პოპულისტურ ხერხებად დახურდავებული ქალაქის ურბანისტიკა - კვირის პალიტრა

პოპულისტურ ხერხებად დახურდავებული ქალაქის ურბანისტიკა

"ხალხი, რომელმაც დააგროვა ესევითარი სიმახინჯე და უგვანობა, გამაგებინა, სად მიდის ნეტავ, როცა დაჰკრავს არყოფნის ზარი, რომელ გაყინულ პლანეტაზე დაიდებს ბინას..." - ნაირა გელაშვილი ამ სიტყვებს თავის დროზე უსახურ მშენებლობებზე წერდა. უფრო სწორად უგულოდ ამგებ მათ პატრონებზე. და ეს სიტყვები ზუსტად ასახავს თბილისის მშენებლობების მდგომარეობას. რა შეიძლებოდა მეთქვა ამაზე მძაფრად?

ეს კერ კიდევ მანამ იყო, ვიდრე მასიური უსახო მშენებლობებით "გადაჯეგავდნენ" ჩემს ქალაქს. წარმოიდგინეთ იმ დროს, როცა თბილისი იყო გაცილებით სადა, მაგრამ ჩანს, მწერალი ამ მშენებლობების უსახურობას და უგემოვნობას იმთავითვე გრძნობდა.

ნაირა გელაშვილი ჩემზე გაცილებით უფროსი, ჩამოყალიბებული, მწერლური გემოვნებით გამოირჩეოდა თავიდანვე, მაგრამ მე რატომღა მქონდა დაუსრულებელი მოლოდინი ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, როდის შეიცვლებოდა ის არაფრისმთქმელი, ნაცრისფერი სტანდარტი თანამდროვე შენობებით. მაგრამ, იმედი არ ჩანდა.

ხანდახან ვფიქრობდი, რომ არქიტექტორი ბავშვობაში "კუბიკებით" აგებდა სახლებს. ამ თამაშ-თამაშში უყვარდებოდა "აგების პროფესია", მაგრამ ვერ ვხსნიდი ვერანაირად რატომ არ უვითარდებოდა გემოვნება და უკვე ზრდასრული ისევ, ერთ ბეტონს მეორეს რატომ "ატყეპებდა?"

დავდივარ დედაქალაქის ქუჩებში და თუ რამე ნორმალური შენობა მხვდება ყველა უცხოელის აგებულია. თუ საბჭოთა პერიოდის შენობებს შეადარებ, ხვდები, რომ ორი ტიპის სახლებს აშენებდნენ მაშინ და ახლაც არაფერი შეცვლილა.

შე, დალოცვილო ინვესტორო, მაინც ხომ მოგებას ქალაქის იერსახის ხარჯზე იღებ, მოიყვანე თუნდაც უცხოელი არქიტექტორი, რომ განსხვავებული დიზაინის კორპუსები ააგო. ან უბნებს ჰქონდეს განსხვავებული სტილი, რაღაცით გამორჩეული მეორისგან. ან იმ სიმახინჯეებისგან გაგვათავისუფლე, ქალაქს რომ კლავს! ან შენ რაღაში გჭირდება ასეთი "მოგებული" ფული?! ეს ქალაქი ჩვენი არ არის? ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ?!

ამასწინათ ჩემი უცხოელი მეგობარი იყო ჩამოსული თბილისში. ავლაბარში აღმოვჩნდით ერთ დღეს და მეტროს თავზე გრძელი კორპუსი, რომ დგას იმაზე მეუბნება: "ამ უხეში ვიზუალის მეშინია, აშკარად რაღაც უარყოფითი აურა აქვს. ალბათ ანგრევენ?" გამეცინა და ვუთხარი, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსია და შიგნით ხალხი ცხოვრობს. ვერაფრით დავაჯერე. მართლა ვერაფრით დავაჯერე. "შენობას და თანაც საცხოვრებელს ამგვარს ვერასოდეს მოვიფიქრებდიო."

ეს კიდევ მყარი შენობაა იმათგან განსხვავებით, რომელსაც კორპუსსა და კორპუსს შორის დგამენ ყოველ დღე. რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქალაქის იერსახეს და მის მომავალს.

ბუნებრივია ყველა უცხოელ მეგობარს ვეკითხები, როგორ არის იმათ ქვეყნებში ეს საკითხი მოგვარებული. ძალიან ხშირად, განვითარებულ ქვეყნებში, როცა ხალხი რომელიმე ადგილის გაყიდვაზე ღელავს, ხელისუფლების პასუხია: თქვენ გადაიხადეთ იმდენი, რასაც ინვესტორი იხდის და აღარ გავყიდით. მაგრამ, ახალი შენობა მტკიცდება შესაბამისი სამსახურის მიერ, შემდეგ იკვლევენ იმ უბანს, იმ გარემოს "უხდება" თუ არა. მტკიცდება შესაბამისი არქიტექტურა. ის, კონტექსტიდან ამოვარდნილი არასოდეს არის. ტარდება არქეოლოგიური კვლევა. არა გაქვს უფლება ოფისი ააგო და მერე საცხოვრებლად გადააკეთო. ან საცხოვრებელი ააგო და წლების მერე თავზე რაღაც დააშენო....

ასეა ყველა მეგაპოლისი, მას აქვს ერთიანი სტანდარტი ყველა სფეროში მშენებლობებიდან დაწყებული, ის არ ერგება ერთი მმართველის გემოვნებას. მას არ აინტერესებს ვინ წავა ან მოვა სათავეში. მისი სტანდარტი ხელშეუხებელია და წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ამიტომაც განტვირთავს და იტანს ხალხმრავლობასაც, მრავალეროვნულობასაც, სიახლესაც და სხვადასხვა კულტურასაც...

საქართველოში ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება, სად და როგორ უნდა გადაიხუროს შენობები. რა მასალა უნდა გამოიყენონ. რომელ უბანს, როგორი ტიპის შენობა მოუხდება და ასე შემდეგ.

განვითარებულ ქვეყნებში აღარ ხდება ასე, რომ ინვესტორმა ფული გადაიხადა, ადგილი მივყიდეთ და თავში ქვა უხლია, აღარ გვაინტერესებს რა მოხდება. არ ხდება ასე. არა!!!

განა რა გვჭირს ქართველებს ასეთი, რომ ფული ყველაფერს წონის? ჩემი ქალაქი ვეღარ აკმაყოფილებს ყველა ახალგამომცხვარი თუ ფულიანი ტიპის მადას.

შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, ქალაქური პრობლემატიკა დახურდავებული იყო პოპულისტურ ხერხებად (ყველა ხელმძღვანელს ვგულისხმობ, მათ შორის ოპოზიციასაც) და ამიტომ ყველა ხელისუფლებას აქვს სათქმელი: "მე ცუდი მემკვიდრეობა დამხვდა, ვცდილობ, გამოვასწორო" და გამოსწორება შეუძლებელია, ვიდრე ჩემი ქალაქი მავანთა საცდელი ობიექტი და პოპულიზმის საგანი იქნება.

ქალაქს ვერ მართავ, თუკი არ გაქვს ცოდნა იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. თუ არ იცი, რა ცვლილებები განიცადეს მაცხოვრებლებმა, ვერ მიხვდები - რა გამოწვევებს უპასუხო ხვალ. ადამიანებისათვის შესაფერისი და სასურველი საცხოვრისის შესაქმნელად სწორედ ეს ცოდნა გვჭირდება. ამ ცოდნას განვითარებულ ქვეყნებში სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები ქმნიან. ჩვენთან კი აკადემიურ-ინსტიტუციური ბმა ქალაქსა და ადამიანებს შორის კარგა ხანია დაირღვა. ჩვენთან მართვა ამ კუთხით სპონტანურად ხდება.

ჩვენ ვცხოვრობთ ფასადურ რეალობაში და თუ ჩავთვლით, რომ ეს ფასადი გვიჩვენებს თითოეული ერის ისტორიას, მათ შეგნებას, მაშინ მართლა რა წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ ჩვენს მომავალ თაობებს ან სხვა ერებს ჩვენზე, როდესაც თბილისს ზემოდან გადმოხედავენ?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს