საბჭოთა თოვლის პაპას "დედ მაროზისა" და "სნეგურაჩკას" სამშობლო
საბჭოთა თოვლის პაპას "დედ მაროზისა" და "სნეგურაჩკას" სამშობლო
ყოველი წლის ბოლოს ყველა ვთანხმდებით, რომ მიუხედევად ყველაფრისა, ერთი საერთო დღესასწაული ყველას გვჭირდება, განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეროვნებისა თუ ასაკისა. ამ დროს გარემო უფრო მეგობრული და კეთილგანწყობილი ხდება. დღეს, თანამედროვე ბავშვთან თოვლის ბაბუა, რომ ახსენო ეგრევე გეტყვის მის "სამშობლოს" ლაპლანდიას, მაგრამ ცოტამ თუ იცის საბჭოთა თოვლის პაპისა და ფიფქიას წარმოშობის, მათი სამშობლოს ამბავი.
მოკლედ, 1920-იან წლებში შობისა და ახალი წლის აღნიშვნა საბჭოთა კავშირში საერთოდ გაუქმებული იყო და თოვლის პაპაც ყინვების დადგომასთან
დაკავშირებულ ერთ-ერთ მითოლოგიურ პერსონაჟს წარმოადგენდა, რომელსაც რაიმე ზეიმთან და საჩუქრების დარიგებასთან არაფერი ესაქმებოდა.

საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საახალწლო და ნაძვის ხის ზეიმის აღდგენილი ტრადიცია სტალინის იმ ცნობილი ფრაზიდან იღებს სათავეს, რომელიც ბელადმა ქვეყნის მრეწველობაში კოლოსალური გამარჯვებებით გახარებულმა 1935 წელს სტახანოველთა პირველი საკავშირო თათბირის დროს წარმოთქვა -
"Жизнь стала лучше, жизнь стала веселее" (ცხოვრება გახდა უკეთესი, ცხოვრება უფრო მხიარული გახდა) პარტიული პროპაგანდისტი, უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი პავლე პოსტიშევი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც მნიშვნელოვანი ცვლილების მოახლოება იგრძნო და მანქანით მგზავრობისას სტალინს ჰკითხა, თუ რა აზრის იქნებოდა, საბჭოთა კავშირში ნაძვის ხის საახალწლო ზეიმი, რომ აღედგინათ. სტალინს ეს იდეა მოწონებია და უთხოვნია, ამ საქმისთვის თავადვე მიეხედა.

1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ "პრავდაში" გამოქვეყნდა პოსტიშევის მომცრო სტატია სათაურით "მოდით ახალ წელს ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხე გავუმართოთ", სადაც ნათქვამი იყო, რომ ნაძვის ხის ზეიმი ბურჟუაზიულ წამოწყებად მიიჩნიეს და აკრძალეს, მაგრამ ასეთი უკიდურესი, მემარცხენე გადახრა მცდარ პოზიციას წარმოადგენს. დროა, რომ ის გადაიხედოს და საახალწლო ნაძვის ხის დაგმობასაც ბოლო მოეღოს. ქვეყანაში არ უნდა დარჩეს არცერთი საბავშვო სახლი თუ კლუბი, დარბაზი თუ სასახლე, სადაც ახალ წელს ნაძვის ხე არ აღიმართება.
ასეც მოხდა. 1935 წელის მიწურულს საბჭოთა კავშირში პირველი ნაძვის ხე დადგეს, გამოიცა ზეიმის აღმნიშვნელი წესები, აეწყო სათამაშოების მასობრივი წარმოება და ამავე წელს გამოვიდა ჟურნალ "საბჭოთა სათამაშოს" პირველი ნომერი.

ერთ წელიწადში კი მოსკოვში კავშირების სახლში ნაძვის ხის გვერდით უკვე ფიფქიაც გამოჩნდა, რომელიც თოვლის პაპას შვილიშვილად გამოაცხადეს. რევოლუციამდე ფიფქიაც რუსული ზღაპრების პერსონაჟი იყო, თანაც - საკმაოდ საშიში, გაზაფხულის მზეთუნახავ ქალღმერთს განასახიერებდა და საახალწლო ნაძვის ხესთან საერთო არაფერი ჰქონდა.

პოსტიშევმა იმითაც გაითქვა სახელი, რომ 1930-იანი წლების რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორი აღმოჩნდა, თუმცა მალე თვითონაც დააპატიმრეს უკრაინის ტროცკისტულ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობაშიც დასდეს ბრალი და 1939 წელს დახვრიტეს. პროვოკაციული მიზნებით სწორედ მან აღმოაჩინა ასანთის კოლოფზე ტროცკის ფარული გამოსახულების კონტურები, ხოლო "მოყვარულთა" ძეხვის დაჭრისას ფაშისტების სვასტიკა დაინახა.

1944 წელს, დიდი სამამულო ომის დროს თოვლის პაპა სტალინისეული ჩიბუხის თანხლებით პირველად აღიბეჭდა ღია ბარათებზე. მაშინდელი მდგომარეობის შესაბამისად, მას საბრძოლო იერი ჰქონდა და შაშხანაც ეჭირა ხელში.

საბჭოთა თოვლის პაპას სამშობლოდ ითვლება ვოლოგდის ოლქის ქალაქი ველიკი უსტიუგი, სადაც სტალინი ორჯერ იყო გადასახლებაში, ხოლო ფიფქიას დაბადების ადგილად ვოლგის ნაპირზე გაშენებული ქალაქი კოსრომაა მიჩნეული. 31 დეკემბრის ღამეს, ჩრდილოეთის ყინვასა და სუსხში, ისინი საჩუქრებით დახუნძლულ ფართო მარხილზე მოკალათებულნი ერთად მოუძღვებოდნენ წინ ახალ წელს. ამ მარშრუტს 1930-იანი წლების კვალობაზე დღესაც "სტალინის ხაზი" - თავდაცვითი სისტემის სახელი ჰქვია, რომელიც კარელიის ყელიდან შავი ზღვის სანაპირომდე გადაჭიმულა.

მოკლედ, საბჭოთა კავშირში ნაძვის ხე ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა, მხიარული სათამაშოებითა და ბავშვური სიჯიუტით იმდროინდელ მოქუფრულ ცხოვრებას ოდნავ მაინც ანათებდა. მომავალ წელს საბჭოთა ნაძვის ხეს, თოვლის პაპას და ფიფქიას 85 წელი შეუსრულდება, ოღონდ ჩვენგან განსხვავებით დიდ რუსეთში სულაც არ დავიწყებიათ, თუ ვის სახელს უკავშირდება ამ ქვეყნად მათი მოვლინება.

ნაძვის ხისა და ლაპლანდიაში "გაჩენილი" სანტას შესახებ ევროპის ზოგიერთ კუთხეში მანამდე იცოდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში კი მხოლოდ შეძლებული ფენა თუ მისცემდა თავს მისი დადგმისა და მის გარშემო ზეიმის გამართვის უფლებას. რევოლუციამდე თოვლის პაპას ახალ წელთან საერთო არაფერი ჰქონდა.

სადღესასწაულო ილუმინაციები, სანტა კლაუსი, საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები ნაძვის ხის ქვეშ ელიან და რომლებიც შობა-ახალი წლისგან უკვე განუყოფელია, თანამედროვე საახალწლო ტრადიციაში დასავლური კულტურიდან დამკვიდრდა. ძველ ქართულ ტრადიციებს და თოვლის ბაბუას კიდევ ცალკე ისტორია აქვს, რომელზეც გაცილებით ხშირად იწერება და ამჯერად არ შევჩერდები.

უბრალოდ, პოლიტიკური თუ რელიგიური სენტიმენტების გარდა, არსებობს მრავალი ლამაზი ტრადიცია და სიმბოლო, რომელიც ახალი წლის დღესასწაულს საყოველთაო სიყვარულის, მოლოდინის და საზეიმო განწყობის საგნად აქცევს.

ფეხბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ჟორა
07 იანვარი 2020 01:32
არ ვიცი თოვლის პაპაა თუ დედა მიტოზი,ვიცი ერთი რომ დღეს საქართველოში ყველაფერი უკუღმართადაა.წელს მომიწია ახალი წლის შეხვედრა რესტორან ძველ მეტეხში.დარბაზში ისხდნენ სტუმრები ისრაელიდან,უკრაინიდან,ჰოლანდიიდან და მხოლოდ ერთ სუფრასთან რუსები.თორმეტ საათზე გამოჩნდა ზუსტად რომ დედა მაროზი რომელმაც ავლაბრული რუსულით მოგვილოცა ნოვი გოდის დადგომა,ზედ მიაყოლა რუსული შაყირების კორიანტელი და ამის მერე ე.წ. დიჯეიმ დაიწყო რუსული ესტრადის შედევრებით გართობა.მოკლედ როცა რესტორნის ადმინისტრაციას ვთხოვეთ რომ ცოტა რეპერტუარი შეეცვალათ,მან მოგვახსენა რომ ის შევარდნაძის დროიდან არის ამ რესტორნის დირექტორი და მშვენივრად იცის თუ რა არის საჭირო.მოკლედ უთავმოყვარეო ხალხი ვართ,არც იმას ვაქცევთ ყურადღებას რომ ეს რუსული ნოვი გოდის და დედ მაროზი,არავის აღარ სჭირდება თვით რუსეთშიც.მოკლედ ჩავრჩით 70იან წლებში,ვჭამთ,ვსვამთ,ვხეთქავთ და უთავმოყვარეო ვიქცევით როცა ყველაფერი თავზე გვენგრევა.
ნინო ცხვარაშვილი ავტორი
06 იანვარი 2020 12:04
რაც შეეხება ჩემი მკითხველის რეპლიკას: " ახლა ხომ გვაქვს ცამოწმენდილი ცხოვრება, ამ გვერდზევე იხილეთ გამოკითხვა საახალწლო ბიუჯეტის შესახებ......" მე მაგალითად ამ გამოკითხვაში მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან საახალწლოდ სულ 120 ლარი დავხარჯე:) რედაქტორების საყურადღებოდ: იქ, რომ იყოს მოცემული 300-ლარი ან ნაკლები მივიღებდი მონაწილეობას აუცილებლად:)
:((
04 იანვარი 2020 20:38
"მოკლედ, საბჭოთა კავშირში ნაძვის ხე ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა, მხიარული სათამაშოებითა და ბავშვური სიჯიუტით იმდროინდელ მოქუფრულ ცხოვრებას ოდნავ მაინც ანათებდა", ახლა ხომ გვაქვს ცამოწმენდილი ცხოვრება, ამ გვერდზევე იხილეთ გამოკითხვა საახალწლო ბიუჯეტის შესახებ......

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები