კვაზირელიგიის დამკვიდრება ანუ მიდის თუ არა ეკლესია სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

კვაზირელიგიის დამკვიდრება ანუ მიდის თუ არა ეკლესია სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ

კვაზირელიგიის დამკვიდრება სურთ იმ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან ქრისტესთან თანაზიარებაში. უღმერთო ადამიანები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ქრისტეს ეკლესია არ შეურაცხყონ, არ განიკითხონ... სოციალური ქსელის ჩართვა აღარ მინდა, იმდენჯერ შემხვდა ბოლო დროს სიტყვა: "ბნელი", "ბნელები", ვიფიქრე ქრისტეში თუ სიბნელეა, მაშ რაღა უნდა იყოს ნათელი.

ეკლესიის მიმართ ამ მიზანმიმართულმა აგრესიამ დამაწერინა ეს ბლოგი. ბუნებრივია, მე რომის პაპზე უკეთესი კათოლიკე არ ვარ, მაგრამ ჩემი თავი მინდა დავარწმუნო იმაში, რომ ეს არ არის სიბრიყვით გამოწვეული, არამედ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა...

ზიარების საიდუმლო არის ღვთიური საიდუმლო, რომელიც გაცილებს ცოდვებს და აქედან გამომდინარე, დაავადებებს. გაჯანსაღებს, სულიერად გაძლიერებს, გიცავს განსაცდელისგან. საღვთო ზიარებას მომაკვდავი ადამიანებიც მოუბრუნებია სიცოცხლისაკენ. სიმსივნით დაავადებულებიც განუკურნავს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ განსაცდელის ჟამს ქრისტეს ეკლესიას აკითხავენ სულის გადასარჩენად, გარეგნული ბოროტი ძალების დასათრგუნად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს ადამიანებმა, რომლებიც ორი სამი კვირის განმავლობაში მარხულობდნენ იფიქრეს, შესაძლოა გართულდეს უფრო სიტუაცია, არავინ იცის როგორ განვითარდება პროცესები, არ დავრჩეთ უზიარებელი დიდ მარხვაშიო და მეორე დღეს ამის გამო მივიდნენ ეკლესიაში.

არავითარი ჯიბრი და რეგულაციების იგნორი ამაში არ ყოფილა. ეს იგივეა, თავი მტკიოდეს საშინლად, ვიცოდე სად დევს წამალი და არ მივიდე გამოსაყენებლად იმის შიშით სხვა რას იფიქრებს, ან სხვა არ იყენებდეს მას სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მრევლი ეკლესიაში გამოცხადდა (რაც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ადგილებში და ამაზე მოგვიანებით დავწერ) ზოგმა მოძღვარმა ზოგს უთხრა, რომ ემოციურად არ შეეხედათ ამ საკითხისთვის. შეეძლოთ სხვა დროს ზიარებულიყვნენ. მოთმინებაში გაძლიერებულიყვნენ და ბევრი ხალხი რომ არ ყოფილიყო ნაწილი სახლში გაუშვა. რამდენიმე ეკლესიამ მოახერხა და მრევლის წევრების დისტანცირება შეძლო ერთმანეთისგან.

არ არის აუცილებელი ყველა ხედავდეს სინათლეს. ყველას სწამდეს... ყველას ერთნაირად მოსწონდეს რაღაც, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ზიარება თვითონაა სიცოცხლისა და ღვთიური ენერგიის წყარო და როგორ შეიძლება ის რაიმე სახით სახიფათო იყოს?

მეორე დღესვე, როდესაც კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 47-დან 53-მდე გაიზარდა, მთელი ქარცეცხლი დაატყდა ეკლესიას და მის მსახურებს. თითქოსდა ხელისუფლების და ექიმების თავდადებას ეკლესია წყალში ყრიდა.

თუმცა, არანაირი წყაროთი არ დასტურდება, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება ეკლესიის წიაღიდან მოხდა. ეს ერთი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ხალხის უმრავლესობა სუპერმარკეტებში გაიქცა და იქ იყო მაპატიეთ და ზედახორა. თუმც, არსად მომისმენია სუპერმარკეტის მენეჯმენტის დამცირება და ლანძღვა.

რაც შეეხება მთავარ თემას: ერთი კოვზით ზიარების ამბავი საერთოდ არ არის კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებული. "დაგუგლეთ" გთხოვთ და ნახავთ, ვისგან და რამდენი ხნით ადრე დაიწყო ამაზე საუბარი. მაშინაც, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საფუძვლით. კორონა ვირუსმა კი სულზე მოუსწროთ და გაამძაფრეს კრიტიკა ამ მხრივ. ეს უკვე მანიშნებელია მიზანმიმართული შეტევისა იმაზე, რაც წმინდაა და ძალა აქვს.

როგორი მატერიალისტური საზოგადოება ვართ. ვაჯერებთ ჩვენს თავს, რომ გვჭირდება საკვები, წყალი, წამლები მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში სული. ძალიან ხშირად ხდება, რომ ვიცავთ ცოდვას და არა სიკეთეს. ოდნავ სულიერნი რომ ვიყოთ ყველა სიტუაციაში მტრის ხატის ძიებას არ დავიწყებდით. აი, ყველა კარგად იქცევა და ის ერთი (ამ შემთხვევაში ეკლესია) წყალში ყრის ყველაფერს. სოც. ქსელი ამის ნათელი მაგალითია.

მთელი ჩემი ბლოგები მიმართულია იქითკენ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დადგენილ წესს უნდა იცავდეს ერიც და ბერიც. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია სწორად მოიქცა. მას თავი არ აურიდებია სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არც ის უთქვამს, რომ არ ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს.

რაც შეეხება ზოგად წესებს ათ კაცზე მეტის შეკრების დისტანციის დაცვის, პირადი ჰიგიენის და სხვა, ყველგან ერთნაირია არა? მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე დასჭირდათ წესრიგის დასამყარებლად სუპერმარკეტებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაჭედილი იყო და ასე შემდეგ, აგრესია მაინც ეკლესიის წინააღმდეგ წამოვიდა.

მოკლედ, ვფიქრობ რომ რთულ სიტუაციაში სახელმწიფოც და ეკლესიაც ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, როგორც ამას უღმერთოები წარმოაჩენენ და სურთ კვაზი რელიგიის დამკვიდრება, არამედ ერთად უნდა მოქმედებდეს. ოქროს შუალედი კი ქვეყნის პასუხისმგებელმა პირებმა იმ ადამიანებთან ერთად უნდა გამონახონ, ვისთვისაც საღვთო წირვა ერთი რიგითი რიტუალი, რაღაც ამოჩემებული ქცევა და დაცინვის საგანი კი არ არის, არამედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის უმაღლესი საფეხურია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს