ბოდიში სკანდალური გულწრფელობისთვის, ანუ რას ვიტყოდი ექიმებზე
20-05-2020
ბოდიში სკანდალური გულწრფელობისთვის, ანუ რას ვიტყოდი ექიმებზე
როცა "პიკი" ერთობ ციცაბო არ აღმოჩნდა და თითქოს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება, ვიდრე ჩემს ამბებს ქართველ ექიმებზე მოვყვები, ერთი პატარა ისტორია უნდა გავიხსენო.

ჩემი ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში, სამსახურიდან სახლში მიმავალმა გაზეთი გავაყოლე ხელს. პირველივე გვერდზე იყო დაბეჭდილი ახალგაზრდა ბიჭის სახე, რომელიც შველას ითხოვდა. აღმოჩნდა, რომ მის 27 წლის მეუღლეს ფილტვების ანთება ჰქონდა, საავადმყოფოში იწვა, მაგრამ არანაირი ანტიბიოტიკი არ მიუციათ (იქ ერთობ ერიდებიან ანტიბიოტიკის მიცემას უკანასკნელ წუთამდე). როდესაც გონება დაკარგა ექიმებს უთქვამთ,
რომ ფილტვები, რომ არ გადაიწვას სისხლი უნდა გადავუსხათო, რაც 13 ათასამდე ჯდებოდა(!?) ბიჭი თანხის შეგროვებას ხალხს სთხოვდა. ავფორიაქდი. ფილტვებში სისხლის გადასხმის ამბავი არასოდეს მსმენია. გამახსენდა დედაჩემის მიერ კომბოსტოს ფურცლით შეხვეული შუბლი, ძმრიანი წინდები და სხვა, როგორც ხდება ხოლმე, წამლის ფული სულ რომ არ გქონოდეს, ათასნაირ
ხალხურ მეთოდს იყენებს ჩვენი ხალხი, რომ ადამიანს დაეხმაროს.

მოკლედ, ამ ქალის ამბავი დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა, უბრალოდ პირველი შთაბეჭდილება იქაურ ექიმებზე ამ ამბიდან შემექმნა. თუ მეტყვით, რომ ყველა ფაქტს ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, გიპასუხებდით, რომ სტანდარტი ყველა კლინიკაში ერთია და დადგენილი წესებიდან გადახვევა დასჯადია. ეს ერთი ამბავია სხვა 10 ამბიდან, რომლებსაც სიამოვნებით მოვყვებოდი. მოკლედ კი ასე ჟღერს, მას შემდეგ ბევრჯერ მინახავს კვირაობით ექიმის ვიზიტის მოლოდინში მაღალი სიცხის დროს როგორ გიწერს ოფიციალურ ფურცელზე ცხელ ჩაის ლიმონთან ერთად. როგორ გითვლიან წუთებს. გაძლევენ სტანდარტულ რჩევას, რომელიც ჩვენს ქუჩებში მოსიარულე ადამიანების 99-მა პროცენტმა ისედაც იცის და ამისთვის არ მივა ექიმთან. ხშირად სახეზე ვერ გცნობს, რადგან არც გიყურებს და სულ არ აინტერესებს შენი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა. როგორი ფორმალურია ხანდაზმულების შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახება...

ეს ამბები რაც ჩემი თვალით ვნახე იყო გაცილებით ადრე ვიდრე მსოფლიოში კორონაკრიზისი დაიწყებოდა. დიახ, მაგას ვწერ ზუსტად, კრიზისმა გააშიშვლა ის სისუსტეები, რომელიც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა. ვგულისხმობ, კარგად დახვეწილ გარეგნულ ფორმებს, მხოლოდ კანონებში ასახულ ადამიანთა ღირსებისა და თანასწორობის შესახებ უფლებებს...

ამ კრიზისმა კიდევ ერთი საკითხი წამოწია: რა რესურსი აქვს თანამედროვე ადამიანს კრიზისული სიტუაციის გასამკლავებლად? მარტო, საკუთარ თავთან დასარჩენად? შეიძლება ითქვას, რომ დასავლელი ადამიანების ნაწილი სიკვდილზე "შეგნებულად წავიდა", რადგან მარტოობის გაძლება გაუსაძლისი ეჩვენა. ხოლო რიგ შემთხვევაში თავად ქვეყნებმა დაზოგეს ხანდაზმულ ადამიანებზე ფული. ბოდიშს გიხდით ჩემი გულწრფელობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ ასეა.

ამას იმიტომ არ ვწერ, რომ საქმე იოლად წარმოვაჩინო და ვთქვა, ჩვენ ამიტომ "გამოვძვერით". ან, მაინცდამაინც რამე სისუსტე მოვუძებნო სხვას, რომ ჩვენი ექიმების გმირობა უკეთ წარმოვაჩინო. არა, ბატონებო. რიგ განვითარებულ ქვეყნებში რაც არ უნდა გააკეთო ხშირად გრძნობ ე.წ. უგულობას, კომერციულ ურთიერთობებს და ბედის ანაბარა მიტოვებულ "სუსტ ადამიანებს".

საზღვარგარეთიდან ჩემი მეგობრებისგან მიღებულ რამდენიმე შეტყობინებას დავწერ. ერთის გარდა ყველა უცხოელია და ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ:
"კორონა გადავიტანეთ!! ეხლა არა გვიშავს!! ძალიან კარგი ქენი აქ რომ არ ჩამოხვედი! ესეთი "ფარჩაკი" ქვეყანა მეორე არ არსებობს!! ადამიანი სულ ფეხებზე ჰკიდიათ, გინდა მოქალაქე იყავი და გინდა არალეგალი(( უცოდინარი და უვიცი ექიმები, კორუფცია სუფევს საშინელი და ამ ქვეყანას პრეტენზია აქვს პირველობაზე!! ბედნიერი ხარ რომ ცხოვრობ საქართველოში"

"ბოლო წუთს გადაიფიქრა დედაჩემმა დედამისის საავადმყოფოში გადაყვანა. მე კი ვუთხარი სახლში დარჩენა საშიშია მეთქი, რომ სხვებისთვისაც არ გადაედო, მაგრამ არ არის გამორიცხული უბრალო გრიპი აღმოჩენილიყო და იმ სიტუაციიდან გამომდინარე რაც აქ არის აუცილებლად დავკარგავდით მის სიცოცხლეს... ისევე როგორც ჩემი ნაცნობების ახლობლებმა, რომელთათვისაც სახელმწიფომ ვერ მოიცალა(("

"ნინო, რა კარგია, რომ საქართველოში ეკლესიები გახსნილია. ლოცვა სწორედ ახლა გვჭირდებოდა. მე ხომ იცი 50-ს გადავაბიჯე და აღარ ვიცი რომელ ჯგუფს მივეკუთვნები, იმათ ვისაც სახელმწიფო იოლად ემშვიდობება თუ იმათ ვინც საკუთარი იმუნიტეტის ბედზეა დამოკიდებული)) გავიგე თქვენი ქვეყნის ამბების შესახებ, როგორი ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და გულწრფელად მშურს თქვენი"
ასეთი კიდევ რამდენიმე მაქვს, რომელთა ვინაობასა და ქალაქებს არ ვაქვეყნებ.

შეიძლება თამამად ითქვას, - უშუალოდ ამ კონკრეტულ სიტუაციაში საქართველოს მთავრობამ და ექიმებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი. აქვე, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ 17 წლის წინ გავიცანი პაატა იმნაძე და ჯერ კიდევ მაშინ მარწმუნებდა ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე ერთ დღეს ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებითო. ეს ელემენტარული, ჰიგიენური ნორმების მოყოლა რედაქციაში ირონიის საფუძველი ხდებოდა. ისევე, როგორც შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე ძველი თაობის სპეციალისტების მოწვევის ინიციატივა. სამწუხაროდ.

რამდენი ხანი უნდა დაგვჭირდეს, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი ვაღიაროთ. ასეა არაერთ სფეროში. რამდენი ხანი უნდა დაგვჭირდეს რომ პროფესიონალები დავაფასოთ და სწორ ადგილას და სწორ დროს გამოვიყენოთ? რატომ არ უნდა იდგეს საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოს მედიცინა წინა პლანზე? რატომ უნდა ჭიანურდებოდეს შესაბამისი პირობების შექმნა კარგი ექიმებისთვის?
საკმაოდ მძიმე გზა გავიარეთ ჯიბეში ფულის ჩაცურების მედიცინიდან დღემდე, ვიდრე ცივილურ მდგომარეობას მივაღწევდით. და, დღეს თვალნათლივ ჩანს როგორ სჭირდება საავადმყოფოებს სწორი სისტემა, სწორი ფინანსური მხარდაჭერა, ზურგი სახელმწიფოსგან და პროფესიონალებს დაფასება.

მოკლედ, მინდა გამოვხატო ჩემი პერსონალური მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლარა
29 მაისი 2020 08:52
მე მწონს ეს ქალბატონი, კარგად აზროვნებს.
Giorgi
22 მაისი 2020 11:51
Sxva qveynebs tu medicina araaqvte es qartvel kart eqimebsbufro magra warmiachens? Ilenia mec emigraciashi vcxovrob da uamrqvibqartveli minaccia a gadasarchenad chamosuli imitom rom mand vero shvelian. Arasdros arriva mmigrzvniapiradad me ugulobda araprofesionaluri damokidebuleba eqimebisgan. Pasta imnaze sheizlebabkargia. sheizleba sscavaqveynebs sazizgari eqimebi yavs)))) mille miidibgaashishvle msoflio medicina)))
!!!!
21 მაისი 2020 11:48
შენს თვალებს რომ ვუყურებ, სულ ანდერსენის ზღაპრიდან მახსენდება-საცრისოდენა თვალებს აბრიალებდაო...

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები