ტექნოლოგიურად ძლიერი სამყარო, საკმაოდ სუსტია სულიერად და ფსიქოლოგიურად, ანუ წინასააღდგომო ბლოგი
18-04-2020
ტექნოლოგიურად ძლიერი სამყარო, საკმაოდ სუსტია სულიერად და ფსიქოლოგიურად, ანუ წინასააღდგომო ბლოგი
მსოფლიოში მიმდინარე ბოლო ორი თვის პროცესებმა ბევრი რამ გადაგვაფასებინა. წესით ასე უნდა იყოს. თანამედროვე ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ შინაგან ანუ სულიერ სამყაროზე ზრუნვის გარეშე ჩვენს გარეგნულ სამყაროზე ზრუნვა უჭერო სახლის ფასადის ღებვას ნიშნავს, რომელსაც მუდმივად აწვიმს. ამ განსაცდელმა დაგვანახვა, რომ ტექნოლოგიურად ძლიერი სამყარო, საკმაოდ სუსტია სულიერად, მორალურად და ფსიქოლოგიურად.

ამ კრიზისამდე გაცილებით ადრე, 2014 წლის 31 მარტს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ გამოაქვეყნა დასკვნა, თუ რატომ ხდება ადამიანისთვის მთავარი და საინტერესო ვირტუალური
სამყარო. ბრიტანელმა ექიმებმა კი BBC-ის ოფიციალურ გვერდზე ამ კვლევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს მოსაზრება: "ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი აზარალებს საკუთარ თავს იმის გამო, რომ 5 წუთი მაინც არ ჯდება სიჩუმეში და არ უსმენს საკუთარ თავს. აბა, დაფიქრდით, სიჩუმის ხომ არ გეშინიათ?" - ისინი, აქვე ეკითხებიან საკუთარ მოქალაქეებს.

შეკითხვის
არსი ერთობ საინტერესოა. ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებიდან, ხმაურიდან, პრობლემებიდან, რომლებსაც ვერ ვუმკლავდებით, გამოსავალი ერთია, დაჯდე სიჩუმეში, საკუთარ თავთან, ყოველგვარი "სმარტფონის", "ლეპტოპისა" და ტელევიზორის გარეშე, ყოველგვარი ვირტუალური წარმოსახვების გარეშე და მოუსმინო საკუთარ თავს.

ასე რომ არ იქცევა კვირაში ერთხელ მაინც გონიერი ადამიანი, არ იცის რა განსხვავებაა მოუთმენლობასა და მოლოდინს შორის, კრიტიკასა და ლანძღვას შორის, არ იცის რა უნდა ხვალ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ვეთანხმები ერთი ბრძენი კაცის მოსაზრებას, რომ თუ დუმილს არ მოუსმენ, ვერც სიტყვას დაბადებ. თუ სიტყვას ვერ დაბადებ, სწორ ქმედებასაც ვერ წარმოშობ. ეს შეცდომებისგან არ გვიცავს, მაგრამ გამოსწორების მეტ შანსსა და ნაკლებად მრუდე ქმედების საშუალებას გვაძლევს.

რაც შეეხება ინგლისელ ფსიქოლოგებს, ერთ-ერთი მათგანი, შერი ჯაკობსონი ამბობს: "დუმილში, როცა საკუთარ თავს უსმენ, ის გეუბნება რა არის მოწყენილობისა თუ ემოციური ტკივილის საფუძველი, მაგრამ ეს ადამიანებს არ სურთ, რადგან პირველ რიგში ისინი შინაგანი კრიტიკის ხმას იგებენ. როგორც კი ეს ხდება, ეგრევე ყურსასმენს "ირჭობენ" ყურში, ან მიმართავენ სოციალურ ქსელებს, სხვაში ეძებენ პრობლემის საფუძველს... გამოდის, რომ მათ შინაგანი კრიტიკის აღიარება არ სურთ. შინაგანი კრიტიკა ეს საკუთარი სინდისია, რომლის მოსმენაც ადამიანებს ეშინიათ".
ჯაკობსონის მოსაზრება ალბათ მართალია, თუმც ცოტა მკაცრი და გაცილებით ადრე გამოქვეყნებული, ვიდრე მსოფლიო კრიზისი დაიწყებოდა.

როგორც კი ადამიანი საკუთარ თავთან მარტო დარჩა, სწორედ დღევანდელ კრიზისს ვგულისხმობ, კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა, რომ ტექნოლოგიურად და მატერიალურად ძლიერი სამყარო, საკმაოდ სუსტია სულიერად და ფსიქოლოგიურად.
აბსოლუტურად მესმის, ძალიან რთულია ერთ დღეს 180 გრადუსით შებრუნდეს შენი ცხოვრება, მაგრამ ის რაც დღეს მსოფლიოში ხდება სწორედ ამის მაჩვენებელია. ხელის გულზე დევს განვითარებული ქვეყნების მხოლოდ ფურცლებზე დეკლარირებული ადამიანის ღირსების და სიცოცხლის უპირველესობა, განვითარებული ჯანდაცვის სისტემების უნარიანობა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის არსებობის არ აღიარება საკუთარი თავის წინააღმდეგ სვლაა პირველ რიგში. და, ოდნავ სულიერნი მაინც რომ ვიყოთ, ან მართლა ადამიანის სიცოცხლისთვის თავს ვდებდეთ, ასე ნიშნისმოგებით და ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვისაუბრებდით წმინდა ზიარებაზე, დაინფიცირებულ მღვდელზე, ლიტურგიის ჩაშლის სურვილზე...

ამ დღეებში ბევრი აბსურდული ნააზრევი მოვისმინე, მათ შორის ეკლესიის წიაღშიც და მის გარეთაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი პროცესი მიდის. თუ შეიძლება ასე ითქვას, კორონამ არ დაგვიტოვა თვალთმაქცობის შანსი. წესების დოგმატური შესრულება, იმის ხშირი ძახილი, რომ ქრისტიანი ხარ არ ნიშნავს, რომ ხარ სულიერი ადამიანი და მორჩა. დღეს ამაზე მეტს აღარაფერს დავწერ.

რაც შეეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს: პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ღვთისგან მომადლებული ჯილდოა. ისიც უნდა გვახსოვდეს, - ადამიანებმა ღმერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ღმერთმა კი თავის აღდგომით მათ უკვდავება მიუსაჯა. გვემის ნაცვლად მათ მოტევებით უპასუხა, შეურაცხყოფილის სანაცვლოდ - ლოცვა-კურთხევით. სიკვდილის სანაცვლოდ უკვდავებით. ადამიანებს არასოდეს გამოუხატავთ ღვთისადმი ისეთი სიძულვილი, როგორც მაშინ, როცა ის ჯვარზე გააკრეს და ღმერთს არასოდეს გამოუხატავს ადამიანებისადმი ისეთი სიყვარული, როგორც მაშინ, როცა ის აღდგა.

ადამიანებს უნდოდათ, რომ ღმერთიც მოკვდავად ექციათ, მაგრამ ღმერთმა თავისი აღდგომით ადამიანები უკვდავად აქცია. აღარ სუფევს სიკვდილი, უკვდავებით შეიმოსა ადამიანი.
ღმერთკაცის აღდგომით ადამიანური ბუნება სამუდამოდ დაადგა უკვდავების გზას და თვით სიკვდილისთვისაც საშიში გახდა. თუკი ადამიანი ცხოვრობს მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცის რწმენით, მაშინ ის სიკვდილზე მაღლა დგას და მისთვის მიუწვდომელია. სიკვდილი მის ფერხთითაა დაცემული.

ადამიანი ჭეშმარიტად იბადება მაშინ, როცა იწამებს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, რადგან ქრისტეს აღდგომის წყალობით, მისი სიკვდილზე გამარჯვების წყალობით ხდებიან ადამიანები ქრისტიანები.
წმინდა ზიარების მიმღებებს სასულიერო პირი ლოცავს, რომ ღმერთმა განკურნოს უძლურებისა და ავადმყოფობისაგან და მიანიჭოს მათ ჯანმრთელობა.

მრავალ აღდგომას დაგასწროთ ღმერთმა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ბრავო!
21 აპრილი 2020 11:58
ამ გაჭირვებულ, პატარა ქვეყანაში, არაფერია იმაზე რთული, ვიდრე კონიუნქტურის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი აზრის შენარჩუნება, მითუმეტეს, როცა ჟურნალისტი ხარ! ქრისტე აღსდგა!!! ჯანრთელობას და სულმრთელობას გისურვებთ ქალბატონო ნინო.
მანანა
18 აპრილი 2020 14:56
არ ღირს ეკლესიის და საპატრიარქოს დაცვა!ქ,ნინო!მათმა უმსგავსო საქციელმა ბევრ ადამიანს შეაცვლევინა რწმენა! მე მწამს იესო,მაგრამ ვერ ამიტანია ფანატიკოსი ხალხი!
:(
18 აპრილი 2020 14:29
,,ამ განსაცდელმა დაგვანახვა, რომ ტექნოლოგიურად ძლიერი სამყარო, საკმაოდ სუსტია სულიერად, მორალურად და ფსიქოლოგიურად.,, - ხოლო დატანჯული, დაგლეჯილი და დასისხლიანებული საქართველო მათზე უფრო ძლიერია! ფაქტია ცელგამოსმული ბალახივით მუხლებზე დგანან დღეს, უძლიერეს ქვეყნებად რომ ითვლებოდნენ და თავისი სიტყვა ეთქმოდათ მსოფლიოში ჯერ კიდევ ცოტახნისწინ

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები