"მგონი ეგეც არ იციან, რომ შატილს იქით კიდევ საქართველოა. მთავრობიდან აქ მოსული არავინ დაგვინახავს" - კვირის პალიტრა

"მგონი ეგეც არ იციან, რომ შატილს იქით კიდევ საქართველოა. მთავრობიდან აქ მოსული არავინ დაგვინახავს"

ვჩქარობთ. კარგი ამინდია და არც შიშია იმისა, რომ თოვლი მოგვისწრებს, ხევსურეთს ჩაგვკეტავს, მაგრამ მაინც... როგორც ყოველი გამგზავრების წინ ვფიქრობთ, მიგვიღებს თუ არა მთა? ეს ის, დროა ხევსურეთის ჭიუხებში ამ წლის "სეზონის დახურვა" ჩვენს კალენდარში, რომ უნდა მოვნიშნოთ და მერე მთელი ზამთარი ნიკო არდოტელზე, მის ოჯახზე და იქ დარჩენილ ადამიანებზე ვიდარდოთ.

საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში, ზამთრის პირს, უკვე მერამდენე წელია არ ვტოვებთ ოჯახებს, ჩვენს მეგობრებს, გამხნევებისა და თანადგომის გარეშე.

ბოლო წლების განმავლობაში, უცხოეთში ცხოვრების გამო, მე მოვწყდი ყოველი წლის "რიტუალს" და ბუნებრივია გამგზავრებამდე ემოცია მძალავს. თუმცა კი, ყოველთვის ვამაყობდი, რომ საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, ჩეჩნეთის საზღვრამდე ფეხით ვარ ასული, არდოტი ჩემი მეორე სახლია და თითქმის ყველა კუთხეში მეგობრები მყავს... "ნეტავ, შეიცვალა რამე? გაკეთდა? გადასხვაფერდა ჩემი ხევსურეთი? არ ვასვენებ კითხვებით ერეკლე უგრელიძეს, რომელიც ამ საქმის სულისჩამდგმელია. ერეკლე ჩაფიქრებული ტვირთავს მანქანას.

გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ვიგებთ, რომ შატილის სკოლა-პანსიონი დაიწვა. აჰა, ესეც ახალი ამბავი. კიდევ ისა, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები შატილამდე ასულან და არდოტის პრობლემები არ უკითხავთ და არც უხსენებიათ. ადგილობრივებმა ისიც კი გვითხრეს "მე მგონი ეგეც არ იციან, რომ შატილს იქით კიდევ საქართველოა. მთავრობიდან აქ მოსული არავინ დაგვინახავს არასოდეს, მკვდრადა ვართ ჩათვლილებიო".

მანქანა დაიძრა თუ არა 18 წლის ბათირა ჭინჭარაულის ლექსიდან სტროფი ამეკვიატა: "შატილის მარტის ერთი დღე, სულ სჯობს თბილისის მაისებს..." ეჰ, რამდენი მიწერია ამ ხალხის გმირობის ამბებზე, ამათ სუფთა გულსა და ცაზე.. დღეს, როდესაც ამდენ ადამიანს ქვეყნის დატოვებაზე უჭირავს თვალი, პატიოსნება და საკუთარი მხარის პატრონობა ლამის გმირობის ტოლფასია უკვე. ამიტომ, არის, რომ ნიკო არდოტელის მეუღლე მარინა და მისი ვაჟი გიორგი ჩვენს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდნენ არდოტში.

ზამთარს იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. იქაური ზამთრები გრძელია და მძიმედ გასატარებელი. სოფელში მხოლოდ ერთი პატარა მაღაზია და ერთი სკოლა იყო, რომელიც დაიწვა. ზამთარში აღარავის ახსენდება როგორ ცხოვრობს საქართველოს ამ უნიკალური მხარის მოსახლეობა.

შატილში ერთადერთი გზა მიგიყვანთ, რომელიც არღუნის ხეობაზე გადის და ძალიან ვიწროა. თბილისიდან არაგვის ხეობას გაუყვები, დათვისჯვრის უღელტეხილს გადაივლი და შატილისკენ დაეშვები. სათქმელად მარტივია არა? არადა, თბილისიდან შატილამდე სულ 160 კილომეტრია, მაგრამ ამ მანძილის დაძლევას, რთული გზის გამო, ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება.

დათვისჯვრის უღელტეხილიდან ხუთ კილომეტრში ლებაისკარის ულამაზესი ციხე გვხვდება. იქვე კი გულს დაგწყვეტთ დაცლილი, ნანგრევებად ქცეული ნასოფლარი. ორ კილომეტრში მიტოვებული სოფლის კისტნის ქვა-ციხენი ჩამოგვცქერიან. აქედან მანქანით ნახევარ და ფეხით 4 საათში შატილში ჩახვალთ.

შატილი მნახველს უეცარი, მოულოდნელი გამოჩენით აოცებს. შემდეგ კი მოღუშული ფერებითა და სიმკაცრით. "ყოველთვის ასე კი არ იყო"- გეტყვიან ადგილობრივები.

პირველი რაზეც ვდარდობთ გადამწვარი სკოლაა და სწორედ იქით მიგვიწევს გული. ასვლისას რაც თვალს მოგხვდებათ "საფიხვნოა". შატილი ერთადერთი სოფელია ხევსურეთში, სადაც აქამდე შემორჩა სოფლის საერთო თავშეყრის ადგილი - საფიხვნო. ამ ადგილას ყოველთვის თავს იყრიდა სოფლის მამროანი (ქუდოსანი) და წყვეტდა სხვადასხვა საკითხებს. ალბათ ერთ-ერთ "ფეხვნობას" შეესწრო ვაჟა:

"ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი, საფეხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი..." წიგნები შატილის სკოლისთვის

შატილის სკოლა-პანსიონის შენობა სოფლის შუაგულში, გაშლილ მინდორში იდგა. პირველ სართულზე კლასები, სკოლის ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო იყო. ზემოთ თავად პანსიონის საწოლი ოთახები იყო განლაგებული, სადაც მუცოდან და ახლო-მახლო სოფლებიდან შატილში სასწავლებლად ჩასული ბავშვები მთელი კვირის განმავლობაში რჩებოდნენ, უქმე დღეებში კი სახლში, მშობლებთან ბრუნდებოდნენ.

ამბავი დაგვახვედრეს. შატილში დამწვარ სკოლას, რომელიც დროებით ალტერნატიულ შენობაში განთავსდება, სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადასცესო. აქ დიდი წვლილი თურმე თანატოლებს მიუძღვით. ცოტაც კი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

რატომ უნდა გვიკვირდეს და გვაოცებდეს თუკი ხელისუფლება ასეთ ამბავზე რეაგირებს? განა მათი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ არის? განა წლებს არ ითვლის ხალხის დარდი ნუ მიგვატოვებინებთ მთასო? ხიდიც კი წლების მანძილზე რატომ უნდა იყოს სახვეწარი?

როგორც კი არდოტამდე არღუნის მდინარეს დავადექით ეგრევე ძველი ამბები გაგვახსენეს: "განა ჩვენ პური და წყალი გვინდა? არა, ამას თვითონაც ვახერხებთ, ისეთ რამეებში გვინდა ხელის შეშველება, რასაც ჩვენ ვერ ვერევით. მდინარეზე ხიდი იყოს, რომ გახვიდე და აღარ მოკვდე". რამდენი კაცი მოუკლავს ამ არღუნის წყალს. რამდენზეც გვიდარდია და გვიწერია...

იციან სტუმრები მოუვლენ და ნიკოს ოჯახი ქედზე გადმომდგარი გველოდება.

მე, ის ძველი გრძნობები მიახლდება. გული ყელში მებჯინება და ცრემლს ვიკავებ ვიდრე არდოტელებს, ჩვენი ქვეყნის გუშაგებს შევხვდები არდოტში. "ხალისია, როცა შენიანი მოდის, შენს ტკივილებზე გელაპარაკება, გიიოლებს ცხოვრებას და ადამიანს მარტოობისა და სიკვდილის ხმა-ჩქამს გიკლავს, თორემ მარტოობაში დარჩენა ყველაზე დიდი სასჯელია" -გვეუბნებიან მასპინძლები.