თუ არ აპირებ შეასრულო ბიძინას დავალებები, მაშ, რატომ ასრულებ მიშას დავალებებს?! - კვირის პალიტრა

თუ არ აპირებ შეასრულო ბიძინას დავალებები, მაშ, რატომ ასრულებ მიშას დავალებებს?!

ნინო ცხვარაშვილის ბლოგი

თუ არ აპირებ შეასრულო ბიძინა ივანიშვილის დავალებები და პროტესტის ნიშნად ტოვებ ტელევიზიას, მაშ, რატომ ასრულებ მიხეილ სააკაშვილის დავალებებს და რიგ შემთხვევებში იყენებ მის მიერ დაწერილ ტექსტებს? რომელს ჰქვია თავისუფლება და რომელს - მონობა? მე, ერთობ მიჭირს ამის გარჩევა.

სრული "ხლამია" სატელევიზიო მედიაში და როგორი რთულია რამე თქვა ამ დროს. ჩვენს ქვეყანაში კოლეგიალობა უფრო წინ დგას, კლანური გაერთიანებები უფრო წინ დგას, ვიდრე სიმართლე. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვინმეზე მართალი ვარ, უბრალოდ ეს დაუსრულებელი კოლეგიალობის გრძნობა (რომელიც საბჭოთა მენტალიტეტის ნაწილია) ტყუილის შემთხვევაშიც კი შთანთქავს სიმართლეს.

თავის დროზე მიშა სააკაშვილის მხრიდან ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვა იყო აბსოლუტურად სწორი გათვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუციური განწყობიდან და ფორიაქიდან ქვეყანა ვერ გამოვიდოდა და ეს სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან კავშირში არ არის. ბოდიში, მე ასე ვხედავ და მჯერა, რომ ვიღაცა შინაგანად იმავეს გრძნობს.

იგივე მიშას მხრიდან "იმედის" დარბევა და დახურვა იყო ტოტალური შეცდომა და დანაშაული. აქ სხვა კონტენტია და სიამოვნებით გავშლიდი ამის დრო და საშუალება, რომ მქონდეს.

ნებისმიერ ჩემს კოლეგას, მიუხედავად იმისა ვეთანხმები თუ არა მის პოზიციას, პატივს ვცემ. მაგრამ, არასოდეს დამიყენებია რომელიმე მათგანი სიმართლეზე წინ. გთხოვთ გადახედეთ რას ნიშნავს ევროპის ქვეყნებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გთხოვთ და მიხვდებით, რომ რადიკალურად დამახინჯებული პოზიციას ატარებს ქართული მედია.

დღეს, მედიას აქვს ბერკეტი წარმოაჩინოს რეალური პრობლემები. სინამდვილეში კი დაწყებულ ქაოსს აღრმავებს. ვითომ საქმეს აკეთებს. პატიოსანი ჟურნალისტის ფიგურა ან არსებობს, ან - არა. თუ არ არის, მას ქადაგებით, ან სიტყვიერი ფორმულირებით ვერ გამოიგონებ. როცა ყველაფერს ფული და ქონება შთანთქავს, შეუძლებელია საკუთარ თავს უწოდებდე მებრძოლს, დემოკრატიულს, ევროპულს და მთავარს.

რაც შეეხება "რუსთავი-2", როგორც "თავისუფლებისთვის მებრძოლ ეტალონს" მაპატიეთ, ბატონებო, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში ცრუობს. დემოკრატიული მედია არ აქეზებს ძალადობას და უცენზურო ლექსიკას. როგორი სასაცილოა ვიღაცის გინების გამო, თუნდაც ის პუტინი იყოს ევროპული სტანდარტის ჟურნალისტი გერქვას. იარლიყი არ მომაწეროთ. პუტინის დედაც...

მაშინ გაბუნია დავიცავი, უფრო სწორად მეცინებოდა "ოცნების" ლიდერების სერიოზული სახეებით ნათქვამზე, რომ ამ გინების გამო რუსეთს ომი არ დაეწყო. ასეთი ქმედება კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა, რომ "ოცნება" და "ნაციონალები" უნისონში მოქმედებენ. აქ იმის თქმა მინდა, რომ ამგვარი ქცევა და გამოხატვის თავისუფლება ცალსახად არ არის ევროპული სტანდარტი.

მანამდე, რამდენჯერ იყო აბსოლუტურად არაობიექტური, ანგაჟირებული, ლანძღვით სავსე გადაცემები. როგორ აღმაშფოთა იმ ამბავმა, რომ გადაცემაში მიწვეულმა, თუნდაც ჩემთვის პატივსაცემმა ექსპერტმაც ვერ გაუბედა გვარამიას და შეკითხვაზე: "უნდა ვიგინებოდე თუ არა ეთერში" ვერ უთხრა, არა! საკუთარი დამონებული და აბსოლუტურად არაჯანსაღი წრიდან, როგორი იოლია სხვას ეძახდე მონას!

დრო გამოაჩენს გვარამიამ მარტომ ითამაშა საკუთარ ფლანგზე თავისივე თამაში, რომ მეორე სუნთქვისთვის გზა გაეხსნა, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებით? ამიტომ "რუსთავიორელებმა" პასუხი პირველ რიგში გვარამიას უნდა მოჰკითხოთ.

ევროპულ მედიაში სჯერათ, რომ ობიექტურობისა და კანონის გარეშე თავისუფალი სიტყვა, ნებაზე მიშვებული სიტყვაა, რომელიც ბოროტებას ამართლებს და ამას დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მაღალი სტანდარტების მედიაში არ მიაჩნიათ, რომ მედიამ აუცილებლად უნდა თქვას რაღაც და ეს რაღაც მაინცდამაინც ვიღაცის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. პირიქით, მან უნდა თქვას ის რაც აუცილებელია ხალხისა და ქვეყნისათვის. გადმოსცეს ობიექტური ინფორმაცია, რაც ერთობ იშვიათია ქართულ მედიაში.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკა არ აქვთ წარმოდგენილი, როგორც მხოლოდ დავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რასაც აქტიურად აკეთებს ქართული მედია. ევროპულ მედიაში არ ჰგონიათ, რომ მედია მაინცდამაინც მტერი უნდა იყოს ხელისუფლების. რადგან, პირველ რიგში თავად არ დაუშვებენ უღირს ხელისუფლებას სათავეში. იქ ხელისუფლება და მედია ერთ თამაშს თამაშობს ქვეყნისთვის.

როგორ ვინატრებდი ასეთ ქვეყანაში გამეღვიძა ერთ დღეს.

აქ კი რა ხდება? ფულზე მოთამაშე ხელისუფლება და ბიზნესმენები მედიის ბედისწერას როდესაც გაეხარდებათ მაშინ დებენ სასწორზე. ფულზე მოთამაშე მედია კი, როცა უნდა მაშინ წირავს საკუთარ ხალხს.

არ იფიქროთ, "რუსთავი 2" - თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვამართლებდე, უბრალოდ, სხვას ეძახდე ვიღაცის მონას, როდესაც თავად ხარ უკიდურესად რადიკალურ პარტიული ტელევიზია, სულ ცოტა, უხერხულია.

ამ შემთხვევაში ყველა სატელევიზიო სივრცეზე ვიტყვი პარტიულ ტელევიზიებს ყველაფერი სანახაობის დონეზე დაჰყავთ.

როგორ მაღიზიანებს ფრაზა: "არ გამოგივათ, ვერ წაიღებთ". გეგონება ერთი უბნის ძველი ბიჭები სხვა უბნის ამავე კატეგორიის ბიჭებს ებრძვიან. ეს უფრო ცხოველურ ომს ჰგავს. ომს, რომელიც წლებია გრძელდება. მილიონების შოვნის ან, თანამდებობების დაკავების მიზნით იბრძვიან და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამიტომ არის ჩვენი ხალხი მუდამ წაგებულ მდგომარეობაში.

პასუხისმგებლობა, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია, ეკისრება ხელისუფლებას. იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს არაჯანსაღია. რომლისთვისაც მისაღებია ადამიანების ორ კატეგორიად: მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა, რომელიც მუდმივად ქმნის გაუთავებელი კრიზისის განწყობას, რომელიც არის დამნაშავე, ტენდენციური და კორუმპირებული...

ვიდრე იარსებებენ მედიამფლობელები, რომლებიც დემოკრატიის სახელით ხალხს გააბრუებენ და საკუთარ რედაქციებში ექსპლუატაციურ-მონური პირობები ექნებათ, ხელს შეუშლიან მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკის შექმნას.

ვიდრე სრულიად ბნელი საიდუმლო ბრძოლა-თამაშებით ხართ გართული, შეგახსენებთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა ვიწრო პარტიულ მედია-საშუალებებზე, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს