კვაზირელიგიის დამკვიდრება ანუ მიდის თუ არა ეკლესია სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ
კვაზირელიგიის დამკვიდრება ანუ მიდის თუ არა ეკლესია სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ
კვაზირელიგიის დამკვიდრება სურთ იმ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან ქრისტესთან თანაზიარებაში. უღმერთო ადამიანები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ქრისტეს ეკლესია არ შეურაცხყონ, არ განიკითხონ... სოციალური ქსელის ჩართვა აღარ მინდა, იმდენჯერ შემხვდა ბოლო დროს სიტყვა: "ბნელი", "ბნელები", ვიფიქრე ქრისტეში თუ სიბნელეა, მაშ რაღა უნდა იყოს ნათელი.

ეკლესიის მიმართ ამ მიზანმიმართულმა აგრესიამ დამაწერინა ეს ბლოგი. ბუნებრივია, მე რომის პაპზე უკეთესი კათოლიკე არ ვარ, მაგრამ ჩემი თავი მინდა დავარწმუნო იმაში, რომ ეს არ არის
სიბრიყვით გამოწვეული, არამედ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა...

ზიარების საიდუმლო არის ღვთიური საიდუმლო, რომელიც გაცილებს ცოდვებს და აქედან გამომდინარე, დაავადებებს. გაჯანსაღებს, სულიერად გაძლიერებს, გიცავს განსაცდელისგან. საღვთო ზიარებას მომაკვდავი ადამიანებიც მოუბრუნებია სიცოცხლისაკენ. სიმსივნით დაავადებულებიც განუკურნავს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ განსაცდელის ჟამს ქრისტეს ეკლესიას
აკითხავენ სულის გადასარჩენად, გარეგნული ბოროტი ძალების დასათრგუნად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს ადამიანებმა, რომლებიც ორი სამი კვირის განმავლობაში მარხულობდნენ იფიქრეს, შესაძლოა გართულდეს უფრო სიტუაცია, არავინ იცის როგორ განვითარდება პროცესები, არ დავრჩეთ უზიარებელი დიდ მარხვაშიო და მეორე დღეს ამის გამო მივიდნენ ეკლესიაში.

არავითარი ჯიბრი და რეგულაციების იგნორი ამაში არ ყოფილა. ეს იგივეა, თავი მტკიოდეს საშინლად, ვიცოდე სად დევს წამალი და არ მივიდე გამოსაყენებლად იმის შიშით სხვა რას იფიქრებს, ან სხვა არ იყენებდეს მას სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მრევლი ეკლესიაში გამოცხადდა (რაც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ადგილებში და ამაზე მოგვიანებით დავწერ) ზოგმა მოძღვარმა ზოგს უთხრა, რომ ემოციურად არ შეეხედათ ამ საკითხისთვის. შეეძლოთ სხვა დროს ზიარებულიყვნენ. მოთმინებაში გაძლიერებულიყვნენ და ბევრი ხალხი რომ არ ყოფილიყო ნაწილი სახლში გაუშვა. რამდენიმე ეკლესიამ მოახერხა და მრევლის წევრების დისტანცირება შეძლო ერთმანეთისგან.

არ არის აუცილებელი ყველა ხედავდეს სინათლეს. ყველას სწამდეს... ყველას ერთნაირად მოსწონდეს რაღაც, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება თვითონაა სიცოცხლისა და ღვთიური ენერგიის წყარო და როგორ შეიძლება ის რაიმე სახით სახიფათო იყოს?

მეორე დღესვე, როდესაც კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 47-დან 53-მდე გაიზარდა, მთელი ქარცეცხლი დაატყდა ეკლესიას და მის მსახურებს. თითქოსდა ხელისუფლების და ექიმების თავდადებას ეკლესია წყალში ყრიდა.
თუმცა, არანაირი წყაროთი არ დასტურდება, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება ეკლესიის წიაღიდან მოხდა. ეს ერთი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ხალხის უმრავლესობა სუპერმარკეტებში გაიქცა და იქ იყო მაპატიეთ და ზედახორა. თუმც, არსად მომისმენია სუპერმარკეტის მენეჯმენტის დამცირება და ლანძღვა.

რაც შეეხება მთავარ თემას: ერთი კოვზით ზიარების ამბავი საერთოდ არ არის კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებული. "დაგუგლეთ" გთხოვთ და ნახავთ, ვისგან და რამდენი ხნით ადრე დაიწყო ამაზე საუბარი. მაშინაც, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საფუძვლით. კორონა ვირუსმა კი სულზე მოუსწროთ და გაამძაფრეს კრიტიკა ამ მხრივ. ეს უკვე მანიშნებელია მიზანმიმართული შეტევისა იმაზე, რაც წმინდაა და ძალა აქვს.

როგორი მატერიალისტური საზოგადოება ვართ. ვაჯერებთ ჩვენს თავს, რომ გვჭირდება საკვები, წყალი, წამლები მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში სული. ძალიან ხშირად ხდება, რომ ვიცავთ ცოდვას და არა სიკეთეს. ოდნავ სულიერნი რომ ვიყოთ ყველა სიტუაციაში მტრის ხატის ძიებას არ დავიწყებდით. აი, ყველა კარგად იქცევა და ის ერთი (ამ შემთხვევაში ეკლესია) წყალში ყრის ყველაფერს. სოც. ქსელი ამის ნათელი მაგალითია.

მთელი ჩემი ბლოგები მიმართულია იქითკენ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დადგენილ წესს უნდა იცავდეს ერიც და ბერიც. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია სწორად მოიქცა. მას თავი არ აურიდებია სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არც ის უთქვამს, რომ არ ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს.

რაც შეეხება ზოგად წესებს ათ კაცზე მეტის შეკრების დისტანციის დაცვის, პირადი ჰიგიენის და სხვა, ყველგან ერთნაირია არა? მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე დასჭირდათ წესრიგის დასამყარებლად სუპერმარკეტებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაჭედილი იყო და ასე შემდეგ, აგრესია მაინც ეკლესიის წინააღმდეგ წამოვიდა.

მოკლედ, ვფიქრობ რომ რთულ სიტუაციაში სახელმწიფოც და ეკლესიაც ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, როგორც ამას უღმერთოები წარმოაჩენენ და სურთ კვაზი რელიგიის დამკვიდრება, არამედ ერთად უნდა მოქმედებდეს. ოქროს შუალედი კი ქვეყნის პასუხისმგებელმა პირებმა იმ ადამიანებთან ერთად უნდა გამონახონ, ვისთვისაც საღვთო წირვა ერთი რიგითი რიტუალი, რაღაც ამოჩემებული ქცევა და დაცინვის საგანი კი არ არის, არამედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის უმაღლესი საფეხურია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (19)
ლაშა
08 აპრილი 2020 12:09
ავტორს: ძალიან მაინტერესებს თუ დაწერთ იმაზე რომ ილია მეორემ “ექიმებს დაუჯერა” როცა საქმე მის ჯანმრთელობას,უსაფრთხოებას ეხებოდა,არ წავიდა ხარება დღეს ეკლესიაში და მდიდრულად მორთული რეზიდენციიდან მოუწოდებს სხვებს ეკლესიები არ დაიკეტება,მიდით იქ ილოცეთო... ასევე მაინტერესებს თუ დაწერთ ქორეპისკოპოს იაკობის კუნთების თამაშზე: პატრული მოვიდა და წავიდა,მაგათ მე აქ არაფერს გავაკონტროლებინებო...კიდევ მაინტერესებს იმ მეუფეზე თუ რამეს დაწერთ გუშინ რომ თქვა თუ ინფიცირებულია ადამიანი,არ იცის ამის შესახებ და ეკლესიაში მოვა ეკლესიიდან გამოჯანმრთელებული წავაო...თან კორონაზე პასუხისმგებლობა მრევლს რომ შეტენა: თუ ზიარების დროს ვინმე დაინფიცირდა ჩვენი ბრალი კი არაა,მისი ბრალია რადგან უღირსად ეზიარაო...კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს,მაგალითად თუ ბარსელონის ქართულ ეკლესიაში შეიძლება წირვის მრევლის გარეშე ონლაინ ჩატარება რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოში?ან ჩვენ,საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას რომ გვეხება/ვემორჩილებით საკარანტინო წესებს თქვენ,”მრევლი” ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და არ გეხებათ წესები?რატომ აყენებთ თქვენს თავს კანონზე და დანარჩენ მოსახლეობაზე მაღლა? ეს არის ქრისტიანობა?
სამწუხაროდ
05 აპრილი 2020 00:36
ეს ,,მორწმუნეები" როგორც მათი ჯიუტობიდან ჩანს ქვეყნისათვის დაკარგული ხალხია, მათ თვის საქართველო აღარანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს
ლაშა
01 აპრილი 2020 16:33
ავტორს: რატომ გვაბულინგებთ ეს “მრევლი”?რატომ გინდათ რომ ყველას თქვენებურად ესმოდეს და სწამდეს? წადით ბატონო ტაძარში,თუ გნებავთ ეზიარეთ კიდეც,მაგრამ ეკლესიიდან გამოსულებმა ეგრევე 2 კვირიან კარანტინი გაიარეთ...ოკ? თქვენ გწამთ რომ არაფერი დაგემართებათ,მაგრამ ყველა თქვენნაირად არ უყურებს ამ საკითხს და ისედაც მხოლოდ ის ხალხი არ ცხოვრობთ საქართველოში ვინც თავს მართლმადიდებლებს უწოდებთ,აქ არიან კათოლიკეები,გრიგორიანელები,იუდეველები,მაჰმადიანები და სხვა...თქვენი რწმენის თუ პრინციპების გამო რატომ უქმნით სხვას საფრთხეს?ასეთი “მრევლი” და “მამაოები” ახლოსაც არ ხართ ჩავლილი ქრისტიანობასთან...მათ უმეტეს კორონამ დაამტკიცა რომ არ არჩევს მორწმუნეს,ათეისტს,მაჰმადიანს,მართლმადიდებელს,პრეზიდენტს თუ მუშას...მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი...
ნინო ცხვარაშვილი ავტორი
31 მარტი 2020 16:25
ძალიან არ მინდოდა კიდევ ერთი კომენატერი დაწერა, რადგან მტკიცებით ფორმაში რელიგიაზე საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მართლმადიდებლობა არის ყველაზე დიდი თავისუფლების რელიგია, რომლის უკანაც ქრისტეა. მე არ ვარ ფანატიკოსი მკაცრ წესებზე ვისაუბრო. გულწრფელ ლოცვას და სიყვარულს გადაურჩენია კეთროვანებიც და ჭირიანებიც...
ამიტომ იმაზე ქირქილი, რომ მაინცდამაინც ეკლესიის კედლებში უნდა ილოცოს ადამიანმა არის თქვენი მოგონილი და არა ქრისტიანის.
ამ ბლოგის შემდეგ საშინელ მესიჯებს მიყრიან მესინჯერში. თითქოს ვიღაცეები ჯიბრზე წავიდნენ დღეს ეკლესიაში და აი თქვენი ქრისტიანობა. ვიღაცის ჯიბრზე რამის გაკეთება საერთოდ არ იქნება შესმენილი ღმერთის მიერ და არც სასიკეთოა ვინმესთვის.
ისე კი არაერთ წმინდანს დავასახელებდი, საკუთარ გულში, სახლში და უდაბნოში რომ ულოცია და უძლევია ცოდვებისთვის...
ძალიან მეცინება ყველა რომ აზიარებთ ინფორმაციას ათონის მთაზე მღვდელი თუ ბერი დაინფიცირდაო:)) გრიპიანი მღვდელი არ გინახავთ ან ვირუსიანი? ან უფრო მძიმე დაავადებით დასნებოვნებული სასულიერო პირი და ამ სნეულებისგან გარდაცვლილი?

ადამიანიდან ადამიანზე ნებისმიერი დაავდების გადადება არის შესაძლებელი. მაგრამ წმინდა ზიარებიდან ხალხი ან იკურნება ან არ სნეულდება!
სადაც არ არის ზიარება იქ არ არის ეკლესია!
როდესაც კოვზზე ლაპარაკობთ ამაზეც მეცინება, რადგან თქვენ ლაპარაკობთ გარეგნულ ფორმაზე და არა შინაარსზე, რომელიც გადაწონის გარეგნულს.
ეს არის წმინდა მამების დადგენილი, კანონიკური წესი და ქრისტეს მოძულეები მას ვერ შეცვლიან. რომც, შეიცვალოს ხვალ, თქვენ ხომ იცით, რომ მთავარი მიზანი არის ქრისტიანების ჯვარზე გაკვრა, ზიარების წესის საერთოდ მოშლა და არა ერთი ატრიბუტი. ეს არის ჩვეულებრივი ანკესი ადამიანების წამოსაგებად და ჭაობში ჩასათრევად.
ამიტომ აღარ გავაგრძელებ. ერთჯერადი კოვზით შეგიძლიათ მურაბა ჭამოთ სახლში და კინოს უყუროთ. რა შუაშია სულიერება თქვენთან, როცა ადამიანების ჯანმრთელობის სახელით მაზიარებლებს "კოვზისმტლოკავებს" უწოდებთ((

რაც შეეხება სიფრთხილეს. ეკლესიის მხრიდან სიფრთხილე იყო პირველივე დღეს და მაგაზე დავწერე ბლოგი.
დღეს კი, როდესაც ქვეყანაში მასშტაბური კარანტინი გამოცხადდა, ვფიქრობ მოიძებნება ოქროს შუალედი, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ეკლესიამ და "მართალმა" მრევლმა იცის, რომ სიფრთხილეც საჭიროა და ღვთის შეწევნაც.
ღვთის წყალობის გარეშე კი ვერანაირ სნეულებას ვერ დაძლევთ:)
ჯონი
31 მარტი 2020 14:57
ერთი კითხვა მაქვს, ეკლესიისა და რწმენის მდევნებლების მიმართ. მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებით იტალიაში დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის გათვალისწინებით, იქ ხომ არ ეზიარებიან ერთი კოვზით და ერთი ბარძიმიდან, რატომ არის იქ ეს პანდემია ასე ტოტალურად მოდებული? მითუმეტეს, მათ ხომ ჩვენზე უკეთესი ცხოვრების პირობები აქვთ!?
კითხვა ავტორს
30 მარტი 2020 11:36
თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ზიარების დროს საერთო კოვზიდან ვირუსის გადადება? კოვზში ვგულისხმობ კოვზს და არა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
გელა
30 მარტი 2020 10:48
დავიწყებ იმით,რომ ზოგადად ეკლესიაზე შეტევა იყო,არის და იქნება,რადგან სატანის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის.ამ შეტევის განეიტრალება კი პირველ რიგში სასულიერო პირების მოვალეობაა, და ეს მათ საკუთარი ქცევით და ცხოვრების წესით უნდა მოახერხონ-მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ნდობა.რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარებას-იესოს თავისი მოწაფეები კოვზით არ უზიარებია.კოვზით ზიარება ადამიანების დადგენილია და ადამიანებსვე შეუძლიათ ამ წესის შეცვლა.ათონის მთაზე ამ ვირუსით მონაზონი დაავადებულა.თქვენი აზრით აზიარებენ ამ მონაზონს საერთო კოვზით? გამოსცდიან ღმერთს?
Ლუკა
30 მარტი 2020 01:09
Სხვას რომ თავი დავანებოთ ეკლესიამდე და სახლამდე ხომ ისევ საზოგადო ტრანსპორტით ვმოძრაობთ და გადადების რისკს ვზრდით? Სულიერებას საჭმლისგან განსხვავებით სახლიდან გაუსვლელად ვერ შეიძენ და სასურსათო მაღაზიასთან ეკლესიის შედარება უადგილოა. Ღმერთიც და ლოცვაც ეკლესიამდეც და მის შემდეგაც იყო და იქნება. Რიტუალი კი ხშირად იქ არის სადაც სწორედ რწმენის დეფიციტია, რიტუალი ხომ გვაზუთხინებს რა და როგორ უნდა გვწამდეს.
დიოგენე
29 მარტი 2020 23:15
რისი თქმა გინდა ამ სტატიით ბლოგერო ვერ გავიგე, ანუ, ეკლესიაში უნდა იაროს ხალხმა და ერთი კოვზით ეზიარონ? თუ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეების ქცევა დამოკიდებულია იმაზეა თუ ვის რა და ვისი სჯერა, გამოდის რომ ყველა ადამიანს შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა და ეს გაამართლოს იმით, რომ მას ამის სჯერა. დღეს კაცობრიობის ბრძოლა მიმდინარეობს პანდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში იზღუდება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და ეს უნდა აღიაროს ყველამ, მიუხედავად იმისა ვის რისი გვჯერა. ეკლესიას რისი დამტკიცება უნდა ამ სიტუაციაში? რომ არის საზოგადოების ის ნაწილო რომელსაც პანდემიის არ სჯერა, ან არ ეშინია, თუ იმის რომ შეუძლიათ ამ პანდემიის დამარცხება? არ შევეხები "მჯერა - არ მჯერას" ან "მეშინია - არ მეშინიას" განხილვას, მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ მას შეუძლია ამ პანდემიის დამარცხება, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და სახელმწიფოს შესთავაზოს ამ კრიზისული სიტუაციის მართვის საკუთარი გეგმა და ჩაანაცვლოს კრიზისების მართვის ჯგუფი საკუთარი წარმომადგენლებით და მიიღოს გადაწყვეტილებები რომელიც სავალდებულო იქნება ყველა მოქალაქისთვის (დამერწმუნებით რომ ამას არც თვითონ გაბედავენ და საბედნიეროდ არც ნებას დართავენ, მაგრამ მაინც) ამ შემთხვევაში გამოჩნდება მათი უნარი და შესაძლებლობა ამ პანდემიის დამარცხებაში. თანაც თუ ეს გამარჯვება მხოლოდ ეკლესიაში მხოლოდ კვირას მისვლით და ზიარებით შემოიფარგლება, გამოდის რომ ეს ეკონომიკურადაც არ არის წამგებიანი და სხვა ქვეყნებმაც შესაძლოა გამოთქვან სურვილი გამოცდილების მიღებისა. თუ ეკლესია არ არის მზად ამისთვის, მაშინ მან თავი უნდა აარიდოს ისეთი განცხადებების გაკეთებას რომელმაც ხელი შეიძლება შეუშალოს საგანგებო მდგომარეობის განხორციელებას და პირიქით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო კი გახდეს ამ ბრძოლაში. მთავარი იმიტომ რომ, სხვა წყაროები როგორიც არის თავშეყრის ადგილები: სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, აეროპორტები, გასართობი ცენტრები, კვების ობიექტები და ა.შ. დახურულია ან საგანგებო მდგომარეობის შტაბის მართვის და მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. თანაც როგორც კომპეტენტური პირები აცხადებენ, გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა და სიტუაცია უფრო დამძიმდება, რომელსაც უნდა შეხვდეს მზად ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. ამ რეალობაში ეკლესიის მოწოდება წირვაზე დასწრების შესახებ, იწვევს გაურკვევლობას და შესაბამისად ბევრ კითხვას მოქალაქეებში, მიუხედავად იმისა ვის რომელი ღმერთის და რა დონის რწმენა გააჩნია. ამ ყველაფრის შედეგად უამრავ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს რომ, ეკლესია გაურკვევლობაშია და ვერ ახერხებს ჯანსაღ დისკუსიას საკუთარ რიგებში და ვერ ღებულობს საკუთარი მოქმედებისათვის საჭირო სწორ გადაწყვეტილებას. შესაბამისად სხვადასხვა სასულიერო პირების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და შემდეგ ამ ურთიერთსაწინააღდეგო განცხადებების განმარტებითი განცხადებები ერთის მხრივ უფრო მეტად აზიანებს ეკლესიის იმიჯს საზოგადოებაში და მეორეს მხრივ უფრო აშკარა ხდება რომ ეკლესიას როგორც სტრუქტურას ძალიან დიდი პრობლემა აქვს და ეს პრობლემა ალბათ პირველ რიგში მის საკადრო პოლიტიკაშია. რაც შეეხება ამ ბლოგის შინაარსს, ესეც ზემოთ აღნიშნული საეკლესიო პირების ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების განმარტების მორიგი მცდელობაა, მაგრამ ამ დონის ქაოსის დალაგებას ალბათ უფრო დიდი ინტელექტუალური შრომა სჭირდება, და არა ავტორის მხრიდან, არამედ ეკლესიის სათავეში მყოფი ადამიანების მხრიდან, რათა მომავალში მაინც აიცილონ მსგავსი პრობლემები, რომელიც არამარტო მათ იმიჯს ლახავს, არამედ შესაძლოა ერისთვის უფრო დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს
ხათუნა
29 მარტი 2020 16:48
სწორად აზროვნებ ნინო. ვიმედოვნებ ხალხი მალე მიხვდება და უფრო მეტიც ფაქტის წინაშე დადგებიან. ლაპარაკი არ მაქვს მოდას აყოლილი ვითომ მორწმუნეებზე
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები