ჩემო კოლეგებო, რომელიც კოლეგიალობას მხოლოდ დაქალ-ძმაკაცობის ნიშნით განიხილავთ, გეტყოდით...
14-08-2020
ჩემო კოლეგებო, რომელიც კოლეგიალობას მხოლოდ დაქალ-ძმაკაცობის ნიშნით განიხილავთ, გეტყოდით...
ზუსტი ციტირება აღარ მახსოვს,- იაპონური ანდაზაა ასეთი, პერიფრაზს ვაკეთებ: "იყო გაზაფხული და კარგად ჩანდა სად იყო ნაყოფი და სად ტოტი. მოვიდა ზამთარი და თოვლმა წაშალა ისინი" დღეს, ზღვარი სიცრუესა და სიმართლეს შორის იმდენად წაშლილია, რომ მთელი ძალისხმევა გჭირდება გაიგო სად არის ნაყოფი და სად ტოტი. განასხვავო ისინი ერთმანეთისგან, რასაც სიმართლე და სიცრუე ჰქვია. მავანი, საკუთარი ძალაუფლების მოსაპოვებლად "სპობს" გარშემო ყველაფერს. პოლიტიკისა და ძალაუფლების, როგორც გავლენებისა და შემოსავლის წყაროს ხელში ჩაგდების
მიზნით ურევს ერთმანეთში სიმართლეს და სიცრუეს.

ჩემმა უცხოელმა მეგობარმა გამომიგზავნა სტატია, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემაში ანონიმურად დაიბეჭდა: "პანდემიის დროს, როცა საქართველო მთელ მსოფლიოში თითით საჩვენებელი იყო, ვიღაც ამ წერილს ბეჭდავს ჩვენთან... ყველაზე მეტად ტონი არ მომწონს" - მწერდა მეგობარი.

ტექსტი გადავიკითხე თუ არა, ეგრევე მივხვდი
ინგლისელის დაწერილი არ იყო. ქართული მანერა, თუნდაც ტექსტის წყობისას ეგრევე ემჩნევა.

აქ მთავარი ის არის, რომ ასეთი ტიპის აქტიურობა საზღვარგარეთის ქვეყნებში არც სიმართლის თქმაა და არც გმირობა. ის პირდაპირ აზარალებს ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება არის ასეთი: შენი სამართალი და შენი დემოკრატია უნდა ააშენო შენვე. არის რიგი საკითხები, რომლის განხილვა უნდა მოხდეს საერთაშორისო დონეზე, არის მათგან მოცემული რეკომენდაციებიც, მაგრამ შიდა პარტიული დაპირისპირებების გამო, როდესაც არც ერთი არ არის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ სირბილი და ერთმანეთის "დასმენა" ირონიულად აღიქმება მათი მხრიდან. ამავე დროს გაიხსენეთ, -რეკომენდაციების შესრულება ამა თუ იმ სფეროს განვითარების მიზნით ჩვენ არ გვინდა! განვითარებული საზოგადოების კვალდაკვალ ჩვენ არ მივდივართ! ეს კიდევ უფრო აორმაგებს ჩვენს დამამცირებელ მდგომარეობას.

აბა დაფიქრდით, ეს ხომ არ არის ტიპიური საბჭოური მენტალიტეტი? როგორც "დიდ რუსეთში" გარბოდით შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, რათა ერთი ძალა ყოფილიყო დომინანტი, იგივე მიდგომით ცდილობთ ევროპულ საზოგადოებასთან საქმის მოგვარებას, ჭორაობას. ის, რაც ბოლო დროს პოლიტიკოსებმა ჩაიდინეს, ერთი ამბის გარდა არანაირ კავშირში არ არის ქვეყნის შიდა პრობლემების გადაჭრის სურვილთან.

დავუბრუნდები ანონიმურ სტატიას. ჩემი ბრიტანელი კოლეგების დახმარებით აღმოვაჩინე, რომ ამ წერილის ავტორს ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გვარი აქვს. ამაზე უკეთესი ინგლისურით მას მე ვუპასუხებდი იმავე გამოცემაში, მაგრამ არ მინდოდა იმ ქართველ პოლიტიკოსებს დავმსგავსებოდი, რომლებიც ზემოთ აღვწერე.

სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, გავაკრიტიკო ქართული მედია. ის ჟურნალისტები, რომლებიც ჩემნაირებისთვის ადგილს არ ტოვებთ ქართულ ჟურნალისტიკაში. როდის უნდა გამოხვიდეთ ეთერში თუნდაც ამ სიტყვების ძახილის მდგომარეობიდან :"ჩემი მეგობარია და ამიტომ ვამართლებ მის ნამოქმედარს".

ზემოთ დამავიწყდა მეთქვა, ამ სტატიას იმიტომ გამოვეხმაურე, რომ პოლიტიკოსი ხარ თუ ჟურნალისტი, არ უნდა გიჭირდეს აღიარება სწორად განხორციელებული საქმისა. პანდემიის დროს ჩვენი ხელისუფლების ქმედება იყო აბსოლუტურად სწორი ნებისმიერ საფეხურზე. როცა კარგსაც ცუდად წარმოაჩენ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებ.
რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს უნდა ვთქვა: დღეს უკიდურესად ბინძური პერიოდია მედიაში. იმ მედიაში, რომელიც სიხარულს ვერ მალავს ცუდის აღმოჩენისას. მედიაში, რომელიც უკიდურეს ტრაგედიასაც სანახაობად აქცევს. მედია, რომელიც ზნეობას და ჭეშმარიტებას, როგორც ფასეულობას აუქმებს. ადამიანებს უკარგავს ორიენტაციას სიმართლესა და სიცრუეს შორის. განაშორებს სულიერ, კულტურულ და ნაციონალურ იდეალებს. მედია, რომელსაც სურს ადამიანი დარჩეს მხოლოდ ხორცი. ქაოტურად მოქმედებს და ამას არქმევს სიტყვის თავისუფლებას.

ჩემო კოლეგებო, რომელიც კოლეგიალობას მხოლოდ დაქალ-ძმაკაცობის ნიშნით განიხილავთ, გეტყოდით: როცა შეგიძლიათ ყველას გადაუაროთ იმ მიზნით, რომ თქვენი ვიწრო-პარტიული ხაზი გაატაროთ, განვითარებულ ქვეყნებში შეუძლებელია ეს დასჯადი არ იყოს.
ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს პრესის რეგულაცია, იმისთვის კი არა, -რაღაც არ თქვათ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ, საზოგადოებამ დავიცვათ თავი!

ერთი მხრივ უკიდურესად აგრესიული და მეორე მხრივ ხელისუფლების გულის მოსაფონად ფერმკრთალი მედია ასევე მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც ამდენი რამეა ქვეყანაში ასაწყობი.
მაღალი სტანდარტების მედიაში არ მიაჩნიათ, რომ მედიამ აუცილებლად რაღაც უნდა თქვას და ეს მაინცდამაინც ვიღაცის ლანძღვა (და არა კრიტიკა) უნდა იყოს, პირიქით, მან უნდა თქვას ის, რაც აუცილებელია ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რაც ერთობ იშვიათია ქართულ მედიაში.

ეს ძალიან ფრთხილად გასაშლელი თემაა, რომელსაც ალბათ შევეხები მომავალში. ამჯერად კი კიდევ ერთხელ ვიტყვი: ქვეყნის განვითარების სწორი პრინციპი ყალიბდება "ზემოდან!" და არა "ქვემოდან", მაშინ, როდესაც პოლიტიკოსის საქმიანობა მორგებულია ქვეყანას და არა საკუთარ ჯიბეს. როცა პოლიტიკოსიც და ჟურნალისტიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს მაშინ ხდება სწორი კონკურენცია, კრიტიკა, მხილება, განვითარება.

ხაზს ვუსვამ: ევროპულ ქვეყნებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა ვიწრო პარტიულ მედია-საშუალებებზე, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?