უმნიშვნელოა, "ციხის უფროსი" მიშა იქნება თუ გრიშა... ანუ რატომ აღარ გამოვა ხალხი ქუჩაში - კვირის პალიტრა

უმნიშვნელოა, "ციხის უფროსი" მიშა იქნება თუ გრიშა... ანუ რატომ აღარ გამოვა ხალხი ქუჩაში

ნინო ხარატიშვილის წიგნს ვკითხულობ. მახსოვს, გააკრიტიკეს ქართულ, კულუარულ წრეებში, ასე ზუსტად რატომ დაწერა გერმანიაში და სწორედ მათ ენაზე ქართული ნაკლოვანებების შესახებო. ჩვენ ხომ ნაკლოვანებებზე დაფიქრება არ გვიყვარს და არც მის გამოსწორებაზე ფიქრი. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ქუჩაში მიტინგები და კარვები გვირჩევნია და შეძახილებში დროის კარგვა, ვიდრე რეალური ქმედებები.

მოკლედ, წიგნში არის ერთობ ნიშანდობლივი დეტალები, რაც ამ უაზრო პოლიტიკურმა პროცესებმა გამახსენა: "მე მგონია, ჩვენს ქვეყანას შეუძლია იყოს უაღრესად კომიკური (და არა მარტო ტრაგიკული), ჩვენს ქვეყანაში ძალიან იოლად ივიწყებენ კიდეც და აინუნშიც არ აგდებენ საკუთარ ჭრილობებს, საკუთარ შეცდომებს. უფრო მეტიც, თვალს ხუჭავენ უსამართლოდ მიყენებულ ტკივილზე, ჩაგვრაზე, მარცხზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვუჭახუნებთ ჭიქებს და ვხალისობთ. ეს მართლაც, რომ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ იმ მწვავე მოვლენებს, რაც ბოლო წლებში გადავიტანეთ, რომელთა შედეგებსაც დღემდე იმკიან ადამიანები".

შეუძლებელია არ დაეთანხმო. შეუძლებელია გუშინდელი მკვლელი დღეს გმირად გამოაცხადო. შეუძლებელია მუდმივად უადგილო ადგილას უკრავდე ტაშს. შეუძლებელია სისტემის ჩამოშლაში გულისხმობდე მხოლოდ ერთ ადამიანს, რაც გინდა ფულიანი და გავლენიანი იყოს ის...

პირველ რიგში ხელისუფლებას შევახსენებ, რადგან ძალაუფლება მის ხელშია და მერე ოპოზიციას: სამართლიანობის აღდგენა ვერასოდეს იქნება მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის თვალის გასწორება და დამნაშავეების დასჯა. უსამართლო მმართველობის და დანაშაულის დაუშვებლობა, პირველ რიგში ხდება საკუთარი თავიდან, საკუთარი ხელისუფლებიდან.

რაგინდ სამწუხაროც არ უნდა იყოს, 28 კი არა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი ვერ მოვახერხეთ საერთო აზრის ჩამოყალიბება, თუ რა არის თავისუფლება, რა იგულისხმება ამ თავისუფლებაში და ამიტომ ყველა უკულტურო, ადამიანის უფლების დამრღვევი, კონფორმისტი და კორუმპირებული, სიტყვა "ბრძოლას" იყენებს. თავისუფლებისთვის ბრძოლას.

მე დღეს დავწერ აპრილში რატომ არ გამოვა ხალხი ქუჩაში.

პირველ რიგში მარტივ მამრავლებად დაშლილი "ნაციონალების" გასაგონად ვიტყვი: როდესაც სისტემის ჩამოშლაზე ლაპარაკობთ, უნდა გახსოვდეთ, რომ სისტემა, რომელიც ყველას მოგვბეზრდა მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა საბჭოური სისტემის ოდნავი სახეცვლილებით...

დღევანდელი ხელისუფლება პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას საფრთხედ აღიქვამს და ეშინია. მას ეზარება ძველი სისტემის დანგრევა. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე, ანუ ხალხზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით, სამართლიანობით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და მის რეგრესზე მუშაობს.

თქვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ძირეულ ცვლილებებზე საუბრობდეთ, საკუთარ შეცდომებს აღიარებდეთ, სისტემას - ერთ კაცს ეძახით, რომლის წასვლის შემდეგაც, ეჭვი არ მეპარება იგივე მმართველობით გააგრძელებთ არსებობას.

აქვე შეგახსენებთ: "ნაცმოძრაობა" ზუსტად ამ სისტემით შეურაცხყოფდა ადამიანის ღირსებას, იგივე სისტემით კლავდა მოქალაქეებს, იგივე სისტემით იპარავდა, იგივე სისტემით ჰყავდა კორუმპირებული "კაი ბიჭები" საკუთარ გარემოცვაში, იგივე სისტემით ჰქონდა გავლენები და პირად ინტერესებზე ორიენტირებული პირები ახერხებდნენ პარლამენტში მოხვედრას, ზუსტად იგივე სისტემით არ რცხვენოდა მშიერი ადამიანების... რამდენი რამ ჩამოვთვალო? მსოფლიო ვითარდება და ჩვენთან, სწორედ ამ სისტემის გამო, მიტინგებისა და კარვების ეპოქა არ სრულდება.

მოსახლეობის ძირითადი მასა, რაც გინდა ირონიული დამოკიდებულება გქონდეთ მის მიმართ, მიხვდა, რომ ერთი "ციხიდან" გამოქცევა და მეორე "ციხეში" საკუთარი ნებით შესვლას აზრი აღარ აქვს, უმნიშვნელოა, "ციხის უფროსი" მიშა იქნება თუ გრიშა, ვიდრე  სისტემა და მიდგომები არ შეიცვლება, ვიდრე არ მოხდება ჩვენი მენტალური ტრანსფორმაცია, რომელიც გვაშორებს ცივილურ სამყაროს.

"სწორი კურსით" რომ მივდივართ იქიდანაც ჩანს, - ბოლოდროინდელ აქციებზე ქვეყნის გადამჭმელი პოლიტიკოსის შვილები, რომ დომინირებენ... რა სამწუხაროა, ამ ქვეყანაში ძალაუფლებასაც უკვე მემკვიდრეობით იღებენ.

ვლადიმერ ვისოცკიმ ერთ დროს იმ ეპოქას უმღერა. სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩემი ქვეყნის თანამედროვეობას ისევ შეეფერება, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: "მარადიული ცირკი, სადაც შეპირებები ბუშტებივით სკდება,/ იხარეთ ვისაც შეგიძლიათ/ დიდი ცვლილებები? სიტყვებია მხოლოდ/ ვეღარ ვიტან ამ ყველაფერს, გული მერევა."

ნინო ცხვარაშვილის ბლოგი