ევროპულ ოჯახებში ნაკლებად ნახავთ "სტენკას" "სერვანდს"... ეს საბჭოურ-მეშჩანური ქცევები ჩვენს სულებშია მოკალათებული, ანუ "გაჭინთული პატივმოყვარეობა" - კვირის პალიტრა

ევროპულ ოჯახებში ნაკლებად ნახავთ "სტენკას" "სერვანდს"... ეს საბჭოურ-მეშჩანური ქცევები ჩვენს სულებშია მოკალათებული, ანუ "გაჭინთული პატივმოყვარეობა"

უცნაური ჩვევა ჰქონდა ბებიას. წაკითხული გაზეთებიდან რაც მოსწონდა გარკვეული მოსაზრებები იქნებოდა ეს თუ კულინარიული რეცეპტები, ჭრიდა და უჯრაში ინახავდა. ხანდახან დავცინოდი კიდეც, როდესაც აღმოვაჩენდი ერთ კუშად შეკრულ გაზეთებიდან ამოჭრილ პატარ-პატარა ქაღალდების გროვას. ერთ დღეს, როდესაც უჯრას ვულაგებდი საკმაოდ საინტერესო მოსაზრება ვიპოვე და ის ჩემთვის შევინახე. ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა სულ ახლახან საკუთარ წიგნებში ბებიის მიერ გამოჭრილი, უკვე გაყვითლებული გაზეთის ნაჭერი ვიპოვე.

მოკლედ, ეს არის 1990 წლით დათარიღებული ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული მერაბ მამარდაშვილის ინტერვიუდან ბოლო ციტატა, საკმაოდ დამაინტრიგებელი სათაურით: "შპიონის ცხოვრება". ის თბილისის ურბანულ გარემოს აფასებდა.

"შეხედეთ თბილისის სახლებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივ სივრცეს. ეს ფიზიკური გამოხატულებაა ჩვენი ურთიერთობებისა Respublicas-თან, საზოგადოებრივ საქმესთან. ბინძური ალაყაფის კარები, დაძველებული სახლები, ვირთხებიც კი, დანგრევის პირას მისული კედლები.. ასეთია გარეგანი სახე. სამაგიეროდ, შიგნით - ნივთებით, მაღალხარისხიანი იმპორტული აპარატურით გამოტენილი კეთილმოწყობილი ბინები... ეს ატმოსფერო ასახავს ქართველების თვითპატივისცემას, რომელიც, როგორც გითხარით ნაკლებად აქვთ რუსებს. ეს გაჭინთული პატივისცემა, რომელიც აკვიატებას ესაზღვრება..."

ბუნებრივია, ამ სიტყვების გამოქვეყნებიდან დღემდე მკვეთრად შეიცვალა საცხოვრისის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ყურადღება მიექცა ბინების შიდა-ფუნქციურ გეგმარებით წყობას, დედაქალაქის ურბანიზაციას და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეცვლილა ყველაზე მთავარი ჩვენს მენტალიტეტში. საკითხი, რომლის გარშემოც მუდამ მინდოდა დამეწერა დიდი ფილოსოფოსის ამ სიტყვებმა კიდევ უფრო წამახალისა. ეს არის ქართველების ქცევა, რომელიც მუდამ მეჩოთირებოდა და ახსნას ვერ ვუძებნიდი.

ერთგვარი "კულტურა" რომელიც ჩვენს ყოფით ცხოვრებას მუდამ სდევს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს არის ჩვენი "გამოტენილი" სახლები. ყველაზე ვწერ, ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ნივთი იყოს. ის უნდა იყოს გამოცალკევებული სხვა დანარჩენისგან. ხელმომჭირნე ოჯახსაც კი უნდა ედგას ე. წ "სერვანდი", სადაც გამოფენილია ჭურჭელი, რომელსაც ზოგჯერ ისე იხოცებიან, რომ არ ხმარობენ. თუნდაც ბებიას რაღაც ნივთები საგანგებოდ და დიდხანს ჰქონდა გადანახული პრინციპით: "ამის ხმარება არ შეიძლება" და რომ გარდაიცვალა ვერც ის გადანახული ტანსაცმელი ჩავაცვით, ჭურჭელი ხომ საერთოდ ვეღარ ვიპოვეთ.

რაიონებში "გაწყობილ" ოთახებს ეძახიან. ერთი "გაწყობილი" ოთახი ხომ გაქვთ? მოულოდნელად გეკითხებიან... ყველას აქვს მსგავსი მიუხედავად იმისა უჭირს თუ არა, სადაც მკვდარს თუ დაასვენებენ რამდენიმე დღით, თორემ ოჯახის ყველა წევრს ეკრძალება იქ ცხოვრება. რამდენ ოჯახში ნახავთ მუზეუმივით გამოფენილ ჭურჭელს, რომელიც თითქოს ადამიანების თვალში გამაღლებს.

არ მინდა ევროპელები გავაფეტიშო, მაგრამ ისინი აქაც ძალიან პრაქტიკულები და რეალისტები არიან. დამიჯერეთ! ნაკლებად ნახავთ მათ ოჯახებში "სტენკას" "სერვანდს" "ზეაღმატებულ ჭურჭელს"... მე ვფიქრობ, რომ ეს საბჭოურ-მეშჩანური ქცევები ჩვენს სულებშია მოკალათებული. "გამოტენილი სახლები", რომელიც მძიმედ აისახება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც.

წელს დიდი დოზით მომიწია საქართველოს კუთხეებში ხეტიალი. მათი "გაწყობილი ოთახები" მუზეუმივით თუ არა უფრო დაბალ რანგში, თუნდაც ცალი თვალის შევლებით შეგიძლია შეათვალიერო. მოსახლეობას, რომ ვეკითხები რას ჰგავს სოფლის ინფრასტრუქტურა? მასიურად ყველას პასუხია: აი ამ ხიდის, გზის, წყლის მილისა თუ ფასადის სახელით, ბოლო 20 წლის განმავლობაში 20-ჯერ მაინც გამოიყო თანხა, მაგრამ საქმის მეოთხედიც ვერ გაკეთდა. სამაგიეროდ, საქმეში ჩართული პირები ვინც საჭირო იყო თუ არა გამდიდრდა.

ჰო, რა თქმა უნდა, რა ბრიყვი ვარ. რას ვკითხულობ, როგორ უძლებთ გული თანამდებობის პირებს, როცა თავისი გამოტენილი სახლებიდან გამოდიან სოფელში თუ ქალაქში და იქ არაფერი ხვდებათ. არაფერში - 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელ გარემოს ვგულისხმობ. ან მოქალაქეებს, როგორ უძლებთ გული იმ გულგრილობისთვის, რომელიც მის უბანში შესაძლოა ხდებოდეს და თვითონაც უდიერად ექცეოდეს თუნდაც გარემოს, საზოგადოებრივ სივრცეს... სამაგიეროდ სახლში ეგულებოდეს "გამოტენილი ოთახები"? ან თუნდაც "ზეაღმატებული ჭურჭელი" რომელიც ათქმევინებს, რომ ისინიც დასაფასებლები არიან... ამ ყველაფერზე ხომ პასუხი ერთია: " ეს გაჭინთული პატივმოყვარეობა" .

საზოგადოება, რომელიც კვლავ ცდილობს მატერიალური ნივთებით გამოტენოს სახლი. კვლავ ცხოვრობს პრინციპით: "ყველა საკუთარი თავისთვის". კვლავ ცდილობს საკუთარი თავი გადაარჩინოს ნაცნობებით და ნათესავებით სავსე განცალკევებულ ნავში. თუ იკითხავთ რისგან? ეს კარგად აქვს დიდ ფილოსოფოსს მოხსენიებული Respublicas-გან, ანუ საერთო საქმისგან, საზოგადოებრივი სივრცისგან.

სწორედ გარკვეული ჯგუფებისთვის მოქმედებს ინდივიდუალური კანონი და გავლენები ყველგან და ყველაფერში. ეს ჯოგურ პრინციპებს არ ჰგავს, რომელიც არადა არ მოგვბეზრდა?

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეშიც კარგად გამოგვდიოდეს სახლში წაღება. სახლიდანაც "ვიღაცისგან" რაღაცის გადამალვა.

უკლებლივ ყველა ბოლოდროინდელი ხელისუფლებების მხრიდან ქალაქის ან რაიონის მომხმარებლური გამოყენება.

ქვეყნის ინტერესის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებთან მასიური შეუთავსებლობა.

ჰო, ეს არის! თქვენი "გაჭინთული პატივმოყვარეობა" უკიდურესი თვითპატივისცემა საკუთარი თავისა, რომელიც მუდმივად ამუხრუჭებს ჩვენს ქვეყანას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს