ოპოზიციამ თავად უნდა აღიაროს თავისი უკიდურესი კომფორტულობა და ამ კომფორტულობის დაკარგვის შიში - კვირის პალიტრა

ოპოზიციამ თავად უნდა აღიაროს თავისი უკიდურესი კომფორტულობა და ამ კომფორტულობის დაკარგვის შიში

"მოსალოდნელი შედეგი, ისევ ყლეობა შემდეგი" კოტე ყუბანეიშვილი

სიბრიყვეა ეს ყველაფერი! რა აქციები ხალხო?! თან როგორი აქციები? რა სამშობლოს სიყვარულითო? რა სისტემა დაინგრესო? რისი და ვისი სიმართლეო? "ხლამში" ხართ ქართველებო!

ადამიანობა აღარ შეგვრჩა. სიტყვის კაცი აღარ არსებობს, გვერდით მდგომის გეშინია, მორალური ადამიანი სანთლით საძებარია. არც ერთი სტრუქტურა აწყობილი არ გვაქვს. ყოველ ხუთ წელიწადში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ვჭამთ. საქართველოში დღეს ყველაზე აფერისტი, ყველაზე გადამგდები, ყველაზე აგრესიული, ყველაზე კორუმპირებული ხალხი ცხოვრობს. გამოვიდეთ და ვთქვათ ჩვენი ნაკლოვანებები ჩვენვე! დღესვე დავუსვათ წერტილი ამ ნაკლოვანებებს. დღეს გვაქვს შანსი უარი ვთქვათ "საბჭოურ-ტოტალიტარულ" აზროვნებაზე. მსოფლიო განვითარდა და ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობას ვერ ვსწავლობთ.

მართლა ქვეყნის მშენებლობაზე ვეჯიბრებოდეთ ნეტა ერთმანეთს. ვითომ ქვეყანაზე მოწუხარო ხალხო სად არის ეს თქვენი გეგმები გამოსწორების, მშენებლობის, მიდგომების შეცვლის?

"ჯერ ეს წავიდეს და მერე გადავწყვეტთ" -ეს არის ერთადერთი რამ, რაც 27 წლის წინანდელ მსგავსებას მაგონებს. ეს არის ის, რაც წრეზე გვაბრუნებს, რადგან "ის", რომ მიდის მერე არაფერს ვცვლით. იგივე მიდგომებით ვცხოვრობთ, სამაგიეროდ ძალაუფლება ჩვენს ხელშია.

ემოციურად აღტყინებული ადამიანები ვერ ქმნიან პროგრესს! ხელისუფლების დაპირების შეუსრულებლობა ცუდი პრეცენდენტია, მაგრამ აი ეს "მყვირალა ძალა" შეგნებულად არაფერს შეცვლის, რადგან ეს ჰგავს ბრძოლას ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურნეებისა და არა სახელმწიფოს შენების მოსურნეებისა.

როგორი "სასაცილოა" ოპოზიციის თამაში. ოპოზიციისა, რომელმაც თუ რამის შეცვლა სურს ჯერ თავად უნდა აღიაროს კომფორტულობა ამ ხელისუფლებასთან. ის ყოველთვის თბილად და კარგად გრძნობდა თავს და არც ერთ სერიოზულ პრობლემაზე წლების მანძილზე ხმა არ გაუღია.

და ეს ქაოსი, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან ერთად თამაშობს ქვეყნის რეგრესზე მუშაობს. მე, პირადად ყელში მაქვს ამოსული ქუჩის გადაწყვეტილებები. თავის დროზე ნოდარ ნათაძე ამბობდა: "მიტინგი, არის სწრაფი რეაგირების მისია და, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური აზროვნება. იმიტომ, რომ აზროვნება არის ის, რაც რეაქციებს არ მოჰყვება. თუ შენს თავს ეს დრო არ მიეცი და სულ რეაქციებში დახარჯე, აზროვნების აქტი შეუძლებელი გახდება..."

აი, ეს გვჭირს ჩვენ წლების განმავლობაში. გავურბივართ აზროვნებას და არ გვიყვარს შრომა, ამას ბოლო წლებში დაემატა ზეამპარტავნება, ყველა მართალია ყველას წინაშე...

და კიდევ, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, ჩვენ ვცხოვრობთ ციხეში, სადაც უცუდესი პირობებია. დროთა განმავლობაში, პროტესტის ნიშნად დუღილის ტემპერატურა მატულობს და ვიდრე ამ ციხიდან ადამიანები გავანგრევთ კარს, ჩვენვე შევცვლით პირობებს, ბოლო წამს გვიღებენ... ჩვენ გაშმაგებულები გამოვრბივართ ამ ციხიდან და ჩვენივე ფეხით, გაუაზრებლად შევრბივართ მეორე ციხეში, რომლის კარსაც ეხლა სხვა ხელისუფლება რაზავს და ვრჩებით იგივე პირობებში კიდევ რამდენიმე წლით. ეს მხოლოდ ბოლის გამოშვების პოლიტიკაა.

აი, ეს არის ჩვენი წრე. იმიტომ, რომ მუდმივი მიტინგის პირობებში ჩავვარდნილვართ. იმიტომ, რომ რაც ჩვენს ცხოვრებას ანგრევს არ ვცვლით. არადა, როგორ შევცვლით, არ ვაზროვნებთ...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაპირების შეუსრულებლობა არ არის სწორი, მაგრამ განა ასე არ ვცხოვრობთ ბოლო 30 წელია?! ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის? თუ ძირითად (ტოტალიტარულ-საბჭოურ) პრობლემებზე არ დავფიქრდით და ძირეულად, პირველ რიგში საკუთარი თავებიდან, არაფერი შევცვალეთ, როგორ ფიქრობთ გვჯერა, ჩემნაირ ერთგულ და პატიოსან ადამიანებს, რომ პროპორციული არჩევნებით პარლამენტში შესული მაგალითად ინაშვილის 17 კაციანი ჯგუფი, ან "ნაციონალების" (გვარებს არ ჩამოვთვლი) ჯგუფი ქვეყანას ააშენებს? ან სააკაშვილი დაბრუნდება და გადაგვარჩენს? მას მართლა არაფრის კეთება არ შეუძლია ამ ქვეყანაში უკვე, თუნდაც დაბრუნდეს და ამით თავის დაჯერება არის სრული სიბრიყვე! ან მართლა ფიქრობთ დავიჯერეთ, რომ ივანიშვილი ბრიყვია და არ შეეძლო გაეთვალა რა მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას და რომ ოპოზიცია ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვის? ანაც, ოპოზიციას მართლა ერთიანი ხედვა აქვს?...

მე ვფიქრობ ოპოზიციამ თავად უნდა აღიაროს თავისი უკიდურესი კომფორტულობა და ამ კომფორტულობის დაკარგვის შიში. და, "გზიდან უნდა გადავიდეს" რადგან ეს მისი პერფორმირებული ქმედებები არის ისეთივე ჩამყაყებული, როგორც ჩვენი ბოლო 20-25 წლის ისტორია.

დღეს მეტს აღარაფერს ვიტყვი. მთელი გულისტკივილით გავიხსენებ გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში არჩილ ჯორჯაძეს წერდა: "თავის მოტყუებას ძვირად დაგვიჯენს ისტორიული ჭეშმარიტება, - აი რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავისი სიმკაცრით, დაე, მოვკვდეთ, რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და მაშასადამე არც არსებობისა. მამულიშვილობის გადაწყვეტა "ფიზიოლოგიური ემოციით" ყოვლად შეუძლებელია"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს