორიას ერთი პერიოდი მუხრანთუბნითაც იყო ცნობილი. ასევე, ხევზე გადებული იყო ვიწრო ხიდი, რომელსაც "მუხრანის" ხიდს" უწოდებდნენ.

მოგვიანებით, მეოცე საუკუნის ათიან წლებში (1910) მდინარე მტკვარზე აიგო რკინის ერთმალიანი ხიდი ( არქიტექტორი პატონი), რომელსაც ძველი ხიდის სახელი, "მუხრანისა" შეერქვა (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი). 1751 წელს მეფე თეიმურაზ მეორემ თავად რევაზ ორბელიანს უწყალობა გარეთუბანში მდებარე "მეიდნის სასახლის" ადგილი. ამ ადგილს ამის შემდეგ ეწოდა ორბელიანების უბანი. შემდეგ, ორბელიანებმა გარეთუბანში თავიანთ მამულს შეჰმატეს მტკვარზე დიდი კუნძული. მოგვიანებით, კუნძული ორბელიანებმა გენერალ მადათოვს მიჰყიდეს.

ყველაზე მეტად მახალისებდა ვინმე ცხრაპურას ამბავი. არც ვიცი ეს სიმართლე იყო თუ არა, მაგრამ პაპა, ჩვენთან, ბავშვებთან ერთად ხეტიალისას გვიყვებოდა, რომ ქალაქის გალავანში დატანებულ ბურჯთან სახლი ჰქონია ვინმე ცხრაპურას, რის გამოც მის სამოსახლო მიდამოსაც ეს სახელი - "ცხრაპურაანთ უბანი" ერქვაო. აქვე "შუა კარის" სიახლოვეს ყოფილა "ბოშის უბანი". ამას კი მზის ჩუქურთმებს უწოდებდნენ. ეტყობა, ნიჭიერი ოსტატი ყოფილა მისი გამკეთებელიო, ამბობდა და ხელს ერთ-ერთი შენობისკენ იშვერდა.

მტკვარსაც კი თავისი სუნი ჰქონდა. შესაძლოა, ეს ყველაფრის ნაზავი ერთად იყო, ან უბრალოდ, ბავშვობის სურნელი ერქვა. გაზაფხულის, ჩემი ერთი მშვიდი საღამო მომენატრა. ახლა, ნეტავ სად ვართ? რას მივდევთ? რისი გვწამს? რას ვაფასებთ?

ჩემი ნება რომ იყოს, ყველა უბანში გამოვაკრავდი ( ისე, როგორც არაერთ მეგაპოლისშია) იმ უბნის ისტორიას და საინტერესო ისტორიულ ამბებს, რაც ქალაქს დაამშვენებდა.

ჰოდა, მივუყვები სოლოლაკს და არ მინდა ვიფიქრო იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ერთობ ამახინჯებს ჩვენს ყოფას.

იყო ასეთი ამერიკელი კულტუროლოგი ლუის მამფორდი, რომელიც ამბობდა, რომ ქალაქი გასაოცარი ფენომენია კაცობრიობის ისტორიაში, ენის შემდეგ ქალაქი, როგორც ასეთი, ადამიანის უდიდესი მონაპოვარია. ჰოდა, ჩემს ერთ-ერთ შემდეგ ბლოგში ქალაქის განვითარების აქცენტებს განვიხილავ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს