სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა კარგა ხანია ყველას ფეხებზე ჰკიდია... ჩვენ, ყველა, ერთმანეთს გადამტერებული ნამცეცა ჯგუფები ვართ - კვირის პალიტრა

სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა კარგა ხანია ყველას ფეხებზე ჰკიდია... ჩვენ, ყველა, ერთმანეთს გადამტერებული ნამცეცა ჯგუფები ვართ

არც ერთი ემოცია არ არის სუფთა. ყველაფერს შიში და სიძულვილის გრძნობა ერევა. ყოველი "ბრძოლა" მხოლოდ ვიწრო პიროვნული ან, უკიდურეს შემთხვევაში, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ტოლია. დღეს ქართველთა უმრავლესობას უკიდურესი ამპარტავნება და ამბიციები აბრმავებს, - რეალობა დაინახოს. ის რაც დღეს ხდება, ლამის ვოლტერისეული ირონიით ე. წ "ანბანური ჭეშმარიტების" სიყალბეს ამხელს. ჩვენ ყველა ნამცეცა ჯგუფებად ვიქეცით, სადაც აღარ არსებობს შეგნება.

სიმართლე, სამშობლო და ევროპულობა, ერთობ შორს არის ამ ნამცეცა ჯგუფებისგან, რის სახელითაც ყველაფერს ურევენ ქვეყანაში.

ხელისუფლება? ხელისუფლების წარმომადგენლები დროთა განმავლობაში გამოიწვრთნენ და უკვე ძალზე დამაჯერებლად საუბრობენ, იმის შესახებ, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. ორი ბოროტებიდან ყოველთვის უმცირესს ირჩევენ და ჩაგვაგონებენ, რომ არ გავცდეთ შესაძლებლობების ფარგლებს.

როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლებების ხვედრი - წარსულის ხმაურიანი აღაპია. ეს არის და ეს. სურვილი თავისთავად უმიზნოა - მართლაც რა მონების საქმეა აღშფოთება. მით უფრო, როცა პოლიტიკაში ხშირად უვიცობას ავლენ.

როგორი სიბრიყვეა ომის დაწყებაზე კამათი და მით უფრო დაპირისპირება. მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარეს არის სიმართლე, უბრალოდ, დღეს ამ საკითხის გარჩევა ნიშნავს ქვეყნის წამგებიან პოზიციას და რუსეთის ცალსახა გამარჯვებას.

მედია? დღეს მედია ჭეშმარიტებას არ გამოხატავს! ის, უბრალოდ თავის თავს გამოხატავს და ამაში ცუდი ისაა, რომ საკუთარი თავის აღვირახსნილ სიყვარულს აქცევს კულტად და შემდეგ, მას მთელს საზოგადოებას ახვევს თავს (ჩვენს გარეშე ქვეყანას მომავალი არ ექნებაო).

ხან ერთი ტელევიზია ქმნის ბელადებს და კერძო სამართალს, ხან - მეორე. ხან ერთი ტელევიზიაა "მსხვერპლი" ხან მეორე.

სიტყვის თავისუფლება? გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოხტომისა და მეტიჩრობის თავისუფლების ხარისხი დღევანდელ საქართველოში ძალზედ მაღალია.

ალტერნატიული გზები? სინამდვილეში ყველა დარგში ვაყალიბებთ სისტემას, რომელიც არაპროფესიულ, საშიშ გარემოს ქმნის...

ევროპულობა? უბრალოდ, ეს მაგიურ სიტყვებად იქცა, რომლის ამაყად თქმის შემდეგ, შეიძლება ყველაფერი გეპატიოს, ან მაქსიმუმ მოღალატედ მაინც არ შეგრაცხონ. რეალურად კი, წლებია ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ.

ბრძოლა? ბრძოლის სიძლიერე მოხვეჭილი ქონების დაცვის ტოლფასია!

ქვეყანა? სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა კარგა ხანია ყველას ფეხებზე ჰკიდია. ჩვენთან მხოლოდ ხელისუფლებები იცვლება! სისტემური დამოკიდებულებები კი იგივე რჩება, თავისი მონოპოლიზებული სიმართლით. გთხოვთ დაარქვათ საგნებს თავისი სახელი! მესამე ძალა სწორედ ის იქნებოდა, ვინც ქვეყნის ინტერესებს მოარგებდა სისტემას... ორივე მოქიშპე მხარე ბინძურია და ხალხს არწმუნებს მესამე ძალა ამ ქვეყანაში გამორიცხეთო.

საქმე ის არის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უკვე გადაჭამეს, მაგრამ არ ჩერდებიან... (ალბათ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, ამით განვსხვავდებით!?). ჭამის პროცესში არ სცალიათ, თორემ რაიმეს მაინც ხომ გვეტყოდნენ, რა გველის უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

უფლებები? მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი გუშინდელი კანონდამრღვევები ან მკვლელები, დღეს ადამიანის უფლებების დამცველები ხდებოდნენ?! მთავარია მოიპოვოთ ძალაუფლება და მორჩილების პრინციპით ყველა დანაშაული გეპატიებათ.

რეალობა? რეალობას ახლა მხოლოდ პოლიტეკონომია და ფინანსური ბაზრის ლოგიკა განაპირობებს. სიღატაკე - უკვე ჩვენი ქვეყნის ქრონიკულ ავადმყოფობად იქცა. უზარმაზარ სოციალურ პრობლემებზე ჩანს, ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის. ჯერ არ მოსულა სათავეში ისეთი ხელისუფლება, რომელსაც "უფლებამოსილი" ადამიანები აწყობს.

ერთმანეთს გადამტერებულ ნამცეცა ჯგუფებს შევახსენებდი: ძლიერი სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა, ყველა თავისი მოქალაქისთვის სამართლიანი სახელმწიფოა. ზნეობა კი, მართალია ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ის, ასევე აუცილებელია სახელმწიფოსთვისაც. უღირსი და უზნეო სახელმწიფო, ვერ გახდება, ვერც სამართლიანი და ვერც ძლიერი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს