ეს აგრესია თუ მინიმუმამდე არ დავიდა, სერიოზული კატაკლიზმები გველის, ანუ დააკვირდით ვინ არიან ჩვენთან "სახეებად" მიჩნეულები - კვირის პალიტრა

ეს აგრესია თუ მინიმუმამდე არ დავიდა, სერიოზული კატაკლიზმები გველის, ანუ დააკვირდით ვინ არიან ჩვენთან "სახეებად" მიჩნეულები

როგორც ჩანს ასეთ ქვეყნად ჩამოვყალიბდით ნეგატიურს აქვს უკიდურესი სანდოობა, პოზიტიურის სანდოობის ხარისხი 1%-საც არ უდრის.

და მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად თითქმის ყველა დაიღალა ნეგატივით, აგრესია და "ძალადობა" არის მთავარი ფაქტორი, რითაც ამ საზოგადოებაში შეგიძლია მაგალითად თავი დაიმკვიდრო, ან სადმე თავი წარმოაჩინო, ან დაფასება მოიპოვო, ან გავლენები გაიფართოვო...

არ ვაჭარბებ. ამ დაფასების მაგალითებს ქვემოთ ჩამოვთვლი. მე, ამ საზოგადოების მსგავსად მაწუხებს ნეგატივი, მაგრამ ვცდილობ ეს ნეგატივი გავაპროტესტო. დღეს დავწერ არა მხოლოდ აგრესიის ფაქტებს, არამედ თუ როგორ მუშაობს ის ჩვენს საზოგადოებაში.

ჰო, მეჩვენება, რომ გარკვეულწილად აგრესია, ემოციურობა, ყვირილი ფასობს კიდეც ჩვენში. მაგალითად: შესაძლოა სამსახურში გყავდეთ ერთი შეხედვით განათლებული ადამიანი, რომელიც სერთიფიკატებს და დიპლომებს აგროვებს, მაგრამ თანამშრომლებთან თითქმის ყოველდღე ავლენდეს აგრესიას, მიმართავდეს უხეშად, რადგან ეს მას საკუთარი თავის აფიშირებაში სჭირდებოდეს.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი ქცევა მუშაობს. განვითარებულ ქვეყნებში რამდენ საქმესაც არ უნდა აკეთებდე და როგორი სპეციალისტიც არ უნდა იყო, ასეთ შემთხვევაში 100-ჯერ მაინც "ჩამოგალაბორანტებდნენ" და ბოლოს უსამსახუროდ დაგტოვებდნენ, რადგან "იქ" მსგავსი ქცევა არ მუშაობს.

თუნდაც სამსახურის ძებნის პროცესი აიღეთ. თუკი გასაუბრებაზე მოხვდით, ზემოთ მოყვანილი ადამიანის მსგავსად, ვიღაც, რომელიც ამტკიცებს, რომ რაღაც კი არა ყველაფრის გაკეთება შეუძლია და უკიდურესად ხმაურობს, მსგავს ქმედებას ქართულ კომპანიებში "გასავალი აქვს." 21-ე საუკუნეში არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ადამიანს, სულ რომ მთების გადადგმა შეეძლოს, სამსახურში არ მიიღებენ.

მხოლოდ ამ ორი მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რომ აგრესიულობას ჩვენში გარკვეულწილად დაფასება აქვს. ესე იგი ჩვენი საზოგადოების ტვინებში რაღაც არასწორად ხდება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული კვლევა სჭირდება რატომ არის ასე.

ზემოთ მოყვანილ მაგალითებს კიდევ ერთ უცნაურ ფაქტს მივაბამ. ქართულ ოჯახებში მბრძანებლური ტონით არა მხოლოდ ბავშვებს ესაუბრებიან, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც. არასოდეს მესმის აღმზრდელობითი ტონით რატომ მიმართავენ მეუღლეები ერთმანეთს. არადა, ეს ჩვენს საზოგადოებაში ნორმალურ ფაქტად ითვლება.

მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, რომ პირველყოფილ ადამიანს გარკვეულწილად სჭირდებოდა აგრესია ან ნადირობისთვის, ან თავის დასამკვიდრებლად... თანამედროვე ცხოვრებაში ყოვლად გაუმართლებელია მსგავსი რამ. მაშ, რა გვჭირს ჩვენ?!

რაც არ უნდა ხდებოდეს წივილ-კივილით, თითქოს ეს -ეს არის ომი დაიწყო ნიუსს არავინ კითხულობს. ჩვენთან პირიქით ხდება: "არიქა, პირდაპირ ეთერში ხართ! სასწრაფოდ მიპასუხეთ..." ვფიქრობ, ეს უკვე ფსიქიკური მდგომარეობაა...

ყოველდღე ვიწებებთ ცუდს და გვიკვირს რატომ ცხოვრობთ ცუდად. საზოგადოება სადაც ჭრის ყვირილი, აგრესია და არა რაციონალური აზრი, განათლება, სიმართლე ვერასოდეს განვითარდება. სხვების უფლებების და ღირსების შელახვა ცხოვრების წესად იქცა. ქუჩაში ვერ გამოხვალ, ყოველი მეორე მძღოლი ცდილობს აგრესიული მანევრირებით დაგანახოს, რომ ის შენზე მეტია.

ეს აგრესია თუ მინიმუმამდე არ დავიდა სერიოზული კატაკლიზმები გველის.

ვიდრე პოლიტიკოსებზე გადავალ, ჩემი სუსტი წერტილი მომხმარებლის, კლიენტის, პაციენტის მიმართ აგდებული და აგრესიული დამოკიდებულება უნდა ვახსენო.

განვითარებულ ქვეყნებში რა შეკითხვაც არ უნდა დასვა, ყველაფერზე სერიოზულად და პატივისცემით გპასუხობენ. ჩვენთან მენატრება ისეთ მაღაზიაში, დაწესებულებაში, სამედიცინო ცენტრში შესვლა, სადაც სწორედ მოგემსახურებიან.

თითქოს ჩვენს მენტალიტეტში გამჯდარია ირონიული, რიგ შემთხვევაში აგრესიული დამოკიდებულება, რომ ამ ქცევით თავისი უპირატესობა დაამტკიცოს. კი, ბრაზობთ, როცა ვწერ, მაგრამ საბჭოთა დროს იყო ასეთი მომსახურება და ეს ინერციით გრძელდება.

გამოსავალი არის, მაგრამ პოლიტიკური ნება არა. სწორი ხედვის ადამიანები გვჭირდება სათავეში, ვისაც ეს გამეფებული აგრესია წვრილმანი პრობლემა არ ჰგონია. ვინც ჩემსავით რუდუნებით გაწერს რა როგორ უნდა იყოს თითოეულ სტრუქტურაში და მერე დაიწყებს მის დამკვიდრებას.

დააკვირდით ვინ არიან ჩვენთან სახეებად მიჩნეულები - აგრესიით სავსე პოლიტიკოსები და საეჭვო რეპუტაციის, დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანები და ამის შემდეგ ქვეყნის განვითარების შედეგები გვიკვირს?!

ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებიც არღვევენ კანონს და საკუთარი ქვეყნის სამართალდამცავს მიმართავენ აგრესიით: "ბიჭო, ნუ მეხები!" "ჩვენს მხარეს უნდა გადმოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათავეში, რომ მოვალთ ყველას დაგხსნით!"

წარმომიდგენია, რა რეაქცია მოჰყვებოდა ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ტიპის ქცევას. მედია, საზოგადოება, ქვეყანა ერთ პოზიციაზე იქნებოდა ასეთი აგრესიული პოლიტიკოსის მიმართ.. მაგრამ, ჩვენთან თუ გინდა მაგარ ბიჭად ჩაგთვალონ ერთხელ მაინც უნდა იხულიგნო. ჰო, ასეა რადგან ეს აგრესია ჩვენთან, სამწუხაროდ მუშაობს. მე არ ვსაუბრობ ცხვრებივით მორჩილებაზე და იმაზე, რომ პროტესტი არ გქონდეს, მაგრამ უდიდესი სიბრიყვეა ასეთ პოლიტიკოსებს მივცეთ ძალაუფლება.

მე მჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობა ჩემს მიმართ. ასეთი პოლიტიკოსები კი მსგავს სახელმწიფოს ვერ შექმნიან. ეს არის მკვეთრად უსამართლო მიდგომები, რამაც ადამიანის სიცოცხლისგან და საზოგადოებისგან გაუცხოება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ყოველი მეორე ადამიანი ცდილობს თავი წარმოაჩინოს აგრესიით; "აი, მეც მაგარი ვარ!" ..

ჰო, კიდევ, როცა სიმართლეს დაწერ ან იტყვი იწყება მუქარა იცი რას გიზამ, უსამსახუროდ დარჩები და ასე შემდეგ... სიმართლე შესაძლოა არც განვითარებული ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებს ეხატებოდეთ გულზე, მაგრამ იქ მუქარის ნაცვლად იწყება მოკვლევა, რა ეტაპზე და როდის შეეშალათ, როდის იყო დარღვევა და ასე შემდეგ.

გამოდის, რომ ჩვენ ვართ აგრესიული საზოგადოება და საქმე საქმეზე, რომ მიდგება მხოლოდ მოზარდების კრიტიკას ვიწყებთ.

მეგობრებო, როდესაც არასწორი პოლიტიკოსები იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ეს არ ქმნის სამართლებრივ გარემოს. საზოგადოებას უჭირს სწორი შეფასებები. ეს თავის მხრივ წარმოშობს უნდობლობას, ეს უნდობლობა კი აგრესიის მთელ ჯაჭვს. ასეთი ცხოვრება კი აუცილებლად მიგვიყვანს კატასტროფამდე თუ გონს არ მოვეგეთ და არ დავიწყეთ იმ პრობლემების ძირეული გაანალიზება, რაც განვითარებაში გვიშლის ხელს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს