ხელისუფლებას გამჭვირვალობის "საფრთხის" შექმნის ეშინია, ანუ რა ხდება დავით გარეჯში?! - კვირის პალიტრა

ხელისუფლებას გამჭვირვალობის "საფრთხის" შექმნის ეშინია, ანუ რა ხდება დავით გარეჯში?!

ჩვეულ ფორმაში ვართ! მწვავე პრობლემის დროს ხელისუფლება არ დომინირებს, საზოგადოების ნაწილი მჯიღს იცემს გულზე, ნაწილი ბრალეულობას წინა ხელისუფლებაში ან სულაც რუსეთში ეძებს და გონივრული მოქმედებები კვლავ უკანა ფლანგზე რჩება! ვფიქრობ, რომ ურაპატრიოტიზმი გამოსავალი არ არის და დავით გარეჯის პრობლემას ძალიან პროფესიონალები უნდა არჩევდნენ ახლა, მაგრამ მე ცოტა სხვა კუთხით მინდა დავწერო დღეს.

მრჩება განცდა, რომ ჩვენს ხელისუფლებებს ერთადერთი საფრთის ეშინია. ეს არის გამჭვირვალობა ყველა სტრუქტურაში.

აბსოლუტურად ვეთანხმები მამუკა არეშიძის მოსაზრებას, რომ: "საქართველოს ენერგორესურსების მომარაგების გამო პრაქტიკულად საქართველოს ინტერესები გაიყიდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში სახელმწიფო კომისიის წევრებს ხელი აქვთ მოწერილი ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც არასწორად არის შედგენილი. დარწუნებული ვარ, რომ ამ კომისიის რომელიღაც ჩინოვნიკმა ფული აიღო იმისათვის, რომ ასეთი სახის დოკუმენტები სამუშაო ვარიანტად მიეღო".

მაშინაც და ახლაც ფიქრობენ, რომ კეთილმეზობლობა და სტრატეგიული პატრნიორი მონურ ქედმოხრას გულისხმობს და კვლავ გავყვირივარ, არაფერი გვეშველება, ვიდრე ეს მიდგომები გვექნება.

ახლა, მივყვები პროცესებს და ერთი სფეროს, მაგალითად ენერგეტიკის ფონზე განვიხილავ იმ მიდგომებს რაც ზოგადად გვაბრკოლებს. საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება, რომელიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან არაერთხელ უყურადღებოდ დარჩა არის, ერთობ მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მაგრამ, აქ დოკუმენტების ხელმოწერა-არმოწერაზე კი არ არის საქმე, არამედ იმაში, რომ საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ჩვენს ხელისუფლებას რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ასოცირების ხელშეკრულების ზედმიწევნით განხორციელებამ.

მაგალითად ენერგეტიკაში მოგვცემს საშუალებას შევქმნათ თანამედროვე ენერგეტიკული სისტემა, თანამედროვე საინვესტიციო გარემო, რომელიც იქნება სტაბილური და გამჭვირვალე. ნაკლები საშიშროება იქნება გარე ძალების ზემოქმედებისა, კორუფციული ზემოქმედებისა, მიწოდების უსაფრთხოების გაკონტროლებისა, გამჭვირვალე გახდება ფასების დადგენა და ასე შემდეგ. თავისი არსით ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს: ყველა სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან. ისეთი სისტემებისა და წესების დანერგვას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გახდის მსგავსს ევროპული საზოგადოებისა. მათ შორის არის ენერგეტიკული ნაწილიც.

ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და წლებია ეს არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ სისტემის დანგრევის ეშინიათ. საბჭოური მიდგომების "განადგურების" ეშინიათ! ხელისუფლებას გააზრებული საერთოდ არ აქვს ამ ნაბიჯით რა შედეგები შეიძლება მოიმკას. მაგალითად მინისტრს, რომელსაც გარშემო "დალაგებული ურთიერთობები" აქვს, არ სურს მთელი სექტორის ფორმირება, ახალი წესების შემოღება, თანამედროვე სისტემის დანერგვა. გამჭვირვალე უნდა გახდეს მთელი სისტემა. შესაძლოა შენ, როგორც მინისტრს, შენი მეგობარი ბიზნესმენი გყავს თუნდაც ჰესების მშენებლობაზე, რომელიც ან აშენდება ან არა, მაგრამ ხელშეკრულება დადებულია, თანხა გაცემულია, ასე, რომ მას არ სურს პირადი ურთიერთობების დარღვევა.

დღევანდელი ხელისუფლება პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე, ანუ ხალხზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ შევაფასოთ ენერგეტიკის მუშაობა. ვუყურებთ მხოლოდ შედეგს: ნათურა ანთია, ე.ი. კარგად გვაქვს საქმე. თუ დენი არ არის, მაშინ ცუდად. აბა გაანალიზეთ, ამ შედეგის მისაღებად რა რესურსები აქვს დაკისრებული სამინისტროს? მას აქვს მთელი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც დაარიგეს ამდენი სადგურების მშენებლობაზე და რეალურად რა კეთდება არავინ უწყის. დახარჯულია ბიუჯეტის თანხები. ამ ყველაფრიდან არავინ აკეთებს დასკვნებს და გაანგარიშებას, შესაძლებელი იყო თუ არა უფრო ეკონომიკურად. არ გვაქვს ენერგეტიკული სტრატეგია და ყველაზე მთავარი, არ ვიცით დაგეგმვა. არანაირი გათვლა არ არსებობს.

ისედაც რთული გარემოა და ამას ემატება არაკვალიფიციურობა და აქედან გამომდინარე გაუთვითცნობიერებელი ქმედებები. კონკრეტული პირების ქმედებები სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით არ ხდება.

აზერბაიჯანმა მაშინ, როცა საქართველოს ენერგომოხმარების თვალსაზრისით ძალიან უჭირდა, კეთილი ნება გამოიჩინა, მაგრამ აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა დავუხაროთ. ასეთ უგუნურებას ვიმკით მერე ჩვენც და ჩვენი შემდეგი თაობებიც.

თუ არ ვცდები, 2012 წელს რუსეთი მოლდოვას გაზის საფასურის 1/3-ით შემცირებას სთავაზობდა, ოღონდ არ გამხდარიყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მოლდოვამ ეს მაინც გააკეთა. დროს აღარ წაგართმევთ სხვა ქვეყნების მაგალითის განხილვისთვისაც.

რა გვჭირს ჩვენ? რატომ არ გვინდა გარე ძალების შემცირება? რატომ არ გვინდა გამჭვირვალე სისტემა? რატომ არ გვინდა ტარიფები გაითვალოს სწორად? რატომ არ გვინდა მონური ფსიქოლოგიის ერთხელ და სამუდამოდ შეცვლა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს