ან სააკაშვილი უხდის ბიძინას ფულს ან პირიქით, რომ ეს ჭაობი შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში, ანუ პოლიტიკური კულტურის სიღატაკე - კვირის პალიტრა

ან სააკაშვილი უხდის ბიძინას ფულს ან პირიქით, რომ ეს ჭაობი შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში, ანუ პოლიტიკური კულტურის სიღატაკე

პოლიტიკური კულტურის სიღატაკის ფონზე, პოლიტიკური პარტიები მრავლდებიან. ჯერჯერობით ვერ ვარკვევ მათი გადალაგება-გამრავლებით ჩვენ "გვაშაყირებენ" თუ უკიდურეს სიბრიყვეს აქვს ადგილი. როგორი სასაცილოა მათგან რაიმე სახის პოლიტიკურ წონაზე საუბარი, როდესაც მათი პოლიტიკური არაადეკვატურობა უკვე სახეზეა. ვგულისხმობ იმას, რომ უკვე საუბრობენ შეძლებენ თუ არა ხალხის აყოლიებას და ვის რა რეიტინგი ექნება. შევარდნაძისდროინდელი პოლიტიკოსები, იგივე მენტალიტეტით და მიდგომებით მგონია, რომ მეჩვენებიან. აი თუ არ გჯერათ: ერთადერთი რაც მათგან მესმის არის: გავაძევოთ მოქმედი ხელისუფლება, ან დავამარცხოთ ოლიგარქი! ეს გამოცდილება გვაქვს 30 წელია შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე. გავლენები და ფული რომ გაკლდებათ და ხელისუფლების გადაგდებაზე იწყებთ საუბარს, შემდეგ კი იგივე ნაკლოვანებებით ცხოვრობთ.

არცერთი სიტყვა განვითარებაზე, სწორება წარსულზე, ყველა ყველაფერზე წამსვლელი, ერთმანეთის ბინძური ბიოგრაფიების ქექვა, საკუთარი ბიზნესის "დაკრიშვა", ხალხის ხარჯზე გამდიდრება და ბოლოს, ხელისუფლების გადაგდების სურვილი...

გარწმუნებთ, "გადაუწყვეტელი" მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება. მაგრამ, ტყუილად ჰგონია "ოცნებას", რომ ამ ფონზე მისი პირველობა მეტად გამოჩნდება. რაც უფრო ბევრ თავისნაირ პოლიტიკურ ძალას შობს, მით უფრო დაშორდება საკუთარ ხალხს.

დღევანდელი ხელისუფლება პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე, ანუ ხალხზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემის ცვლილება შესთავაზონ ხალხს, მცონარა პოლიტიკოსები "გადალაგება-გამრავლებით" გვართობენ.

საბჭოური მენტალიტეტით მართავთ ქვეყანას და ერთი მეორეს პერიოდულად ენაცვლებით. არადა, ერთიცა და მეორეც მოგვბეზრდით! როგორ შეიძლება პარლამენტში ოპონენტს შენიშვნას აძლევდე, რომ უზრდელობს და საკუთარი წრის წევრი, რომელიც უარესს აკეთებს, ამართლებდე.

როგორ შეიძლება სარალიძის მკვლელების დასჯას ითხოვდე და გირგვლიანის საქმე არაფერიაო ამბობდე, ერთი ჯგუფი მეორის კორუფციულ ინტერესებზე საუბრობდეს და თავად იგივე ცხოვრებით ცხოვრობდეს... ანუ ვისაც აქვს ძალაუფლება, ქვეყანაც იმისია.

თუ ასე გაგრძელდა, ვიფიქრებ რომ ამგვარად პროცესების განვითარება შეგნებულად ხდება. ისევე როგორც "ოცნება" "ნაცების" გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. სულ ვფიქრობ, რომ ან სააკაშვილი უხდის ბიძინას ფულს ან პირიქით, რომ ეს ჭაობი შენარჩუნდეს ამ ქვეყანაში.

ან იმ ხალხის ტვინში ჩამახედა, სერიოზულად რომ მსჯელობს მიშას დაბრუნებაზე და ტელეეკრანიდან ხალხსაც აჯერებს ამ აზრს. ღიად მითქვამს რაც კარგი გააკეთა და რა იყო სწორი მიდგომა, სისხლიანი 9 წლის ძახილის ფონზე, ისევე როგორც, როცა ყველა "ნაციონალების" ხელფასებს ეფარებოდით, მე ხმამაღლა გავყვიროდი მათ დანაშაულებებზე, ამიტომ დღესაც პირდაპირ გეტყვით: ხომ უნდა შეიგნოთ, - მან თავის დრო მოჭამა. ადამიანი შესაძლოა დარჩეს ამ ქვეყანაზე, მაგრამ მისი დრო უკვე წასული იყოს. მით უფრო პოლიტიკაში. მიშას დრო საქართველოს პოლიტიკაში დასრულებულია!

აქვე, ეს საპარლამენტო და ოპოზიციური შემადგენლობა უნდა წავიდეს! ცვლილებები და ქვეყნის პრობლემების გამოსწორება უნდა იწყებოდეს ზემოდან! ხალხზე ყველაფრის გადაბრალება, რომელიც ხახვისა და კარტოფილის მათხოვრებად აქციეთ, არის მცდარი! მაგალითი უნდა მოდიოდეს ზემოდან. კორუმპირებული პოლიტიკოსები და კლანური პარტიები, რომლებიც ფულის შოვნის მიზნით პერიოდულად აქეთ-იქით მონაცვლეობენ ქვეყანას ვერასოდეს დაალაგებენ, ხალხს განვითარებაზე ვერ დაელაპარაკებიან.

გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს, მასზე ყოველთვის ვწერ ჩემს ბლოგებში და ვიდრე ხალხი ძალას გამოიყენებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატიოსან ადამიანებს ასპარეზი უნდა მისცეთ.

პოლიტიკური კულტურით ღატაკ და სახელმწიფოებრივი იდეების არმქონე პოლიტიკურ ძალას კი ხალხი ყოველთვის ეტყვის არას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს