ფსევდოოპოზიცია სისტემასთან ბრძოლის ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი - ვაჭრობს... - კვირის პალიტრა

ფსევდოოპოზიცია სისტემასთან ბრძოლის ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი - ვაჭრობს...

მხოლოდ ქვეყანას თუ დააზარალებს ისევ იმის მტკიცება, რომ ერთი კაცის წასვლა ან ერთი ხელისუფალის მეორეთი ჩანაცვლება სისტემის რღვევაა. ტყუილია ბატონებო! ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე "საბჭოური სისტემა" არ შეცვლილა და - არც ამის მცდელობა ყოფილა. სწორედ ამ სისტემით ხდებოდა ყველა ხელისუფალი ავტოკრატიული, შემდეგ - კორუმპირებული და ფეხზე იკიდებდა როგორც მშიერ მოსახლეობას, ისე - ქვეყნის განვითარებას. როგორც ჩანს, საბჭოთა მმართველობითი სისტემის ცენტრალიზებული ვერტიკალი მეტისმეტად გამძლე აღმოჩნდა. ოპოზიცია გარეგნული დემოკრატიულობის ილუზიას ქმნის. მეტიც: ფსევდოოპოზიციის დანიშნულებაა, შექმნას სისტემასთან ბრძოლის ილუზია; წინასწარ დაგეგმილი მარცხით გააძლიეროს საზოგადოების ნიჰილიზმი; გადაფაროს ყველა პრობლემის სათავე - ჩამპალი სისტემა; როგორმე "გაათრიოს" უფრო მეტი "თავისიანი" პარლამენტში და მინიმუმ 4 წელიწადს გარანტირებული ბიზნესით, კარგად აცხოვროს. არავითარი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე არ წუხან ისინი, მხოლოდ კლანური მმართველობა - აი, მათი სურვილი!

ამიტომ არის ჩვენი ხალხი მუდამ წაგებულ მდგომარეობაში. ბიძინას მიშათი ჩანაცვლება სისტემის დანგრევას არ ნიშნავს. ეს არის ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუება და კიდევ ერთ წრეზე წასვლა. ამ სისტემას აწყობს ორად გახლეჩილი საზოგადოება და სულ მცირე, როგორი სირცხვილია იმავე ფრაზების გამოყენება: "ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია!" ოღონდ ეს წავიდეს და~... არადა, მიშას მმართველობა ტიპური ავტოკრატის მმართველობა იყო!

ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე სახელმწიფო მმართველობის შინაარსი უცვლელია. ეს არის სისტემა, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით, კლანური წესებით და არა - დანერგილი პრინციპებით ან კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის, მაგრამ ფაქტია, 30 წელიწადია, ასე იმართება ქვეყანა.

ეს არის სისტემა, რომელსაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი საზოგადოების არსებობა მუდმივად აწყობს. ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება, ვითომ სიმართლისათვის ბრძოლა - ტიპური საბჭოური მენტალიტეტის შედეგია; მუდმივად მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის შედეგია; მოღალატეობის ერთმანეთისთვის დაბრალება, არაგამჭვირვალე მმართველობა უმრავლეს სტრუქტურაში, სწორედ ამ სისტემის შედეგია.

ავტოკრატიული, კლანური მმართველობა მხოლოდ ჩაგვრა და რეპრესიები კი არ არის, არამედ - დისკრიმინაციული ეკონომიკური სტრუქტურებია, რომელიც უზარმაზარ უთანასწორობას ქმნის. საბჭოური კლანური რეჟიმის მახასიათებელია თანამდებობის პირთა განუწყვეტელი როტაცია. ყველა სახელისუფლებო შტოში კადრების ჩანაცვლება - "ჩემს გუნდს მივიყვან"...

ძალიან ბევრია ასეთი მახასიათებელი და ადამიანებს, ვინც მივხვდით, რა ხდება ჩვენს თავს, ან ინდიფერენტულებს, ან "შუაშისტებს" გვეძახიან. არავითარ ბელადს არ ველოდებით. ჩვენ არ გვაქვს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმი, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში. აქ ხალხი სრულიად უუფლებოა. აი, ასეთი სისტემა უნდა შეიცვალოს, თქვენ ეს არ გინდათ, რაში გაწყობთ ხალხი, უფლებამოსილი, ისევე, როგორც არ გაწყობთ ხალხი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი, თორემ ხომ კარგად იცით, ქვეყანას, სადაც სწორად მართავენ, რცხვენია მშიერი მოქალაქეების.

სოციალურ დახმარებაზე მყოფი უზარმაზარი არმია ყველაზე კარგად სამართავი და ყველაზე მეტად დამოკიდებულია, ისევე, როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკი, როგორც შემსრულებელი და ყველა ნაბიჯის "გამპრავებელი", ის შეუცვლელი ელემენტია საბჭოური სისტემის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.

და, როგორი იმედი მქონდა, დღეს თუ ხვალ ერთ პოლიტიკოსს მაინც დასცდებოდა, - ვიწყებ ჩემით, არ მოვემსახურები ასეთ სისტემას, ავტოკრატიულობა და კორუმპირებულობა უნდა დასრულდეს, უნდა მოხდეს ყველა სექტორის ფორმირება, გამჭვირვალე უნდა იყოს მთელი სისტემა, ანგარიშვალდებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქე მხოლოდ კანონის მიმართო... და ასე შემდეგ. არა, თქვენც არ მომიკვდეთ, სამარცხვინოდ, ისევ ვაჭრობა დაიწყეს და ქვეყანა კიდევ ერთ წრეზე წასასვლელად  გაამზადეს.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ის, რაც დღეს ხდება ქვეყნის შუაგულში, არის ვაჭრობა ოპოზიციის მხრიდან, ამ ჩამპალ სისტემაში მეტი ადგილის დასამკვიდრებლად და არა - ბრძოლა დემოკრატიისთვის. ის, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, არის კიდევ ერთ წრეზე წასვლა და ამ სისტემის გამყარება და გახანგრძლივება. ერთხელ დავწერე, თუ ხალხი დღეს კიდევ ამ პროცესებს აჰყვება, "ერთი ციხიდან გამძვინვარებულებს" ნებით გამოუშვებენ და მეორეში ჩაკეტავენ კიდევ რამდენიმე წლით-მეთქი...

სისტემა სახელმწიფოს მმართველობის მექანიზმების ერთობლიობაა. პროევროპულობა რომ გაკერიათ პირზე, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაგცდათ ერთხელ? სად, რომელ განვითარებულ ქვეყანაში მართავენ ასე? ამიტომ თქვენ ხართ ფსევდოოპოზიცია და იმედი მაქვს, ხალხი არ აჰყვება აქციებს, რომელიც ქვეყანას უფრო დააზარალებს, ვიდრე თქვენი შეუსვლელობა პარლამენტში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს