როცა ქვეყნის სათავეში არიან უპასუხისმგებლო ადამიანები, სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე ქაოსი, ანუ ექსკურსიების რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი ფორმალურია? - კვირის პალიტრა

როცა ქვეყნის სათავეში არიან უპასუხისმგებლო ადამიანები, სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე ქაოსი, ანუ ექსკურსიების რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი ფორმალურია?

"სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია"- ეს ჩემი სიტყვები არ არის, წელიწადნახევრის წინ განათლების მინისტრის მოადგილის ნათქვამია, რომელიც იმ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. გაცილებით ადრე კი განათლების მინისტრი აცხადებდა, რომ "ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია" ჩანს არაფერი შეცვლილა, რადგან დღეს უკვე განათლების საპარლამენტო კომიტეტიდან ვისმენთ, რომ "სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები უნდა გამკაცრდეს."

გაცილებით ძველი წლების პასუხიმგებელი პირებისგან გაკეთებულ კომენტარებასაც ამოვქექავდი, მაგრამ დრო დავზოგე, თქვენც დაგინდეთ და საერთოდ, ეჭვი მაქვს, რომ ასეც, რომ მოვქცეულიყავი, წინადადება იდენტური იქნებოდა, რაც ზემოთ რამდენჯერმე ვახსენე.

და ეჭვი არ მეპარება ეს კომენტარი ისევ ვიღაცის დაშავებას ან სიკვდილს მოჰყვებოდა, მაგრამ რას ითვალისწინებს, თუნდაც დღევანდელი მდგომარეობით რეგულაციები ისევ ვერ ვიპოვიდი!

საერთოდ, გვქონდა ან გვაქვს სასკოლო ექსკურსიების რეგულაციები, რომელიც არასაკმარისია და უნდა გავამკაცროთ? ალექსანდრე ჯეჯელავა, ლია გიგაური, სოფიო კილაძე, მათ იდენტურ წინადადებებს შორის ინტერვალი წელიწადნახევარია. რა გაკეთდა თქმის გარდა? რა მიემატა? რა გამოაკლდა? ვინ რა არ შეასრულა?

რაკი არ ვიცით, მე კი არა, თვითონ სკოლამაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ბედი აბარიათ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოები არიან. როცა სათავეში არიან უპასუხისმგებლოები, სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე ქაოსი ქვეყანაში. სკოლიდან მშობელზე, მშობლიდან სკოლაზე, სკოლიდან რეინჯერზე, ვიღაცისგან მძღოლზე ან სულაც არარსებულ პიროვნებაზე გადაბრალება და ასე დაუსრულებლად.

ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი მთავრობის მტერი არ ვარ. გადახედეთ განვითარებულ ქვეყნებს. როდესაც სათავეში კანონს და ქვეყანას მორგებული პირები არიან, სახელმწიფოს შემადგენელი სტრუქტურებიც დალაგებულია. არ გაქვს უფლება გადაუხვიო დაგეგმილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოგეთხოვება. ქვეყნის დალაგება და კანონიერად მოწყობა იწყება ზემოდან! ყოველთვის ვიყვირებ ამას!

ვუბრუნდები ექსკურსიებს, რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, ბავშვების ნებაზე მიშვების, ალალბედზე მგზავრობის, მშობლებისა და მასწავლებლების (გასაგები მიზეზების გამო) დაახლოების და ერთმანეთში "ათქვეფის", მოსწავლეების მხრიდან ერთმანეთის ბულინგის, ძალიან მცირედით გართობის (უფრო ღრეობის) "ცანცარის" გასვლები. მას, არასოდეს ჰქონია ის დანიშნულება რაც განვითარებულ ქვეყნებში აქვს.

და, იმის ნაცვლად შესაბამისი სამსახურები დასხდნენ, განიხილონ პრობლემები და ერთიანი სტანდარტი ჩამოაყალიბონ, დამნაშავეს ქვედა რგოლში ეძებენ. ეს ქმნის იმ განწყობას, რომ თუნდაც სკოლა ნაცვლად იმისა, რომ შეწუხდეს და პრობლემის ძებნა დაიწყოს, პასუხისმგებლობას, ზედა ინსტანციის მსგავსად თავიდან იცილებს, ყველა თავის გამართლებას ცდილობს. ამიტომ არანაირი პრობლემა არ გამოსწორდება ამჯერადაც.

ჰო, მიხეილ ჩხენკელმაც თქვა 2018 წლის 10 ივნისს "სასკოლო ექსკურსიების გამკაცრებას ვგეგმავთო" გომბორზე 4 ადამიანის სიცოცხლე, რომ ემსხვერპლა ექსკურსიას. რაში გვჭირდებოდა ამხელა მსხვერპლი, რომ ტრანსპორტის გამართულობის აუცილებლობაზე დაგვეწყო საუბარი?! მაშინ კიდეც დავწერე: ვიღაცამ უნდა უთხრას მძღოლებს ერთხელ და სამუდამოდ, რომ გომბორზე აკრძალულია ტურისტული მარშრუტები! ტურისტულ მარშრუტში შედის, როგორც უცხოელების მომსახურება, ასევე სკოლების ექსკურსიები.

შესაძლოა მძღოლი იღებს ჩვეულებრივი (გრძელი) გზის ფულს და ხალხი მიჰყავს გომბორით. ამ შემთხვევაში უნდა დაისაჯონ! უნდა დაიდგას ნიშანი გომბორთან, რომ ამ გზით ტურისტული მარშრუტები აკრძალულია!

მას შემდეგ შეიცვალა რამე? არაფერი! გადადით გომბორზე და ნახავთ! ნიშნავს თუ არა ეს, რომ ექსკურსიების რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი ფორმალურია? ადამიანებო, ეს ხომ მთელი ჯაჭვია: რა პასუხისმგებლობას უნდა აკმაყოფილებდეს ექსკურსიამძღოლი, რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას.... ამას ხომ ხელისუფლება არეგულირებს არა? მაშინ რაში იღებთ ხელფასს? რატომ გგონიათ, რომ მშობელი, სკოლა, ბავშვი, მძღოლი და კიდევ ვინ იცის ვინ, თავისით და საკუთარი გუნება-განწყობით უნდა წყვეტდეს რაღაცას?

ბევრმა ისიც თქვა გაუქმდეს ექსკურსიები, რადგან უკვე გვეშინიაო. ჩემთვის გასაგებია ეს პათოსი, რომელსაც ჩვენში არასოდეს ჰქონია ის დანიშნულება, რაც ნორმალურ ქვეყნებში. ჩვენ თავს ვიტყუებთ და ამ ილუზიებში გვინდა თავად გამოსწორდეს პრობლემები.

კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეც.მეთოდები. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობას და გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. და ეს ხდება მაშინ, როცა სწორად არის ჩამოყალიბებული ღონისძიებების მიზანი.

ვიცი რამდენიმე მაგალითი, რაც თვალში მხვდება რიგ ევროპულ ქვეყნებში რაც ხდება და დავწერ. მაგალითად, მათთვის წარმოუდგენელია, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა ერთად იქეიფონ, სადაც არ უნდა იყოს, ექსკურსიაზე თუ რესტორანში. ერთხელ დავწერე, რომ მშობლებს არ აყოფინებენ ცხვირს სკოლაში. არაერთი მშობელი მინახავს უკმაყოფილო, მაგრამ საკუთარი შვილის მასწავლებელს ხშირ შემთხვევაში სახეზე არ ცნობს. არათუ სწავლის პროცესში ვინმემ ჩარიოს ის.

წინასწარ ეწოდებათ ინფორმაცია მოსწავლეებს ვიზიტის გეგმის შესახებ: რა უნდა ნახონ, რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, სად უნდა მივიდნენ, უსაფრთხოების ზომები რას ითვალისწინებს და ასე შემდეგ.

არის მკაცრად გაწერილი სტანდარტები, რომელსაც ერგება ყველა. თუმცა დაგეგმვის პროცესში მოსწავლეს სურვილისამებრ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

ცდილობენ ექსკურსიებისთვის უფრო მეტი ფუნქციის მინიჭებას და დროს აღარ წაგართმევთ განვიხილო მეტი მაგალითი. ამის შანსი ვფიქრობ კიდევ მექნება.

ვისურვებდი უკეთესი თუ არა ანალოგიური ყოფილიყოს ჩვენთან ექსკურსია, როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც "ცანცარობის" ქაოსის, ღრეობის, ვისაც რა უნდა იმის კეთების დატვირთვა აღარ ექნებოდა მხოლოდ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს