წლებია არჩევნებს იგებს არა ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ღირებულებები და იდეები აქვს, არამედ... - კვირის პალიტრა

წლებია არჩევნებს იგებს არა ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ღირებულებები და იდეები აქვს, არამედ...

"თითოეული ჩვენი ტყუილი წარმოშობს ვალს სიმართლის წინაშე. ადრე თუ გვიან, ეს ვალი უნდა გადავიხადოთ. ჩვენი ტყუილები ჩვენს ზნეობას ქმნიან. ისეთი კონცენტრირებულები ვართ საკუთარ პრობლემებზე, რომ არ ვფიქრობთ სურს თუ არა ვინმეს სიმართლის მოსმენა. მიუხედავად იმისა ვხედავთ მას თუ არა ის ყოველთვის არსებობს. სიმართლეს არ აინტერესებს ჩვენი მოთხოვნილებები და სურვილები. ადრე თუ გვიან ჩვენ მის წინაშე ვალის გადახდა მოგვიწევს." უკვე წლებია არჩევნებს იგებს არა ის პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალური წინადადება აქვს საკუთარ ამომრჩეველთან, ან ფასეულობებით გამოირჩევა სხვა პოლიტიკური სპექტრისგან, არამედ ის, ვინც აცხადებს, რომ მისი კონკურენტი მასზე მეტი ნაგავია. მერე, მოდის სათავეში და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც მისი წინამორბედი.

თუ ეს ძალისმიერი მეთოდები, რაც დღეს ხდება სამართლებრივით არ შეიცვალა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კატაკლიზმები ისევ და ისევ გაგრძელდება და ეს ქვეყანას უკან დახევს. ამ ფონზე ყოვლად უაზროა ქვეყნის დემოკრატიასა და მის განვითარებაზე საუბარი.

შევარდნაძისდროინდელი პოლიტიკოსები გაოცებული სახით გველაპარაკებიან "გაყალბებაზე" ნაციონალური მოძრაობა საუბრობს რუსულ გავლენებზე, როდესაც მათმა ლიდერმა ახალგორი, თამარაშენი და კოდორი ჩააბარა მტერს, ეკონომიკური ობიექტები გადასცა რუსეთს, დავით-გარეჯი გადასცა აზერბაიჯანს 80 მილიონის სანაცვლოდ, ჯერ გაფუჭებული იარაღი იყიდეს ჯარისთვის, მერე კვალი რომ წაეშალათ რუსებს ჩააბარეს... და ამ ყველაფერს იმით ამართლებს რომ რუსეთს ებრძვის...

დღესაც, ვიღაცის რუსეთუმეობაზე ინტენსიურად საუბრობს და "ქართული მარში" ნინო ბურჯანაძე, "პატრიოტები-ინაშვილი" და სხვა მსგავსები გვერდით უდგანან.

ესენი საუბრობენ დემოკრატიაზე, როდესაც საზოგადოების მკვეთრი გაყოფა მათ დროს დაიწყო. თუ მართლა დანაშაულზე მიუთითებდი, უმალვე მტერი ხდებოდი. მიუხედავად მათი მხრიდან ჩემი მკვეთრი დევნისა, რაც მომწონდა ხმამაღლა მითქვამს. მაგალითად, ერთ-ერთს ნულოვანი ტოლერანტობას ვასახელებდი, რადგან ხალხი მასიურ მოტყუებას და ქურდობას საბჭოთა დროიდან მოყოლებული ვერ გადაეჩვეოდა. თუმცა, შემდეგ ცნობილმა პოლიტოლოგებმა მითხრეს, რომ ამდენი ხალხის დაპატიმრების შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს მოხდა, პარალელურად დაიწყო ფულის გადახდის საფუძველზე მათი პატიმრობიდან გათავისუფლება. მაგრამ, რა კატეგორიით ირჩევდნენ პატიმრებს დღესაც არავინ იცის.

შევარდნაძის დროს ყველამ ვიცით, რომ კორუფცია ყვაოდა. შემდეგი მმართველების დროს კი კორუფცია ელიტური გახდა. ამ საკითხს საერთოდ ცალკე ბლოგი შეიძლება მიეძღვნას "იდუმალებით მოცული" კორუფცია როგორ ხდებოდა და რატომ არ იკვლევდნენ ბევრ რამეს. სამაგიეროდ სააკაშვილი გახდა მილიონერი... აღარ გავაგრძელებ.

ამ ოპოზიციურ ძალას წესიერი ოპონირებაც არ გაუწევია წლების მანძილზე "ოცნებისთვის" სამაგიეროდ, "მასტერია" დაპირისპირებების აღმოცენებაში.

ხომ უნდა გავაანალიზოთ რა მოუტანა ქვეყანას ამ წლების მანძილზე საზოგადოების ორად გახლეჩვამ და მუდმივმა დაპირისპირებამ? მე, არ ვამბობ, რომ ბრმად მმართველ გუნდს ვემონოთ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ თითოეული თქვენი წინადადება საკუთარი კლანის წინ წაწევასა და რევანშზეა ორიენტირებული და არა ქვეყნის განვითარებაზე.

ორიოდ სიტყვით მაჟორიტარულსა და პროპორციულის შესახებაც ვიტყვი. კონსტიტუციის თანახმად პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრსა და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ წევრს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ასევე წერია, რომ პარლამენტის წევრი მიუხედავად იმისა თუ როგორი წესით არის არჩეული, არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, რაც ნიშნავს, რომ თავის საქმიანობაში უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესების განხორციელებას და არა იმ კონკრეტული ამომრჩევლის ინტერესების დაცვას თუ რაღაც ჯგუფის ლობირებას, ვინც ის აირჩია პარლამენტის წევრად. პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ ბევრი რამ სხვაგვარად ხდება. აქ უამრავი ამბის ჩამოთვლა შეიძლება როგორი არაადექვატურია ქართველი პარლამენტარების საქმიანობა.

პროპორციული საარჩევნო სისტემა კი სულაც არ არის დემოკრატიული, ეს არის პარტიების ინტერესების დამცველი სისტემა, ანუ პარტოკრატიული. ჩვენ, ანუ ხალხს რაა, ერთი სისტემა იქნება თუ მეორე?

ტიპები, თავის მდგომარეობას იყენებენ საკუთარი ბიზნესინტერესების დასაკმაყოფილებლად, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსაქმიანობა პარლამენტის წევრს აკრძალული აქვს. ჟარგონით რომ ვთქვათ, მერე ხდება "დაკრიშვა", პარლამენტის წევრის სტატუსის გამო, ისინი თავად ახერხებენ საკუთარი ბიზნესის "კრიშის" ფუნქციის შესრულებას. ამ ყველაფერს პარლამენტი, საჯარო სამსახურის ბიურო უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ მსგავსი რამ არ ხორციელდება.

სამაგიეროდ, რამდენი კანდიდატი შეგვპირდა, ოღონდ ამირჩიეთ თქვენს პრობლემებს მივიტან პარლამენტამდე, მეტი არაფერი შემიძლიაო. ჩვენც ვიცით ჩვენი პრობლემები მშვენივრად. საქმის გამკეთებელი კი არ ჩანს. არ ჩანს იმიტომ, რომ სისტემაა არასწორი და ხალხს დეპუტატზე ზეგავლენის ან, გამოწვევის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

იმას კი რასაც სააკაშვილი აკეთებს, ან როგორც ოპოზიციის წევრები იხლართებიან თავიანთ წინადადებებში, ეს წინაპირობაა იმისა, რომ მომდევნო 4 წლის მანძილზეც ქაოსი იქნება.

იმედს ვიტოვებ, საზოგადოება დაფიქრდება იმ საკითხზეც,- რაც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის მმართველობის დროს, ფასადური, თუ საფუძვლიანი რეფორმები, დღეს რას გვაძლევს ეს? რა შედეგზეა მათი სვლა გათვლილი? რატომ უნდა ვიყოთ მუდამ წარსულზე ორიენტირებულები? რატომ არ ვფიქრობთ რა გვინდა მომავალში? რას გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის განდევნის გარდა? იქნებ დადგა დრო, როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა, ისე საზოგადოებამ გავაანალიზოთ გუშინდელი შეცდომები, საკუთარზე ვისწავლოთ და სწორად დავგეგმოთ მომავალი, რომ განვითარების გზას ჩვენც დავადგეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს