თუ ვერ ვვითარდებით, იმიტომ, რომ მიდგომებია მცდარი და არა იმიტომ, რომ მასიურად ყველა არ არის განათლებული - კვირის პალიტრა

თუ ვერ ვვითარდებით, იმიტომ, რომ მიდგომებია მცდარი და არა იმიტომ, რომ მასიურად ყველა არ არის განათლებული

"გაგხევ ნაკერავზე... შუა თითის ჩვენება.. ნუ იკრიჭები ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ.. უბინძურესი სიტყვებით გინება.." - რამდენი და რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ყოველი ამ ფრაზის გაგონებაზე მებადებოდა შეკითხვა: მხოლოდ თადუმაძის დიპლომი რატომ გახდა პრობლემა? ამ სიტყვების ავტორებს დიპლომები აქვთ? უფრო სწორად, განათლება აქვთ? ხომ ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრში ადამიანური კაპიტალის უმწვავესი დეფიციტია და დამეთანხმეთ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია განათლებასთან.

ახლა, მიმოიხედეთ თქვენ გარშემო. შესაძლოა ვიღაცას მართლა ჰქონდეს დიპლომი ან დაგროვილი სერთიფიკატები, მაგრამ იმედი აქვს, როგორც ჩვენთან იტყოდნენ "ზურგის", ამიტომ თავს უფლებას აძლევს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგალითად სამართალდამცავს, ქედმაღლურად ელაპარაკოს თანამშრომელს და ასე შემდეგ. საერთოდ უფროს თაობაში გაცილებით მწვავედ დგას გაგების, ან მოსმენილის გააზრების პრობლემა, ვიდრე ბავშვებში...

ჰო, შესაძლოა შორიდან დავიწყე, მაგრამ არც პოლიტიკოსებზე და არც საზოგადოებაზე არ ვსაუბრობ. დღეს განვიხილავ ახალი თაობის განათლების საქმეს, რომელიც მხოლოდ პერიოდული კვლევების შემდეგ გვახსენდება. ჩემი შესავლით კი ვეცადე მეთქვა, ეს აბსოლუტური ნაკლოვანებებით "დაჯილდოვებული" საზოგადოება, კვლევების პერიოდულობის შესაბამისად იწყებს ვიშვიშს, რიგ შემთხვევაში კი მთელ თაობას უწოდებს გაუნათლებელს. ვითომ გულისტკივილით ისეთი სათაურების დაწერა, როგორიც არის: "რატომ ვართ გაუნათლებლები" მთელი თაობის დამცირებაა.

მერე მიდის კრიტიკა. აი, ჩვენ სხვანაირები ვიყავით ამათ არაფერი არ აინტერესებთ... დავიწყებ იქიდან, რომ მშობელი, რომელიც დამამცირებელი ფრაზებით ელაპარაკება საკუთარ შვილს: "თუ არ წაიკითხავ იქნები გაუნათლებელი" არაფერს ცვლის უკეთესობისკენ. საერთოდ, როცა მშობელი წუხს, რომ მის შვილს კითხვა არ უყვარს, პირდაპირ შეგიძლიათ გამოიცნოთ, რომ თავად არ უყვარს კითხვა. იძულება ბავშვთან არაფერ შუაშია, კითხულობს მშობელი, ყოველგვარი მითითების გარეშე კითხულობს ბავშვიც და ასე შემდეგ.

რადგან, ბავშვი სარკეა უფროსი თაობისა და მხოლოდ ახალი თაობის ლანძღვა არის ცალსახად არასწორი.

ეხლა მეორე, წინა კვლევიდან დღემდე განათლების სისტემის რომელი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა? სავარაუდო პასუხია - არცერთის. მიუხედავად ამისა იწყება იმ ბავშვების ბრალდება, რომელთაც გარემო სულ სხვა რაღაცას სთავაზობს.

ეხლა მესამე, ის, რომ ჩვენ ქვეყნების ჩამონათვალში, სადღაც რაღაც ადგილს ვიკავებთ, ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ახლავე განვმარტავ რას ვგულისხმობ. ჯერ ერთი წიგნის კითხვის კულტურა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაუარესდა და საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩვენთან გაცილებით საგანგაშო მდგომარეობაა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში.

ბრიტანეთში ჩემი ცხოვრების პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა კვლევა. მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები კამბოჯის მოსწავლეთა დონეს ჩამორჩებოდნენ. არ ესმოდათ წაკითხულის შინაარსი და მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხს ვერ სცემდნენ. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მეორე დღიდანვე აკრძალა ეს ინფორმაცია მედიით. და, რაც მთავარია შეიკრიბა კვალიფიციური ჯგუფი, რომელმაც პრობლემის მოკვლევა დაიწყო. შეადარეთ ეს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენ თან არაფერს ვაკეთებთ, თან თითქოს გვიხარია ბავშვების კრიტიკა.

შარშანწინ ამერიკის ერთ-ერთ შტატში ქუჩის გამოკითხვა მოეწყო, სადაც 10-დან ცხრამ ვერ თქვა რამდენი ასოა ინგლისურში, მაგრამ ამერიკა ზესახელმწიფოდ ითვლება და წარმოუდგენელია, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია მსგავს კვლევას ატარებს ბრიტანეთის ან ამერიკის რომელიმე შტატის წინ დაგვაყენოს. სხვა ქვეყნების მაგალითებიც შემიძლია გითხრათ, მაგრამ დროს არ წაგართმევთ.

უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არც ერთს საკუთარი თაობებისთვის თუ ზოგადად ხალხისთვის არ უწოდებია გაუნათლებელი. ჩვენი პრობლემა გარკვეულწილად ეგეც არის, არ ვფასობთ სხვათა თვალში, რადგან ჩვენ თვითონ არ ვაფასებთ საკუთარ თავს. ან, ისეთი ჯგუფი იწყებს საკითხის განსჯას, როგორიც ბლოგის შესავალში მოვიყვანე.

თუ ვერ ვვითარდებით, იმიტომ რომ მიდგომებია მცდარი და არა იმიტომ, რომ მასიურად ყველა არ არის განათლებული.

ყოველთვის ყველა საზოგადოებაში იყო გარკვეული ჯგუფი, რომელსაც იზიდავდა სწავლა-განათლება და იყო უვიცების კასტა... მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არასწორი სისტემის და საბჭოური აზროვნების გამო ეს გაუნათლებელი ჯგუფი ყოველთვის ექცევა სათავეში, რომელსაც დაუსრულებლად შეუძლია იბრძოლოს მხოლოდ თანამდებობების გამო. ისინი ვერასოდეს შეცვლიან განათლების სისტემას, რადგან კვალიფიციური პირები ამ ქვეყანაში შიმშილით კვდებიან.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ჩემი ძმისშვილი, რომელიც მატერიალურად ძალიან გაჭირვებულია, მოკვდება და სკოლაში უსწავლელი არ წავა. მეორეკლასელი გოგონა დაწვრილებით მოგიყვებათ სქელტანიანი საბავშვო წიგნის შინაარსს. მთავარი ის არის, რომ ჩემი მეგობრის, ერეკლეს უნივერსიტეტის სტუდენტები, როცა იკრიბებიან, საუბარია 17-18 წლის ახალგაზრდებზე, ვცდილობ ჩუმად გავიპარო სადმე, რომ არ ჩამჭრან იმდენად ნაკითხები არიან.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ დღეს არაერთი ქართველი თინეიჯერი გამომგონებელი და მკვლევარი გვყავს, მაგრამ იმ პოლიტიკის გამო რაც ქვეყანაშია, მათი საქმიანობა და მხარდაჭერაც, მეორე პლანზეა გადაწეული.

საერთოდ, ვფიქრობ რომ ახალი თაობა არის ფერადი, კრეატიული და მოაზროვნე. ჩემს გარშემო უამრავი ახალგაზრდაა უზომოდ განათებული. უბრალოდ მათ არ აქვთ წინსვლისა და განვითარების საშუალება, ამისთვის პირობებს სახელმწიფო არ ქმნის.

და კიდევ, ძალიან უხერხულია ვიძახოთ, რომ ვიღუპებით გაუნათლებელი თაობის გამო ან, როგორ მიგვიღებენ ევროპაში ასეთი განათლებით, როცა ევროინტეგრაცია არავითარ კავშირში არ არის განათლებასთან.

კარგით დაველოდოთ შემდეგ კვლევას, რომელიც სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ კვლავაც საკუთარი ერის სალანძღავად გაკეთდება და არა პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, არსებითის ძირეულად შეცვლისათვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს