ჩემი თვითიზოლაცია, ანუ როგორ არ ვიყო სიტუაციის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ჩემი თვითიზოლაცია, ანუ როგორ არ ვიყო სიტუაციის მსხვერპლი

პირველი ემოცია რაც თვითიზოლაციის დროს გამიჩნდა: "ჩვენ ჩვენი ქალაქის პატიმრებად ვიქეცით" კამიუმ თქვა ერთ დროს და ჩვენ ეს მთელი არსებით დღეს შევიგრძენით. არადა, რამდენჯერ მინატრია, რა მოხდა მქონდეს იმის დრო გვიან გავიღვიძო, ბევრი ვიფიქრო, წიგნი ვიკითხო, ცოტა ხანს არსად მეჩქარებოდეს... რა უცნაურია კაცის ბედი, ღმერთმა უწყის როდის და რა ფორმით შეიძლება აგიხდეს ოცნება. ახლა, დრო, როცა თითქოს ასე თავზე საყრელია ადამიანებს მშვიდად მაინც ვერ ვკითხულობ. დღის ბოლოს მახსენდება, აი იმისთვის უნდა მიმეწერა, ამისთვის უნდა დამერეკა ორიოდე თბილი სიტყვისთვის... არა უშავს ხვალ ვიზამ. როგორ არ მინდა ეს "ხვალ, ხვალ" ისევ დარჩეს ჩემს ცხოვრებაში. ამისთვის, ჩვენ ყველა საკმარის გამოცდილებას ვიძენთ სწორედ ახლა.

როდესაც სხვადასხვა ქვეყნის პასუხისმგებელი პირები ამბობენ, - მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, მეხამუშება, რომ წინადადების ბოლოს სვამენ წერტილს. როგორი? -ვკითხულობ უმისამართოდ. ფულის გარშემო მობზრიალე მსოფლიოს ნუთუ გაახსენდება, რომ სხვა ღირებულებებიც არსებობს, რომლის გარეშეც დედამიწა ვერ იარსებებს?

მე არ მაქვს იმედი მსოფლიოს რადიკალური ცვლილებებისა, მით უფრო უკეთესობისკენ. ამის მაგალითად მსოფლიო ომები და მილიონობით დახოცილი ადამიანებიც კი კმარა. რა ვიცი ღმერთმა ქნას.

ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს: "დედამიწა ერთ, კარგ, საფუძვლიან "უბორკას" ატარებსო" მერე წარბებს ჭმუხნის და ამბობს: აბა "დღე მანქანის გარეშე" და "დედამიწის დღე" ფორმალურად გვქონდაო. ისე ხუმრობა იქით იყოს და თბილისს ჟანგბადი ძლივს ეღირსა. ასეთი ზაფხული თბილისში ხომ მეც შემიყვარდებოდა.

საყოველთაო კარანტინის პერიოდშიც კი დღე დატვირთული მაქვს. მაგალითად მთელი ამბით ვემზადები სასურსათო მაღაზიაში ჩასასვლელად. მაპატიეთ, მაგრამ ღია სივრცეში პირბადეს არ ვხმარობ. ჟანგბადი მენატრება და ამ ჟანგბადს ხარბად ვისუნთქავ. დილას რვაზე ვაყენებ მაღვიძარას. სხვებისგან განსხვავებით სახლიდან ვმუშაობ. ამიტომ ნახევარი დღე ე. წ სამსახურში ვარ. მეორე ნახევარსაც არ ვუჩივი. სახლის საქმეებისა და სხვა წვრილმანი ამბების გამო ისევ ვერ ვახერხებ ჩავუჯდე ნინო ხარატიშვილის წიგნს, რომელიც თვითიზოლაციამდე გაცილებით ადრე დავიწყე და ვეღარ დავამთავრე. წიგნებისთვის და აქტიური ვარჯიშისთვის შუა კვირიდან ვგეგმავ დროს. ასეთ შანსს ვერ გავუშვებ ხელიდან. უნდა მოვასწრო.

ერთადერთი რასაც პერიოდულად ვაკეთებ, ტესტირებას ვუწყობ საკუთარ თავს. რა არ მომწონს? რას შევცვლიდი? ყველა პრობლემის კრიზისის უკან ხომ შესაძლებლობა იმალება. დაუსვით თქვენ თავსაც შეკითხვა: რას მინდა ვხედავდე ამ პრობლემის ნაცვლად? ეს კითხვა მომავალი მოქმედებისა და ცვლილებებისთვის მოგამზადებთ.

ჩემთვის ამ კრიზისულ პერიოდში კიდევ ერთი მთავარი რამ არის: როგორ ავირიდო უარყოფითი ენერგია დღის განმავლობაში? ზოგადი სიტუაცია ისედაც მძიმეა და ეს, ერთი და იგივე FB-პოსტები აჭუჭყიანებს ჩემს შინაგან სამყაროს. ტელევიზიებს, რომელიც ზომბად გაქცევს. თუკი გამორთავთ დაზოგავთ არა მარტო დროს, არამედ ნერვებსაც. მივიღე დილას ინფორმაცია მთავარი პირებისგან? ეს საკმარისია. ვცდილობ არ "დავინაგვიანო" ჩემი განწყობა დღის მანძილზე.

დავწერე გეგმა როგორ დავტკბები მარტივი საგნებით, როგორ ვიხეტიალებ თბილისის ქუჩებში... ისეთი გრძნობა მაქვს სადღაც ვარ და ჩემი ქალაქი მენატრება. ჩემს ქუჩაზე ნუში აყვავდა. საოცარი თეთრი ყვავილები აქვს და წვიმის შემდეგ სახლთან ახლოს ცოტა ხნით თუ ცხვირს გავყოფ მიწის სუნსაც ვგრძნობ.

როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, საოცარია აპრილი თავისი სითეთრით. ვერაფრით გავიგე რატომ გააღმერთეს აზიის პოეტებმა მაისი.

მე, სხვებივით არაფერი მომიმარაგებია საგანგებო მდგომარების გამოცხადების დღეს. ჰოდა, გუშინ საღამოს კომენდანტის საათს ძლივს ამოვასწარი სახლში. მოვდივარ და ქუჩის ძაღლი მომყვება. მეშინია მიუსაფარი ძაღლების და ფეხს ვუჩქარებ, თან ვუყვირი დისტანცია! არ გითხრეს შენ დისტანცია-მეთქი?! მომდევს და წკავწკავებს. დავძლიე შიში და გავჩერდი. მიყურებს ნაღვლიანი თვალებით. მივხვდი, რომ პურს, რომლის მოსაპოვებლადაც 20 წუთი რიგში დგომა დამჭირდა, სახლში ვერ წავიღებ. ცუგას ვუმასპინძლდები. მას მეგობარიც აკითხავს და მეოთხედი პურით ვბრუნდები სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ვგრძნობ მოზღვავებულ თავისუფალ დროს, ვცდილობ ის სწორად გამოვიყენო და არა უბრალოდ გავიყვანო.

ჩვენ, ადამიანებს ამ აჩქარებულ სამყაროში არასოდეს გვქონდა დრო ერთმანეთისთვის, ფიქრისთვის, წიგნისთვის, მარტივი საგნებით ტკბობისთვის... ყოველივე ამისთვის საუკეთესო დროა. სულს, როგორც რომელიმე საგანს ხელი გადაუსვა და მტვერი გადაწმინდო.

იქნებ მართლა უკეთესი გახდეს მსოფლიო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს