20 ივნისი საკუთარი, ახალი თაობისთვის თვალების დათხრის ოპერაციის დღეა!
20 ივნისი საკუთარი, ახალი თაობისთვის თვალების დათხრის ოპერაციის დღეა!
ქართველი ხალხის ფსიქოლოგიური და მენტალური ოკუპაცია რუსეთმა კარგა ხანია დაასრულა. ჩანს, ახლაც შესწევს ძალა არიოს აქ სიტუაცია, მაგრამ ამას ხომ ვერ მოახერხებდა შიდა საყრდენის გარეშე? იქნებ გვეფიქრა, რომ ამ შიდა დაპირისპირებებით ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ უკვე წლების მანძილზე.

რუსებს, მიუხედავად თავისი რწმენისა და განათლებისა, არ შეუძლიათ ძალადობის, სიბილწის, მტრობის გარეშე. ჩვენ, რომლებიც თაობებია ვცხოვრობთ ერთი და იმავე აზროვნების ყალიბში, უნდა შევცვალოთ ის, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს.
მტკივა და განვიცდი
20 ივნისს, მაგრამ მერამდენედ!

პოლიტიკოსებს, რომელთაც საკუთარი პოსტების შენარჩუნება თუ ძალაუფლების მოპოვება, ხალხისა და სიმართლის თავზე გადავლის ფასად უღირთ, იქ რეალური შედეგი ვერასოდეს დადგება.

როცა შიდა დაპირისპირებას ხელს უწყობ შენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, იქ სასურველი შედეგი ვერ იქნება.
როდესაც ძალადობის სურვილი ჩნდება და სადღაც შევარდნის
მოწოდებას ამართლებ, შემდეგ კი არ იცი რა გინდა, არც აქედან ელოდოთ სასურველ შედეგს.

როცა ერთი ძალაუფლება მეორეთი იმიტომ იცვლება, რომ იგივე სისტემით, იგივე მიდგომებით და შეცდომებით სხვამ იცხოვროს, ვერც აქედან მივიღებთ შედეგს!

ამდენი ყალბი და ვითომ ქვეყნის სიყვარულს ამოფარებული პოლიტიკოსი რომ გვყავს და ამდენი ცრუ, მოძალადე და "ჩალიჩით" მცხოვრები მოქალაქე, ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით შეუძლებელია.

ახლა ვსვამ შეკითხვას: კობახიძე გადადგა, მაგრამ კობახიძისნაირს ვერ დანიშნავენ? ვგულისხმობ, რასაც უბრძანებენ იმას, რომ გააკეთებს? გადადგეს გახარია, მაგრამ მეორე გახარიათი ვერ ჩანაცვლდება? კარგით, წავიდა ერთ დღეს "ოცნების" ბირთვი, მართლა ფიქრობთ, რომ მაგალითად გვარამია (რომელიც 100-ჯერ მაინც ანტისახელმწიფოებრივ სვლას აკეთებს ტელეეკრანიდან, რაც ცალსახად აკრძალულია ევროპულ ქვეყნებში) ან სააკაშვილი (რომელსაც ეს ქვეყანა უკვე ფეხებზე ჰკიდია და ამიტომ სხვა მაგალითებს აქ არ ჩამოვთვლი) რამეს უკეთესობისკენ შეცვლის?

უსუსური ოპოზიციის ყველა "ყვირილი" მხოლოდ იმიტომ მართლდება, რომ მოქმედი ხელისუფლება მოგვბეზრდა. მე კი გეუბნებით სახელისა და გვარის ცვლილებებს არანაირი აზრი არ აქვს. უნდა დავიწყოთ სისტემურ ცვლილებებზე ფიქრი და პირველ რიგში რუსულ-საბჭოური მენტალიტეტი მოვიცილოთ, რომ მონური ფსიქოლოგია დავძლიოთ, ოკუპაცია დავძლიოთ!

რუსეთი ჩვენი "ტვინების ოკუპაციას" კვლავაც შეძლებს, ვიდრე იქნება კლანური კოლექტივიზმი, გავლენები, კანონის უპატივცემულობა, ძალადობა, ხელისუფლების საზოგადოებისგან გამიჯვნა, შერჩევითი სამართალი, კორუმპირებული ჩინოვნიკები, მატყუარა და გამომძალველი მოქალაქეები, ქუჩური გარჩევები პოლიტიკასა თუ ხალხში... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ბევრია სათქმელი.
შესაძლოა მიტინგზე უნდა ვიდგე და ემოციურ სიტყვებს ვაფრქვევდე, მაგრამ ჩვენი მტერი არის რუსულ-საბჭოური აზროვნება. "საბჭოთამ" გაძარცვა ჩვენი აზროვნება და დღესაც ნამდვილ შრომას კორუფციას ვამჯობინებთ. გვირჩევნია მდიდარს წავართვათ, ვიდრე მიწა თავად დავამუშაოთ. გვირჩევნია "ჩვენიანი" გადავარჩინოთ, ვიდრე ჭეშმარიტებას ვემსახუროთ, კანონი დავიცვათ...

მე პირადად მომბეზრდა ხელისუფლებების ცვლილება, ხოლო სისტემური დამოკიდებულებები იგივე, თავისი მონოპოლიზებული სიმართლით! 20 ივნისის მოვლენებმა მინდა დაგვაფიქროს ჩვენს ნაკლოვანებებზე, დავიწყოთ ძირეული ცვლილებები. სურვილი მაინც გაგვიჩნდეს შევცვალოთ არსებითი და ქვეყანა ქვეყანას დავამსგავსოთ.
30 წელი რატომ ვერ მოვახერხეთ შევთანხმებულიყავით საერთო პრინციპებზე, რომელიც უკლებლივ ყველასთვის, პრეზიდენტიდან დაწყებული უკანასკნელ მოქალაქემდე ერთნაირად იმუშავებდა, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია?! ჩვენი განვითარებისა და გადარჩენის გასაღები არის აქ და არა სხვაგან, თუნდაც ევროპაში.

უკვე ბოლო ხმაზე ვყვირი: ვეღარ ვიტან ჩემს ქვეყანას, რომელიც ისევ საბჭოთა აზროვნებით ცხოვრობს, მხოლოდ რუსეთს აცხადებს მტრად და საკუთარი რეალური ნაკლოვანებების დანახვა არ უნდა!

მე მაინც მგონია, თუ გვინდა სხვა განზომილებაში გადავიდეთ, უნდა შევცვალოთ ის ნიადაგი, რომელზეც მანკიერი წრის ბმულობანი იბადება. მაგრამ პირველ რიგში ჭაობიდან ამოსვლა უნდა გვინდოდეს. იმ ჭაობიდან რომელიც ახალ-ახალ 20 ივნისს შობს!

20 ივნისი კი საკუთარი, ახალი თაობისთვის თვალების დათხრის ოპერაციის დღეა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ინა
16 ოქტომბერი 2019 17:05
20 ივნისი ქალბატონო, სახელმწიფო გადატრიალების და ძმათა დაპირისპირების მცდელობის დღე იყო. მადლობა გახარიას, რომ ქვეყანა გადაარჩინა.
levani
07 აგვისტო 2019 09:38
ამერიკა არქიფო სეთურივით გექცევა ვერ ხედავ
ადამიანი
24 ივნისი 2019 04:37
თითქმის გეთანხმები. გამახსენდა კაცია ადამიანი და რა გითხრათ, რით გაგახაროთ..... და ილია მოვკალით! ისე, ხელისუფლებაში მაინც ვიღაც უნდა იყოს.ვინ და როგორ? ეს უკვე არჩევნების ცოდნაზეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
დღის კითხვადი სტატიები