შეისუნთქე სამყარო, ანუ ერთი მარცვალი სიხარულის ამბავი - კვირის პალიტრა

შეისუნთქე სამყარო, ანუ ერთი მარცვალი სიხარულის ამბავი

ბავშვობაში მეგონა, - მხოლოდ აქ ეძახდნენ მთის ცივ წყალს - ბინულს. უკიდურესად ციცაბო კალთას - ბრეკს, მდინარეს - ღელეს... მხოლოდ აქ შემეძლო თონეში ჩაკრული ლავაშივით გარდი-გარდმო სახლებ შუა, ხელებგაშლილს და სუნთქვაშეკრულს, დიდხანს ვმდგარიყავი და მზის ამოსვლისთვის მეცქირა... მხოლოდ აქ ვგრძნობდი რაღაც სურნელს ჰაერში, როცა მზე მთის კალთას ეფარებოდა, რომელსაც სახელი დღემდე ვერ მოვუძებნე. არასოდეს ჰგავდა ის მინდვრის, მიწის, თივის ან მთის სურნელს. იქნებ ჰაერსაც თავის სუნი აქვს, ვფიქრობდი, რომელსაც ჩაბუგულ ქალაქში ვერასოდეს ვგრძნობთ. ან, იქნებ ბედნიერებას ჰქონდა სურნელი და ის სწორედ ასეთი იყო.

მხოლოდ აქ ვფიქრობდი, ნეტავ დრო გავიდეს ნელა, ძალიან ნელა, რომ ამ აივნიდან ამ მთის ყურება დიდხანს შევძლო-მეთქი.

სწორედ აქ ვფიქრობდი, რომ ყოველ დილით ქვეყანა თავიდან იქმნება და მეც, ყოველ დილით ყოვლისშემძლე ვარ! სასწაულის მოხდენაც შემეძლო და დროს ვაჩერებდი, რადგან, შემდეგ მთელი არსებით შემეგრძნო სამყაროს სული. ჰო, აი, ალბათ სამყაროს სული ერქმევა იმ სურნელს, რომელსაც წეღან სახელი ვერ მოვუძებნე. და, მე მას ამ მთებში მივაგენი.

რატომ შეიძლება შემყვარებოდა აქაურობა? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების 365 დღიდან მხოლოდ ეს 10 დღე იყო სხვანაირი...ალბათ იმიტომ, რომ მკვეთრად განსხვავებული დღეები: ტექნოლოგიების, პოლიტიკის, გამოგონილი ურთიერთობების, დაძაბული რეჟიმის გარეშე - მკვეთრად ცვლიდა ჩემს ხასიათს და სულს. მარადიულ აწმყოში მოვექეცი და ალბათ იმიტომ. მე ვიყავი აქ და ახლა. მარტივად ვპოულობდი ჩემს თავს და კონტაქტს ბუნებასთან, რომელიც ერთობ სასიამოვნოა.

მინდოდა დამეჯერებინა, რომ ბედნიერების პოვნა თვით უმცირეს მარცვალშიც შეიძლებოდა, როგორც ნათქვამია " სამყაროს ამ მარცვლის შესაქმნელად მილიარდი წელი დასჭირდა"

როგორც ჩანს, სამყაროს სულს, რომელიც ხელუხლებელი ამ მთებს შორის ბინადრობდა, გემოც ჰქონდა.

"ადექით აწი ბოშებო, აშენდა ქვეყანა" - ამბობდა სალომე ბებო. ჩვენ ვწუხდით, რადგან საათი 7-ს უჩვენებდა. დილის ძილი გვინდოდა, გვენატრებოდა, თან ბებიის გვეხათრებოდა. ის კი იჯდა იატაკზე, კარის ზღურბლთან ფეხმორთხმული და კიდევ ორიოდ საათს ჩვენს გაღვიძებას ელოდებოდა. სახელდახელოდ გაწყობილ სუფრაზე ყოველთვის გვხვდებოდა თონის ცხელი პური (ანკი, როგორ ახერხებდა) გოგლიმოგლი და ერბოკვერცხი.

ბრეკზე ქვების დაგორების მეშინოდა, რომ წამაქცევდა და წელში ნახევრად მოხრილი, ყველაზე პატარა ნაბიჯებით მივუყვებოდი ბილიკს. ერთი მთის ძირიდან მხარზე აკიდებული ზურგჩანთით მომაზიდინებდა შავ ქლიავს და მერე პატარა აივნიდან გახუნებულ კრამიტზე ორადგახლეჩილს "მაფენინებდა". ზამთარში ამის ჩირი საოცარიაო - ამბობდა. პირველი, რა თქმა უნდა, მას ფუტკრები აგემოვნებდნენ.

ამ სურნელს ბოსტნის პომიდვრის სურნელი ერთვოდა, მიწის, სიმინდის მწვანე ფაფრის, ბებიის ხმელი სუნელის, მინდორში გათელილი ყვავილების და ვგრძნობდი, რომ აქ შემიძლია შევისუნთქო სამყარო.

დღესასწაულები განსაკუთრებულია. ჰოდა, ჩემი იქ ყოფნა ისეთ დღეს დაემთხვა სალოცავშიც გავყევი მასპინძლებს. ახლა მივხვდი, რა იღბალი მქონია, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის ეზოში ქვევრის ღვინო აღმოაჩინეს.

შეუძლებელია, ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმის არეალში იყო და ლადოს არ ესტუმრო. დაჯორგილი ტახტის დანახვაზე ბავშვობის დროინდელი გრძნობა ამედევნა. დამაყენებდა მასწავლებელი და მეუბნებოდა, არ იტირო, ისე თქვი ლექსი და ნიშანს დაგიწერ. მე კი მთელი არსებით განვიცდიდი ლადო ასათიანის ბედს და ვტიროდი. ახლაც ვტიროდი, როცა მე და საოცარი მასპინძელი ქალი ფატი, ერთმანეთს ლადოს ლექსების თქმაში ვეჯიბრებოდით....

ნუთუ შეიძლება სიხარულზე ლაპარაკი ოდესმე დაასრულო, ალბათ კი და ჩემი ისტორიაც აქ მთავრდება. ოდესმე აქ დავბრუნდები.. მანამდე კი მთელი წელი ვიცი, ამ 10 დღეში ჩაეტევა და ყველაზე რთულ დროს გამახსენებს, რა კარგია მშვიდად "აწმყოში ცხოვრება".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს