კარგსა და ცუდს შორის ზღვარის წაშლა, ანუ ყველაფრისაგან გათავისუფლება ნიშნავს მოექცე უწონადობის მდგომარეობაში - კვირის პალიტრა

კარგსა და ცუდს შორის ზღვარის წაშლა, ანუ ყველაფრისაგან გათავისუფლება ნიშნავს მოექცე უწონადობის მდგომარეობაში

"ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება რაღა იქნება ჩვენი ყოფა?!"

ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვებია ერთ-ერთი ქადაგებიდან. ჩემი მოსაზრებით ეს სიტყვები ზუსტად ასახავს იმ პროცესებს, რაც ზოგადად მსოფლიოში მიმდინარეობს და ჩვენ ვცდილობთ ავყვეთ ფეხის ხმას.

ჩემთვის ყველაზე მეტად დღეს თვალში საცემია აღრევა: ღირსების დაცვისა და პატივმოყვარეობისა, თავდაცვისა და ძალადობისა, სიმართლის თქმისა და განკითხვისა, მხილებისა და დაბეზღებისა, დათმენისა და სისუსტისა.... ალბათ ამ ზღვარის წაშლაზე საუბრობს ქვეყნის სულიერი წინამძღოლი. თუკი ძალიან ვეცდებით წავშალოთ ზღვარი ცოდვასა და უცოდველობას შორის, უბრალოდ უწონადობის მდგომარეობაში მოვექცევით. თუმცა, ჩემგან ამის თქმა სულაც არ ნიშნავს, რომ მრავალმხრივი მუქარა "თბილისი გეი-აღლუმის" მიმართ გამართლებულია. ნამდვილად არა!

ყველა ის ადამიანი (ერთ-ერთი "ქართული მარში") ვინც საოცარ აგრესიას ავლენს "განსხვავებული" ადამიანების მიმართ ვფიქრობ, მათთვის სულიერება ტრადიციულ რელიგიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ცოცხალ ღმერთთან.

უბრალოდ მათ შევახსენებდი,- ქრისტიანობამ შეძლო და წინ აღუდგა დემონს არა ლოზუნგებით, არა საჯარო მიმართვებით და ძალადობით, არამედ ადამიანიდან ადამიანამდე მიტანილი ჭეშმარიტებით. სამწუხარო ჩემთვის ის კი არ არის "განსხვავებული" ადამიანები თუ ქუჩაში გამოვლენ, არამედ ის, რომ ჩვენ ეს ჭეშმარიტება დღეს არ გვჭირდება, გვაწუხებს!

მგონი ერთხელ დავწერე საფრანგეთში ერთ-ერთ ტაძარში ერთ ფრანგ, ქრისტიან მღვდელთან მივედი და საუბრისას მეგობრულად ვუთხარი, რა ცუდია მამაო, რომ 7 ადამიანიც კი ვერ გროვდება წირვისთვის. მან ჯერ გაიკვირვა, მერე გაეცინა და მითხრა: "პირიქით, ეს ძალიან კარგია! სჯობს იდგეს ორი ადამიანი, ვისაც ნამდვილად სწამს და ხვდება ყოველდღე ცოცხალ ღმერთს და ასევე, მაგალითს აძლევს სხვა ხალხებს თუ რელიგიის წარმომადგენელს, ვიდრე სავსე იყოს ტაძარი ვირტუალური მრევლით და ურწმუნოებით".

ერთხელ დავწერე, რომ ადამიანს განსაზღვრავს უკვდავი სული და მისი საქმეები, სექსუალობა არაფერს არ განსაზღვრავს. და თუ არ არის დაცული მოქალაქის სიცოცხლე და თავისუფლება, აქ თავისთავად იგულისხმება, რომ არ არის დაცული არც ჩემი, არც შენი და არც გეის უფლება. ის პროცესები კი რაც ზოგადად მიდის მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან, ფაქტია, რომ ცოდვასა და უცოდველობას შორის ზღვარის წაშლისთვის მიდის და არა თუნდაც "განსხვავებული" ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ეს აშკარაა!

გულს მტკენს ის ფაქტი, რომ ქართულ "კეთილისმსურველ" ორგანიზაციებს მიეცათ შანსი სრულიად ერისთვის კიდევ ერთხელ ბნელი და გაუნათლებელი ეწოდებინათ. სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით საქართველო ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის სამეულში სახელდება.

ვისაც ჰგონია, რომ ჰომოფობები მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ, ხოლო ევროპაში "ანგელოზები", საერთაშორისო ორგანიზაციის World Value Survey-კვლევიდან რამდენიმე ფაქტს მოვიყვან: (ეს უშუალოდ ევროპის ქვეყნებს ეხება) ბოლო 5 წლის განმავლობაში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო. ხოლო, ბოლო სამი წლის განმავლობაში 800 000 ადამიანი გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იგივე მიზეზით.

ჩემი ინგლისში ცხოვრების პერიოდში ჯერ მხოლოდ მეტროებში 4 000 პლაკატი გამოიკრა სურათებით, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ერთი სქესის ადამიანები იყვნენ გამოსახული, მინაწერით: "ამ ორისგან ერთ-ერთი გეია, თუ თქვენ მათ ჩაგრავთ 21-ე საუკუნეში ჩვენ კიდევ გვქონია საქმე!" ეს იმ დროს, როცა ევროპაში არის მკაცრი კანონი და ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო არ აგცდება. კანონით ისინი აბალანსებენ გეებისა და "ჩვეულებრივი" ადამიანების თანაცხოვრებას და ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, ყველა ტიპის ადამიანს კანონი იცავს.

ხალხს კი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს მთელ მსოფლიოში: ზოგი თანაუგრძნობს, ზოგს არ აინტერესებს, ზოგი აგრესიულად არის განწყობილი და ასე შემდეგ, ყველა ერთნაირი ხომ ვერ იქნება! მაგრამ კანონით გეკრძალება გამოხატო ღია აგრესია ამ ტიპის ადამიანების მიმართ, ასევე თავდასხმა და შეურაცხყოფა.

ჩემთვის საკუთარი ერის მასიურად დისკრიმინაცია უფრო არის სიძულვილის ენა, ვიდრე სიტყვა მამათმავლობა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობლობებში ეწერა. ან გეები როგორც ავადმყოფები, რომლის გაბათილებაც გაერომ და ევროპის ქვეყნებმა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ან ვიღაცის მოსაზრება რომ აღიზიანებს, ან არ აინტერესებს გეები, ამ საკითხზე გამოკიდება.

მოკლედ, ვწუხვარ ერთზე, ვისაც საპარტიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში უნდა მონაწილეობა, შეუძლებელია იყოს გაკიცხვის ობიექტი. ისევე როგორც რაიმე სახის აღლუმი ძალადობით იყოს აღკვეთილი!

შეუძლებელია შსს გეუბნებოდეს, რომ ძალადობის ნიშნებს ვხედავ და ვერ დაგიცავთო! როცა, მე და ჩემნაირებს გვსურს თავისუფალი ცხოვრება, სადაც კანონი გვიცავს ჩვენც და სხვასაც. გვაქვს სხვა ფასეულობები...

თუნდაც, გვსურდეს შუა ივნისში გადავაადგილდეთ ჩვენი ქალაქის ქუჩებში ისე, რომ შიშის გრძნობა საერთოდ არ გვქონდეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს