ქართული გაუტანლობა და ამპარტავნების პიკი ქვეყანაში, ანუ მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია! - კვირის პალიტრა

ქართული გაუტანლობა და ამპარტავნების პიკი ქვეყანაში, ანუ მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია!

ჭეშმარიტების უარყოფა დღესაც ორნაირად ხდება: ილუზიითა და ტყუილით. საზოგადოებამ დღესაც კარგად იცის რა არის დანაშაული, მაგრამ ისევ არ იცის რა არის ცოდვა. ამიტომ დღესაც აქტიურად მოითხოვენ (ან უყურებენ) დამნაშავის დასჯას, მაგრამ ისევ არავინ ინანიებს ცოდვებს.

როცა ჭეშმარიტებას უარყოფს სიცრუე, კიდევ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს. ცრუმ, ხომ თვითონაც იცის სიმართლე. როცა ჭეშმარიტებას უარყოფს ილუზია, მაშინ კი შეუძლებელი ხდება ცრუთა მხილება, ილუზიაში მყოფთ არ უწყიან ჭეშმარიტება. მათ გაგონებაც არ სურთ სიმართლის.

ადამიანებო, გაიგეთ, მუდმივ ტყუილში ვცხოვრობთ და ეს ორი სტროფი ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალურ ცხოვრებას. მუდმივი ილუზიის გარემო გვტანჯავს და წრეზე გავბრუნებს.

როგორი ტყუილია ფრაზა: "თავის ქვეყანაზე შეყვარებული კაცია და..." სიმართლეა, რომ პოლიტიკით ფულის კეთება გრძელდება. ადამიანები პოლიტიკაში იმისთვის მოდიან, რომ გავლენები გაიფართოვონ და საკუთარი ქონება დაიცვან!

როგორი ილუზიაა სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა, რადგან სიმართლეა, რომ უმრავლესობას გიჭირთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება. გიჭირთ საკუთარი თავის დანახვა.

თქვენ გჯერათ რომ მხოლოდ სასამართლო სისტემაშია პრობლემა და არა თითოეულ ჩვენგანში? ეს სიცრუეა, რადგან სიმართლე არის ქართული გაუტანლობა და ამპარტავნების პიკი ქვეყანაში!

ხელისუფლებას შეცდომებზე პასუხი წესიერმა ხალხმა უნდა მოსთხოვოს. დარჩა ერთი პატიოსანი ადამიანი ამ ქვეყანაში? თუ სადმეა მსგავსი, ისიც აღარ იქნება ცოტა ხანში, რადგან სისტემა გაიძულებს, რომ გაისვარო, რათა თვიდან თვემდე თავი გადაიჩინო.

ჩვენ გვაქვს ინსტიტუციაურად ყველაზე გაუმართავი სახელმწიფო და ილუზიაა პიარზე ყოველი გათვლილი გამოსვლა სახელმწიფო უწყებების წარმოსაჩენად.

ყოველ არჩევნებზე მიდის ბრძოლა ვისთვის იქნება კორუფცია ნებადართული, ვის ექნება უფლებამოსილება ხალხის თავზე ბოგინის, ვის შეუძლია აკეთოს ბიზნესი... საარჩევნო კამპანიაც ამიტომაა აგებული, ერთმანეთის დამცირებასა და ლანძღვაზე და არა იმაზე, როგორ განვავითაროთ ქვეყანა. სიმართლეა, რომ ქვეყანას ენატრება გადაწყვეტიებების მიმღები სახელმწიფო მოხელე!

რაღა დროს "კარუსელი" "ბიულეტენების გატაცება" და მსგავსი ფრაზებია? გარეთ 21-ე საუკუნეა!

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსების ცხოვრება და ქვეყნის მდგომარეობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის; ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ლტოლვილის პირობებს უქმნის; ქვეყანა, სადაც ხალხი ალალბედზე ცხოვრობს. რეალობის შეგრძნება ხომ დავკარგეთ, მაგრამ ერთმანეთიც დავკარგეთ, მერე ეს აგრესია გადადის ტელეეთერებში, სადაც ერთმანეთს "ეძიძგილავებიან" და აგინებენ. შედეგი კი ნული. არ ვიცით რა მივიღეთ, ან რა გამოიკვეთა ამით... და ბევრმა ჩემსავით არ იცის რისთვის გვანერვიულეთ. ტელეწამყვანებს კი, სამწუხაროდ, ეს ჰგონიათ რეიტინგი.

სინამდვილეში ეს არის ილუზია! არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ დაიშვებოდა მსგავსი გადაცემები. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის იმიჯს ლახავს. რას იზამ ილუზიაში მყოფი თქვენი მენეჯერები "ნიუსმეიკერებს" გარქმევენ! იდეების ფასეულობების არქონამ მიგვიყვანა აქამდე სადაც ვართ.

რამხელა სამუშაოა ჩასატარებელი და პოლიტიკოსად წოდებული ვიღაცეები სიბრიყვეებს გვიმტკიცებენ. ვითომ ეს ხელისუფლება ცდება, ვითომ სხვა ხელისუფლება მართალია. ეს ილუზიაა ხმამაღლა მინდა ვიყვირო!

სიმართლე კი არის ის, რომ კანონები ერთი ხელისუფლების საკუთრება ჰგონიათ. სიმართლეა, რომ საბჭოური მენტალიტეტით ვაზროვნებთ. მართებული აზროვნების დეფიციტი გვაქვს, პატიოსანი ადამიანების დეფიციტი გვაქვს, თანმიმდევრული ნაბიჯების დეფიციტი გვაქვს...

არა ჭეშმარიტების, არამედ სიცრუის კონკურენციაა ქვეყანაში და ჩვენმა ხალხმაც სიცრუის დევნაში დახარჯა თავისი ძალისხმევის დიდი ნაწილი. ხალხიც ილუზიაში ცხოვრობს. საკუთარი შეცდომების დანახვა, რომ არ სურს და ამიტომ უმარტივესად ატყუებს ვინმე პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ხალხის ბრალია ამ ყოფაში ჩვენი ყოფნა.

სინამდვილეში კი სამართლებრივად ძლიერი სახელმწიფოს შექმნა ლამის მარადიულ პრობლემად გადაგვექცა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის მთავარია საჭიროება და არა ობიექტური რეალობა.

სიმართლე კი არის ის, რომ ქვეყნის მშენებლობა იწყება ზემოდან! როცა ქვეყანას მართავს პატიოსანი ადამიანების ჯგუფი, არის კონტროლი, ხელისუფლება აძლევს სწორ მაგალითს მოქალაქეებს, ქვეყანაც ისეთია და ხალხიც!

პარლამენტარები ყოველ დაძაბულობას ხელოვნურად აგორებულს უწოდებენ. ეს სიცრუეა. სიმართლე კი ის არის, რომ ჭეშმარიტების მონოპოლიზაცია ხდება ყოველი ძალაუფლების ცვლილების დროს.

"საზოგადოება თუკი თანდათან ყველაფერს ეჩვევა. მით უმეტეს სიცრუეს და უსამართლობას, ასეთი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ილუზიით იკვებება" - ეს დეკარტის სიტყვებია. მისივე განმარტებით, ასეთი ადამიანები ერთმანეთში ურევენ საპირისპირო მოვლენებს და როგორც წესი უადგილო ადგილას უკრავენ ტაშს.

დიახ, ბატონებო შესაძლოა კრიტიკის მოსმენა მშვიდად კი არა საერთოდ არ შეგიძლიათ, მაგრამ ილუზიაში ყოფნა ცოდვაა, სიცრუე კი დანაშაული! სწორედ ეს არის ის გაურღვეველი წრე რაზეც წლებია ვტრიალებთ. კიდევ რამდენ მაგალითს დავწერდი ჩვენს მახინჯ ყოფაზე, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ თქვენ ეს გჭირდებათ.

გასული საუკუნის დასაწყისში გრიგოლ რობაქიძე არჩილ ჯორჯაძეს სწერდა: "თავის მოტყუებას ძვირად დაგვისვამს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და მაშასადამე, არც არსებობისა. მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია!".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს