"ასე ხელცარიელებს არ გვინდა სახლში დაბრუნება", ანუ უცხო მიწაზე გადახდენილი ამბები - კვირის პალიტრა

"ასე ხელცარიელებს არ გვინდა სახლში დაბრუნება", ანუ უცხო მიწაზე გადახდენილი ამბები

ქართულ მთებში ხეტიალს მაინც ვერაფერზე გავცვლი. წელსაც ასე იყო, მაგრამ აქ უცხო მიწაზე გადახდენილ ამბებს ვიგონებ. მიუხედავად პოლიტიკურად ცხელი ზაფხულისა, თავს ნებას ვაძლევ აგვისტოს პირველივე ბლოგი პოლიტიკაზე არ დავწერო.

ცოტა უცნაური ქალი იყო ჩემი ლექტორი ინგლისის ერთ-ერთ კოლეჯში, ერთობ ემოციური. საგნის ახსნაზე მეტად საუბარში საკუთარი ცხოვრების დეტალებს ურთავდა ხშირად და მერე თავად ხალისობდა. ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არაერთი სტუდენტი გვყავდა.

სწავლის დაწყების მეორე დღეა, ჰელენი შემართებით საუბრობს რაღაცაზე, შეკითხვა დასვა, მერე, უცებ ჩვენკენ მოტრიალდა და თქვა: "შენ" და თან ხელი გამოიშვირა. ვაიმე, მგონი ვერა ვარ კარგად-მეთქი - გავიფიქრე. თითქოს ქართულად მომმართა შენ მიპასუხეო და გავუღიმე. ამ დროს ჩემს უკან ერთი სტუდენტის იქით მჯდარმა ტაილანდელმა გოგომ უპასუხა. აღმოჩნდა ტაილანდში ცნობილი გვარია "Shen" და ეს "შენ" ჩემი ჯგუფელია.

წესი იყო ასეთი, ლექციის დასაწყისში ჩვენი სტუდბილეთები ადმინისტრატორისთვის უნდა ჩაგვებარებინა. ჰოდა, იმ დღითაც თავი შემოყო აუდიტორიაში ბარათები შეაგროვეთო. მოგრძო მაგიდაზე უკნიდან გამოცურებული სტუდენტის ბარათი ჩემთან გაჩერდა და მეც ინსტიქტურად დავაკვირდი. სახელის ადგილას წერია Hew Shen (ხუი შენ, გადავთარგმნე გულში) და ამ დროს მესმის თქვენ ნაინოუ გქვიათ თუ ნინოუ? თან ჩემი ბარათი ცალი თითით წინ მიიწია. ეს ის გოგოა, ტაილანდელი შენ, ერთი სტუდენტის იქით მჯდომი. მე ვუღიმი და ვუმარცვლავ უბრალოდ ნინო, ნი-ნო. "რა უცნაური სახელია", - ამბობს.

მეც არ დავაყოვნე და შევაგებე "ხუი შენ" თქვენა გქვიათ და კიდევ ჩემი სახელია უცნაური? რა თქმა უნდა, ვერ გაიგო რას ვგულისხმობდი და მარტომ ვიცინე. ორ თვეში ეს გოგო ჩვენი ჯგუფიდან სადღაც გაქრა.

*** ჩემ ყოფილ მენეჯერზე ჰელენ მაკარტნიზეც უნდა მოგიყვეთ (ერთ დროს ინგლისში "ამაზონის" ქვეკონტრაქტორ კომპანიაში ვმუშაობდი) მოქანდა ერთ დღეს და ჩემს კოლეგებს გამოუცხადა: "არ მაინტერესებს! ხვალიდან ვინც დააგვიანებს, დაგაყენებთ და ნინოს გვარს გათქმევინებთ. ვინც ვერ გამოთქვამს დაგითხოვთ სამსახურიდან!"

მარტო მე გამეღიმა, ისიც ოდნავ, რადგან ჰელენი ცხარობდა. მერე "გავბრაზდი" ჩემი გვარი რა "სადამსჯელო ოპერაციისთვის" გამოსაყენებელია-მეთქი. ინგლისურად წარმოვიდგინე ერთი ბგერა მინიმუმ 2 ასოთი, რომ იწერება Tskhvarashvili (უჰ...).

მეორე დღიდან ჩემი გვარის შიშით არავის დაუგვიანია. უბრალოდ, დადიოდნენ საწყალი ბავშვები და ყოველი შემთხვევისთვის მეკითხებოდნენ "ც" და "ხ"ერთად როგორ ვთქვათ, ქართული აქცენტით როგორ ჟღერს შენი გვარი და ბოლოს ეს "შვილი" რაღა საჭიროაო.

მოკლედ, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთში თუ ვინმე კარგად გამოთქვამს ცხვარაშვილს ან მსგავსი სირთულის გვარს იცოდეთ, რომ მისი მასწავლებელი მე ვიყავი!

*** იშვიათად ვიყენებდი ავტობუსს. უსწრაფესი მეტრო და იმისი ჯანი-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ, რას იზამ ყოველთვის ისე არ ხდება შენ რომ გინდა. ერთ დღეს ავტობუსიც დამჭირდა. იქ ყველაფერს თავის წესები აქვს. მაგალითად, არავინ ყვირის "რომ გადახვალ გამიჩერე" მიმაგრებულ ზარს აჭერ ხელს და მძღოლთან ინთება, რომ შემდეგ გაჩერებაზე უნდა გააჩეროს.

მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, ჩემს გაგზავნილ სიგნალს ქართული ხმაც გავაყოლე "Are you stopping there?" და "ვახ" მივაყოლე. ბავშვიანი ქალი, რომელიც ჩემს წინ იდგა ნელა შემობრუნდა და დამაკვირდა. უხერხულობა ვიგრძენი, ამ დალაგებულ ქვეყანაში ნეტავ დისკომფორტი ხომ არ შევიტანე-მეთქი. "ქართველი ხართ?" - მეკითხება. მე თავს ვუქნევ "თქვენ?" ჩემს შეკითხვაზე თბილად იღიმის და მეკითხება: "ისევ ლამაზია რუსთაველის გამზირი?" გავიფიქრე, ალბათ ტურისტი იყო საქართველოში, მაგრამ მაინც ვკითხე უკვე ქართულად - თქვენც ქართველი ხართ-მეთქი? - მიპასუხა: - არა, არ მესმის ქართული, მაგრამ ეს სიტყვები ნაცნობია, ინტონაციაც... მე აფხაზი ვარ. მას შემდეგ რაც ახლობლები დამეხოცა და ყველაფერი გამინადგურდა ომის შემდეგ აქ ვცხოვრობ, ლტოლვილად. ჩემი შვილები აქ დაიბადნენ... ამას არ ამბობდა აგრესიით, ჩემდამი, როგორც ქართველისადმი ცუდი დამოკიდებულებით.

"ისე, როგორ მოვკვდები, ჩემს ბავშვებს თბილისი არ ვანახო", - თქვა მან და მე გულში რაღაც ჩამწყდა. რაღაცნაირი გრძნობები ამერ-დამერია სულში. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ისევ თვითონ მითხრა, მოვა დრო და ერთად ვიცხოვრებთო. ძლივს ამოვილუღლუღე ორი სიტყვა და ქალს ბავშვზე შემოხვეულ ხელზე მოვეფერე.

*** წვიმამ გადაიღო თუ არა ლონდონის ცენტრში, ოქსფორდ სტრიტზე გავედი. ნელ-ნელა მივუყვებოდი ქუჩას და მაღაზიებს ვათვალიერებდი.

უცებ ზურგიდან ქართული ლაპარაკი მესმის: "ეგ უვარგისი იქნება, ბიჭო". უკან მოვიხედე. ორი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა რაღაცას არჩევდა. ინსტინქტურად უკან გავყევი. ერთ-ერთ კუთხეში შეუხვიეს და კუთხის კიდეზე მდგარ ჩანთას ორი ბოთლი დაამატეს. რატომღაც გავიფიქრე, ალბათ ძალიან უჭირთ, რაღაცეებს აგროვებენ. ამ დროს ერთ-ერთმა ჩანთის თავს ხელები მოკიდა და აქეთ-იქით შეანჯღრია... მერე ხურდების თვლა დაიწყეს.

გული ოდნავ ამიჩქარდა. გავიფიქრე, მივიდე თუ უხერხულია?! მივიდე თუ უხერხულია?! მივედი. ერთ-ერთ მათგანს ძალიან გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა..

- ბიჭებო, როგორ ხართ? - ვეკითხები. უხალისოდ შემომხედეს. - მაპატიეთ, ქართველებით საზღვარგარეთ ვერავის გააკვირვებ. ბევრნი ვართ. მაგრამ, ქართული ლაპარაკი მომენატრა და ხმა, რომ გავიგე შემოგეხმიანეთ. ხომ არაფერი გიჭირთ?

- არა, ვჯახირობთ ჩვენთვის და ვართ! - მიპასუხა ერთ-ერთმა პაუზის შემდეგ. მეც ჭირვეულად დავიწყე: - დედას გაფიცებთ, ცუდად არ მიიღოთ, როგორც ჩემს ძმებს ისე გეუბნებით, მცირედი თანხა მაქვს გადადებული ყოველი შემთხვევისთვის. თუ გინდათ, მოგცემთ და სახლში დაბრუნდით. თუ გამიჭირდება, ჩემს მეგობრებს დავურეკავ და დამეხმარებიან..

- ასე ხელცარიელებს არ გვინდა სახლში დაბრუნება. მაწყვეტინებს მეორე.

- ხომ, მაგრამ, ალბათ ოჯახი გაგიგებთ. ჩავილაპარაკე ჩემთვის. პირველის მობილური რეკავს. როგორც მივხვდი დედა ურეკავს, -კარგად დე, შენ როგორ ხარ?

- არა მიშავს, შვილო (ტელეფონიდან ხმა კარგად მესმის). აქ რაღაც სიტუაცია აირია, გამოსვლებია, ყველაფერი გაძვირდა, ცხოვრება უკან-უკან მიდის. მანდ ჯობია შვილო!

ერთ წამს სუნთქვა შევწყვიტე.

ბიჭებს აღარ დაველოდე. გაოგნებული შემოვბრუნდი და დაუმშვიდობებლად გზა განვაგრძე.

ნაწვიმარია და ოდნავ გრილა. წვიმის შემდეგ, ლონდონის ქუჩები სავსეა დამტვრეული და აქა-იქ მიყრილ-მოყრილი ქოლგებით.