ჯერ გვპირდებინ და მერე ავიწყდებათ ან ივიწყებენ, ხალხს კი აყვედრიან მოკლე მეხსიერება გაქვთო, ანუ სულ ასეთ ქაოსში როდემდე იცხოვრებს ქვეყანა
ჯერ გვპირდებინ და მერე ავიწყდებათ ან ივიწყებენ, ხალხს კი აყვედრიან მოკლე მეხსიერება გაქვთო, ანუ სულ ასეთ ქაოსში როდემდე იცხოვრებს ქვეყანა
ნახევრად ხუმრობით დავიწყებ. ბიძინამ ხომ თქვა, გამორთეთ რუსთავი-2 და დაინახავთ ქვეყნის აღმშენებლობასო, ამ წინადადების პერიფრაზს მე შემოგთავაზებთ: გააუქმეთ Facebook-ი საქართველოში და ყველა დაწყნარდება... ხუმრობა იქით იყოს და ღმერთმა ნუ ქნას ეს იდეა ხელისუფლებას მოეწონოს. მას ხომ მარტივი გზით სვლა სჩვევია. რაღაცას გამორთავს, რაღაცას აკრძალავს, რაღაცას გააუქმებს და საქმეს გადაწყვეტილად გამოაცხადებს.

ისე, თუ გაუქმებაა ბარემ პარლამენტი გააუქმოს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობას არ აინტერესებს რა ხდება ამ წყეულ პარლამენტში და რა ოინებს
აღარ სჩადიან იქ, რომ ყურადღება მიიქციონ. 5 წუთით შევავლე თვალი 12 ნოემბერს პარლამენტს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ქოცები" და "ნაცები" უერთმანეთოდ დაიხოცებოდნენ.

მერე ხალხს უსაყვედურებენ, რატომ ხართ აგრესიულებიო? რატომ უვარდებით ერთმანეთს სოციალურ ქსელში და ლანძღავთო? რატომ ავლენთ ძალადობას ქუჩაში, სახლში და ასე შემდეგ? მერე,
მთელი ერის სახელით ყველა გაილანძღება და მავანი იტყვის, რომ ქართველ ხალხს კულტურა აკლია.

ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემი ინგლისში ცხოვრების პერიოდში, ყოველ საღამოს რადიო LBC-ის ეთერში კლაივ ბულის თოქ-შოუს ვუსმენდი. თვეების განმავლობაში არ დაურეკავს არც ერთ აგრესიულ მსმენელს. აგრესიულში ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ყვირის, ლანძღვაზე გადადის, ან იგინება, თორემ კრიტიკა არაერთხელ მომისმენია. გამახსენდა რა ხდებოდა ჩემს თოქ-შოუში რადიო-"იმედში" მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისას. და მიკვირდა, როგორ შეიძლება იყოს ასეთი განსხვავებული აუდიტორია. ხალხი ხომ ყველგან ხალხია.
ერთ დღეს შეკითხვა უკრაინის ომს, რუსეთს და ირიბად საქართველოს ამბებსაც შეეხო. ვერ მოვითმინე, ავკრიფე რადიოს ნომერი და აზრის გამოთქმა მოვითხოვე. ამ დროს მოხდა ის, რომ რადიო-წამყვანის ასისტენტმა ჩემს შესახებ შეავსო სრული კითხვარი. პირადი ნომერი, მისამართი, სახელი, გვარი, რას ვსაქმიანობ და ასე შემდეგ. თუ მოეწონა შენი ხმა, ტემბრი და არა მოსაზრება, რომელსაც ასევე წინასწარ გეკითხება, გირეკავს 1-2 წუთში უკან და გრთავს ეთერში.

ხომ შეიძლება თავიდან მშვიდად გაესაუბრო და ეთერში მაგალითად შეიგინო, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება! ანუ, თუ წამყვანს არ აქვს იმის გარანტია, რომ თუნდაც კრიტიკულ აზრს ყვირილით, გინებით და ვიღაცის შეურაცხყოფით არ გამოხატავ არ დაგირეკავს. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. ზუსტად ამ პრინციპით ცხოვრობენ პოლიტიკოსებიც. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ "ეტაკოს" ჩვენი ხელისუფლება ხალხს და მოსთხოვოს ის, რაც თვითონ არ გააჩნია.

ჩვენი ხელისუფლება თავად ძალადობს, ილანძღება, შფოთავს და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

რადგან ჩვენთან სიტყვის თავისუფლება და ლანძღვა, გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება ერთმანეთში ერევათ, ვისაც რას უნდა იმას ამბობს და ლაპარაკობს. ვისაც როდის და როგორ უნდა იმას გაბრალებს და არ გაქვს ბერკეტი გააქარწყლო ბრალდება ან დაიცვა თავი.
ერთი ჩემი ხევსური მეგობარი მეუბნებოდა, ოდესღაც ხევსურეთში ჰქონიათ ასეთი წესი: ვინც საჯაროდ რამეს იტყოდა, მით უფრო ოფიციალური პირი სხვა პირების მიმართ, ნათქვამი უნდა დაემტკიცებინა. ვერ დაამტკიცებდა და დაისჯებოდა, რადგან ერს და ბერს ესმოდა, რომ ჯერ ეთიკა და ქვეყნის სახელი დგას წინ და მერე სხვა რამ. ენას ძვალი არა აქვს და სანამ რამეს იტყვი გააზრება უნდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას და ერს უფრთხილდებიო. მე ვუთხარი, რომ დაახლოებით ასეა მოწყობილი ევროპულ ქვეყნებში. და, ასევე არც ერთი კაცის მოსვლა-წასვლაზე არ დგას ქვეყნის სისტემა.

დღეს ჩვენი ხელისუფლების სიტყვას არანაირი წონა არა აქვს. ჯერ ხელისუფლება უნდა იყოს მორალური, უარი თქვას კორუფციაზე, ბინძურ გარიგებებზე, სასამართლო გახადოს დამოუკიდებელი, ოპონენტს როგორც მტერს არ უნდა უყუროს და არ გვაყურებინოს ამდენი აგრესიისთვის... ჰო, ეს ათასჯერ მოგვისმენია მაგრამ არაფერს ვცვლით.

ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ჯერ განცხადებების გაკეთება და შემდეგ დაპირებების დავიწყება. საერთოდ არ ადარდებთ, რომ მათ შემოთავაზებულ წინადადებებს თუ შეფასებებს სიმძიმე აკლიათ, რადგან ისინი შორს არიან რეალური გადაწყვეტილებებისგან.

აი, ახლა უცებ რაც მომდის თავში: მაგალითად, სამთავრობო ქალაქზე ითქვა, აჟიოტაჟი ატყდა, შეფასებები გაკეთდა. ერთი წლის შემდეგ ირკვევა, რომ იდეა იდეად რჩება. საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსეს და გუშინ არ იყო, რომ "ჩააგდეს?" წამლები 1 ლარადო ითქვა და როგორც ერთმა პენსიონერმა მითხრა, სიუჟეტები და ხმამაღალი განცხადებები ადამიანების ტვინებში დაილექა, სინამდვილეში მიზეზები მოიძებნა და არც არაფერი გვექნებაო. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, ნორმალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდებაო და ახლაღა ირკვევა, რომ ე. წ "მარშუტკები" შენარჩუნდება....

რომ გავაგრძელო ძალიან დიდი სია გამომივა, რასაც ამბობენ და მერე ავიწყდებათ ან ივიწყებენ. მერე, კი ხალხს ჰყვედრიან, მოკლე მეხსიერება გაქვთო.

თქვენი არ ვიცი და მე მართლა მედარდება სულ ასეთ ქაოსში და აურზაურში როდემდე იცხოვრებს ქვეყანა.
არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ქვეყანაზე მოფიქრალი კაცი შემორჩა, მაგრამ მაინც დავწერ ძლიერი სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა, ყველა თავისი მოქალაქისთვის სამართლიანი სახელმწიფოა. ზნეობა კი, მართალია ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ის, ასევე აუცილებელია სახელმწიფოსთვისაც. უღირსი და უზნეო სახელმწიფო, ვერ გახდება, ვერც სამართლიანი და ვერც ძლიერი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
tngh
15 ნოემბერი 2019 12:18
ნინიკო... უცხოეთში გთხოვენ "მარშრუტკაში" ადგილის დათმობას???
ლოლა
13 ნოემბერი 2019 17:47
გმადლობთ ასეთი სტატიისათვის, მაგრამ ადრესატი გაიგებს? მეეჭვება
ლალი
13 ნოემბერი 2019 17:25
დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ფოტოზე უცხოპლანეტელს ჰგავხარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები