მტერი კი არ აჩენს უნდობლობას, არამედ უნდობლობა ქმნის მტერს
16-07-2020
მტერი კი არ აჩენს უნდობლობას, არამედ უნდობლობა ქმნის მტერს
უპირველესად ეს ორი ამბავი წაიკითხეთ ყურადღებით: ერთხელ, ინგლისში ცხოვრების დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმოდგენაზე ბილეთი ვიყიდე. აღმოჩნდა, რომ ცალი "ფლიგელი" თავისუფალი იყო. წარმოდგენის დაწყების შემდეგ ჩუმად ჩავიპარე და ჩემთვის სასურველ ადგილას დავჯექი, ფიქრით "მაინც არავინ არის". შუა წარმოდგენის დროს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრი მოვიდა და მითხრა, მე თქვენ ფულს დაგამატებინებთ, რადგან ამ ადგილის ბილეთი არ გაქვთო. მე ვუთხარი: არა ბატონო, აი ჩემი ბილეთი, აი იქ, ცოტა ზემოთ არის ჩემი ადგილი. ჰოდა, საქმეც
მაგაშიაო. შედარებით იაფიანი ბილეთით ვინ მოგცათ უფლება, რომ გაცილებით ძვირიან ადგილზე ზიხართ... მივხვდი საქმის არსს და სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა დამოკიდებულება წესების დაცვის მიმართ.

ასევეა საზოგადოებრივ ავტობუსშიც. წინა ადგილები განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის, ორსულისა ან მოხუცებულისათვის. ავტობუსის შუიდან სულ რომ ზედახორა იყოს, არ გაქვს უფლება
დაჯდე ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ადგილას. ჯერ ერთი ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ფიქრობს მათზე და არა რიგითი მოქალაქე, ვის დაუთმოს და ვის არა ადგილი. ან, ვისი ჩხუბი და აგრესია აიტანოს და ვისი არა. და, თუ მოხდა ისე, რომ ცარიელია და ვიდრე ვინმე ამოვა ცოტა ხანს ჩამოჯდები, ხალხიც და მძღოლიც ეგრევე შეგახსენებს, რომ წესებს არღვევ, ეს შენი ადგილი არ არის.

ეს არის ჩემთვის უკიდურესად მაღალი დონის მაჩვენებელი. ჩვენს ქვეყანაში მგზავრს მსგავსი წესის დაცვაზე, რომ მიუთითო (რომც გვქონდეს ასეთი წესები) საქმის გარჩევას დაგიწყებს: "შე, დალოცვილო ცოტა ხნით ჩამოვჯექი, რა მოხდა მერე" და, დანარჩენი მგზავრებიც მას, ანუ წესის დამრღვევს დაიცავენ...

ასეა ყველგან, ყველა სფეროში "წვრილმან დონეზეც" კი მოწესრიგებულია ადამიანის უფლებები და სიამოვნებით მოვყვებოდი არაერთ მაგალითს, იმ ამბებისას, რომლებიც ჩვენს პოლიტიკოსებს უმნიშვნელო ჰგონიათ. მნიშვნელოვანი მათთვის მხოლოდ ერთმანეთის ქიშპია ვინ მოხვდება თანამდებობაზე. და, ესეც იმიტომ რომ გაიფართოვოს ბიზნესი. მაქსიმუმ 2 წელიწადში გახდეს მილიონერი. მიღებული (მით უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებები) შეცვალოს იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკოსის ინტერესის მიღწევა გააადვილოს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა სარფიან ბიზნესთან ასოცირდება და მეტი არაფერი!

პოლიტიკოსები, რომლებიც ელემენტარული თამაშის წესებზე ვერ შეთანხმებულან, პრობლემას სხვაგან ეძებენ. მაგალითად, სისტემატიურად ქმნიან მტრის ხატს საკუთარი შეცდომების, ან ჩამპალი სისტემის გასასამართლებლად.

ხომ ხედავთ როგორ სხაპასხუპით ყვებიან "ნაციონალები" ხარვეზების შესახებ? იმიტომ, რომ მათ ეს გაიარეს, იციან ესა თუ ის "ფუჭი საქმე" რა გზით კეთდება. ამ სისტემით, რუსული საბჭოთა სისტემით, მიშასეული ოდნავი სახეცვლილებით იცხოვრეს და ამართლეს თავისი ნაბიჯები, თავისი კორუმპირებულობა, საკანონმდებლო ორგანოში შევარდნის სურვილი, მოქალაქეების მკვლელობები... როცა ვიღაცის ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობენ ვურჩევდი გაიხსენონ რამდენი მილიონი გაიტანა მათთვის მისაღებმა პრეზიდენტმა მიშამ საქართველოდან...
ყოველთვის ვამბობ, რომ მაგალითი კარგი და კანონიერი ცხოვრების მოდის ზემოდან. სწორედ ზემოდან უნდა დალაგდეს ყველაფერი. როდესაც შენ, ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებებს არ აღიარებ და ფიქრობ, კანონი მხოლოდ სხვისთვის მუშაობს, ასევე იქცევა მოქალაქეც. სამართლიანობის აღდგენა კი არასოდეს იქნება წინა ხელისულფების მიერ ჩადენილი დანაშაულის გასამართლება. სამართლიანობის აღდგენა არის საკუთარ ხელისუფლების წიაღში არ დაუშვა ის, რაც წინაში არ მოგწონდა.

ზუსტად ასეთი ქცევებია ჩვენი ქვეყნის მტერი. და არა ის მტერი, რომელსაც ყველგან ეძებთ გარდა საკუთარი თავისა, მოქალაქეებში, ოპონენტებში, მეზობლებში, მეზობელ ქვეყნებში..

ვიწროპარტიული დაპირისპირების დეტალების ქვეყნის გარეთ გატანა არის მარცხი და მეორე მხრივ სასაცილო, საკუთარ ხალხს უმტკიცო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ინტერესი აქვსო. შემდეგ ბლოგში უფრო დაწვრილებით დავწერ ამ საკითხზე და ვერ ვიჯერებ, რომ არ იცით დასავლელების მენტალიტეტი. როდესაც "ენა მიგაქვს" ჩემს ქვეყანაში ოპონენტი მჩაგრავს, იქნებ ის ჩამოვაქვეითოთ და მე დამსვათო, სასაცილოდ არ ჰყოფნით შიდა ვიწრო წრეებში იმ ქვეყნის წარმომადგენლები.

ჩვენ, მოქალაქეები დავიღალეთ სისტემით, რომლითაც იოლად მდიდრდებით და მარტივად ცხოვრობთ. როდესაც პოლიტიკოსებს მხოლოდ არჩევნების წინ გახსენდებათ სოციალური სამართლიანობა, გაიხსენეთ როგორი გულსატკენია ჩვენთვის იმის აღმოჩენა, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა უპირატესობებს მუდმივად ინარჩუნებს.
მტრის ხატი კი ყოველთვის რეზერვში გაქვთ.

გულწრფელად შეგახსენებდით: "როგორც კი მტრის ხატს ქმნი, დამანგრეველი ძალა იწყებს მოქმედებას. რადგან მტერი კი არ აჩენს უნდობლობას, არამედ უნდობლობა ქმნის მტერს" -მერაბ მამარდაშვილის სიტყვებია.
და, ღმერთმა უწყის რა დრო დაგვჭირდება ამ ნდობის აღსადგენად, თუკი ქვეყანაზე ორიენტირებული მთავრობა ოდესმე გვეღირსა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლევანი
21 ივლისი 2020 12:10
რა კომენტარი გავაკეთო, არ უყვარს ქალბატონს კომენტარები, უყვარს ქება-დიდება...

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?