ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია იმ მოუწესრიგებელი ტაქსის მძღოლების "სახლში წასვლა", რომელთა შესახებაც არაერთხელ ვწერდი... - კვირის პალიტრა

ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია იმ მოუწესრიგებელი ტაქსის მძღოლების "სახლში წასვლა", რომელთა შესახებაც არაერთხელ ვწერდი...

არ ვაპირებდი, მაგრამ ტაქსების რეფორმის ამ გაუგონარ პროცესში მე ჩემი ამბავი უნდა მოვყვე. თუმცა ვიდრე ამბავს მოვყვები, გთხოვთ "გადმომითარგმნეთ" რატომ აპროტესტებს ოპოზიცია ამ რეფორმას? შეგნებულად ვეძებ ხელმოსაჭიდ მიზეზებს, რომ თემა გავშალო და ვერ ვიპოვე. ანუ, რეფორმის შეცდომა რა არის? ერთადერთი რასაც მათგან ვხედავ ეს არის მუდმივი სპეკულირება გაჭირვებული ადამიანების სახელით, რაც ოპოზიციის ცუდ პოლიტიკაზე მიანიშნებს...

როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ, ჟურნალისტმა და იშვიათად, მაგრამ მაინც ტაქსის მომხმარებელმა, უნდა ვთქვა, რომ სატრანსპორტო სისტემას, უშუალოდ კი ტაქსებს უდავოდ სჭირდება რეფორმა!

ის, რომ რეფორმა ვიღაცისთვის უმუშევრობის საფუძველი შესაძლოა გახდეს, ეს ალბათ ნორმალურია. ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ სფეროში სადაც იწყება რეფორმა შესაძლოა აღმოაჩინო, რომ ვერ ერგები იმ სფეროს და იწყებ ახლის ძიებას. ზოგადად ცვლილებები ხშირად "იწირავს" რამდენიმე ადამიანს... ეს ერთი! ახლა მთავარი: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია იმ მოუწესრიგებელი მძღოლების "სახლში წასვლა", რომელთა შესახებაც არაერთხელ ვწერდი.

ტაქსის მძღოლები, რომლებიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებთ და ბრაზობთ, რომ თქვენთვის ადგილი ბაზარზე არ რჩება იქნებ მიპასუხოთ: ოდესმე შეუწუხებიხართ პასუხისმგებლობას საზოგადოების ან ქვეყნის წინაშე?

ოპოზიციას ვთხოვდი ეპასუხა ჩემთვის: სად, რომელ განვითარებულ ქვეყანაშია ასე, როცა გშია, გწყურია, ან მეტი შემოსავალი გჭირდება ოჯახის სარჩენად, გამოხვიდე ქუჩაში და სადაც გინდა, როგორც გინდა ისე მოიქცე. მაგალითად, არასწორად მოემსახურო საკუთარ თანამოქალაქეებს, პარალელურად ეუზრდელო და თან ფული იმდენი მოსთხოვო რამდენიც იმ დღეს გჭირდება და არა გზის კონკრეტული მონაკვეთი ღირს?!

სად ხდება ასე, რომ 28 წელი ადამიანებს შიათ და ხელი არაფერში შევუშალოთ, ამ პრინციპით იცხოვროს ქვეყანამ? მძღოლებისაც მიკვირს, გარდა იმისა, რომ გაჭირვებულები არიან, მაგრამ განვითარება არადა არ უნდათ, პრობლემა მხოლოდ ეს არის? მეტი მე ვერ დავინახე, გაფაციცებული ვუსმენ იქნებ რამე თქვან, რომ "ვეტაკო" ამ მთავრობას და გავაკრიტიკო-მეთქი და არაფერი გამომივიდა, უშუალოდ ამ საკითხში.

სალონის დასუფთავების უფასო საშუალებებს სთავაზობდა მერია მძღოლებს და ვერ "გაასაღა". გაოცებული ვარ. არადა, რამდენ მანქანას აქვს ჰიგიენური პრობლემა. ახლა წარმოიდგინეთ ევროპის რომელიმე ქალაქში გშია და გადაწყვიტე ცოტა ფული გამოიმუშავო და გახვედი ქუჩაში არაჰიგიენური, სალონიც იგივე მდგომარეობაში, რასაც გინდა იმას აკეთებ და საერთოდ არ ერგები იმ ქალაქის ცხოვრებას, ვინმე გაგაჩერებს ქუჩაში? არ იქნება უსწრაფესი რეაგირება? და ამას ეძახის ოპოზიცია თავისუფლებას?!

ან გამოვა ევროპელი ჟურნალისტი და მაყურებლის გულის მოსაგებად ისაუბრებს, ამას უჭირს და ხელი არ ახლო როგორც ხელისუფლებამო? სადმე ხდება ასე? სხვა რა არგუმენტი გაქვთ?

თავისუფლება ჰქონდათ ამ ადამიანებს წლების განმავლობაში და სულ მცირე თანხაც კი არ გაიმეტეს საკუთარი თავის და მანქანის ეტაპობრივად განსავითარებლად. იმიტომ, რომ ასე არ ხდება, არსად არ ხდება. ვიღაცის მორალის განვითარებას არ ელოდები წლების განმავლობაში. ეს წარმოუდგენელია. იწყება რეფორმა და შენ უნდა მოერგო ამ სტანდარტებს.

რაც შეეხება ფასებს. აბა დაფიქრდით ვინ ზრდის ფასებს? ძირითადად ისინი, ვისაც არ სურს მცირედი ხარჯის გაღებაც კი. ისინი, ვინც ცვლილებების წინააღმდეგ მიდის ყოველთვის. ვინც კონკურენციაში ჯერ არ ჩაბმულა, არაფერი გაუკეთებია და წინასწარ ფასს ზრდის. როგორ სიამოვნებით დავასახელებდი 10-ით მაგალითს სხავადასხვა სფეროში, როგორც კი რაღაცას მოკრავენ ყურს, პროდუქტს გიძვირებენ მომსახურება და ხარისხი იგივე რჩება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

რამდენიმე დღის წინ საექსკურსიო მანქანამ რუსთაველის გამზირამდე მიმიყვანა. ღამის 2-ის 15 წუთია. რა თქმა უნდა, კომპანიას დავურეკე და მითხრა ზუსტად ის ტარიფი, რაც ჰქონდათ სექტემბრის დასაწყისში. უბრალოდ მანქანა აგვიანებდა ბევრი გამოძახებების გამო. გადავწყვიტე ქუჩაში გამეჩერებინა ტაქსი. გავაჩერე ორი ტაქსი, სხვადასხვა ფერის, რომლებსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდათ და ელბაქიძის დაღმართიდან ჩიტაიას ქუჩამდე 10 ლარი მომთხოვეს. ვეკითხები, რა ხარჯი დაგაწვათ ასეთი, რომ ფასს მიათმაგებთ? პასუხი მოკლეა; კარგით რაა, არ იცით რეფორმებია და სწრაფად ძრავს მანქანას და გარბის.

მეორეს ვეკითხები, როგორ შეგეხოთ რეფორმა, რა გაგირთულათ? თუ გადამიხდი გადამიხადე 10 ლარი თუ არადა... გარბის. მოკლედ ფეხით ვიარე მძიმე ჩანთით ღამის 2-ის ნახევარზე და 25 წუთში მაინც მივედი სახლამდე... ვფიქრობ, ელბაქიძის დაღმართიდან, მარჯანიშვილის ქუჩის ბოლომდე 3 ლარი თუ ღირდა, თუკი ვინმე კულტურულად დაგელაპარაკება, მოწესრიგებული სალონი ექნება და ეცოდინება სად არის მარჯანიშვილის ქუჩა, რატომ უნდა ღირდეს 10 ლარი?

ან საკმაოდ შორს, რომ ვყოფილიყავი წასასვლელი რა უნდა მექნა არ ვიცი. მძღოლების ასეთი ქცევა კი პირდაპირ საფუძველს აჩენს გაილანძღოს რეფორმის დამწყები და არა ეს უპასუხისმგებლო ადამიანები, რომელიც თვითნებურად ჭრიან და კერავენ.

მოკლედ, ტაქსი, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში, გამოუვალ სიტუაციაში მჭირდება, დღემდე არასოდეს ყოფილა უსაფრთხო, კომფორტული და სუფთა. ტაქსები და მძღოლების კულტურული მომსახურება არის ქალაქის სახე და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რეფორმა, ამ მხრივ უნდა შეიცვალოს ჩემს ქალაქში ბევრი რამ.

როგორც ჩანს, ოპოზიციას კიდევ ერთხელ სურს გაღატაკებული მოსახლეობისგან ქულების დაწერა და მეტი არაფერი. ეს წინ ვერ წაგვიყვანს. პირიქით, ასეთ ქაოსში რეალური ხარვეზები შესაძლოა მიღმა დაგვრჩეს. თუკი ასეთი რამ არსებობს, ჯობს სიღრმისეულად გავაანალიზოთ, თუკი რამეში ვცდები მითხარით, რადგან სირცხვილი საერთოდ არ არის აღიარო რეფორმის შეცდომები და რაღაც მომენტში გადახედო კიდევ პროცესს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს