დღეს ტელევიზია იმყოფება ამა სოფლის ძლიერთა და ბნელ ძალთა ძალაუფლების ქვეშ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი გამდიდრებისკენ... - კვირის პალიტრა

დღეს ტელევიზია იმყოფება ამა სოფლის ძლიერთა და ბნელ ძალთა ძალაუფლების ქვეშ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი გამდიდრებისკენ...

ბევრჯერ მიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს ტელეგადაცემა, რომელიც არ დაიწყება "საშინელი ქუდით", სადაც ხალხის განწირული წივილი ისმის; ან როგორი შეიძლება იყოს წამყვანი, რომელიც მოსწრებაზე არ ლაპარაკობს და არ ყვირის; პოლიტიკოსს, მოქალაქეს ან პოლიციელს მორალს კი არ უკითხავს ან დასცინის, არამედ - შეკითხვას უსვამს; სადაც 5 წინადადებიდან 3 მაინც ცრუ არ არის ან - ერთობ გამუქებული... გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღეს ტელევიზიები გვმართავენ. ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, განაგებს ტელევიზია.

ხშირადაა მედია არაკორექტული, აიძულებენ ადამიანებს თეთრი შავად დაინახონ და შავი - თეთრად. ეს განპირობებულია მმართველების სურვილის შესაბამისად, რომლებიც ფინანსურად აკონტროლებენ ტელევიზიებს.

ყოველ საღამოს მგონია, საგანგებო მდგომარეობაზე გადადის ქვეყანა და ომი იწყება. ეს - უარეს შემთხვევაში, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, ტელევიზიები გვაიძულებენ, ვიყოთ არაცნობიერი ზომბები, ვუყურებდეთ ნეგატიურ ახალ ამბებს და ეს, როგორც ნარკოტიკზე დამოკიდებულებას გვიქმნიდეს.

სრულიად უცნობი ადამიანი რომ დაგელაპარაკება, მარტივად ხვდები, ვისი გავლენის ქვეშ არის, ოპოზიციის რიტორიკის თუ სახელისუფლებო ტელევიზიის, მაგრამ ორივე ტიპის მაყურებელს ბოლო ერთი აქვს - გიმტკიცებს იმას, რასაც ეს ტელევიზიები ტვინში უჭედავენ, სინამდვილეში კი, რეალობას მოწყვეტილია.

საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და პოლიტიზირებული ხდება. ეს ურთიერთდაძაბულობა და მზარდი ანტაგონიზმი კი დიდ ზიანს აყენებს დემოკრატიას, რომელიც ყოველთვის გულისხმობს კომპრომისს და აზრთა შეჯერებას.

საქმე ის არის, რომ ტელევიზიები აქეზებენ დაყოფას, ცდილობენ საზოგადოებას ორატორებად მოევლინონ და რისხვა გადმოაფრქვიონ, რათა შემდგომ იგივე საკენკი დაგვიყარონ.

დავიღალეთ შფოთით, რომელშიც მოგებული მხოლოდ დემაგოგი რჩება.

დღევანდელი ტელევიზიები ზნეობას და ჭეშმარიტებას, როგორც ფასეულობას, აუქმებს. ადამიანებს უკარგავს ორიენტაციას, განაშორებს მათ სულიერ, კულტურულ და ნაციონალურ იდეალებს. მათ სურთ, რომ ადამიანი დარჩეს მხოლოდ ხორცი.

დღევანდელ ტელევიზიებს შეიძლება ეწოდოს ფანჯარა ფსევდორეალობაში! დღეს ტელევიზია იმყოფება ამა სოფლის ძლიერთა და ბნელ ძალთა ძალაუფლების ქვეშ, რომლებიც იბრძვიან საკუთარი გამდიდრებისკენ და აიძულებენ ადამიანებს, ერთნაირად აზროვნებდნენ.

იცით, როგორ არის ჩვენი სამყარო მოწყობილი? ჩვენ ვჭამთ, რომ ვიცოცხლოთ, ვაკეთოთ (კარგი) საქმეები, მაგრამ არ ვცოცხლობთ ჭამისთვის (ეს არის რეალობა) მაგრამ, დღეს სწორედ ეს მეორეა ადამიანების უმრავლესობისთვის მთავარი - სურვილის დაკმაყოფილება, ადამიანები ცოცხლობენ ჭამისთვის, ადამიანები არსებობენ ფულისთვის და სიმდიდრისთვის. და, ამ მიზანს ხან ქვეყნის ბედს ეძახიან, ხან დემოკრატიას, ხან სამშობლოს სიყვარულს...

ზუსტად აქედან გამომდინარე, ვინ როგორ გიხდის ფულს, იმის მიხედვით არქმევდე საკითხს სიმართლეს, სულ ცოტა - უხერხულია.

მაგალითად: პარლამენტის წინ აქციაზე, როცა მომიტინგეები შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახდნენ პოლიტიკოსებს, საჩხუბრად იწევდნენ და უყვიროდნენ, პოლიციამ ერთი დააკავა და სხვა მხრივ სიტუაციის განმუხტვა სცადა, მთავარი არხის ჟურნალისტი სამართალდამცველს კი არ ეკითხებოდა, არამედ უყვიროდა და მორალს უკითხავდა, აქტივისტებს გამოხატვის თავისუფლებას რატომ უზღუდავთო...

რამდენიმე კვირაში პრეზიდენტს ჩაუსაფრდა მცირე ჯგუფი. იმავე ადგილას "ოცნების" აქტივისტებიც მივიდნენ და ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც "ჩასაფრებულებს" კურირებდა, "მიშას მონა" უწოდეს. იგივე ჟურნალისტი, რომელზეც ზემოთ ვწერდი, მიუხედავად იმისა, რომ გაწევ-გამოწევა, ძალადობა და ასე შემდეგ არ ყოფილა, პოლიციას პასუხს სთხოვდა, რატომ არ აკავებდნენ პირს, რომელმაც "ნაციონალების" ერთ-ერთ ლიდერს "მონა" აკადრა.

სიმართლე სად არის? აღნიშნული არხის მსგავსი ფაქტების ჩამოსათვლელად 2-3 ბლოგი არ მეყოფა. ეს რატომ ხდება, იცით? იმიტომ, რომ ეს ძალიან, ვიწრო პირადი ინტერესებია და არ ხდება ქვეყნის პრიორიტეტებისთვის გაერთიანება.

როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა: "ტოტალურად გაყალბებულ რეალობაში ვცხოვრობთ... არა შინაარსი, არა სახალხო ინტერესი, არა მიზნები, მთელი ქვეყანა გაუგებარ პოლიტიკურ პროცესშია გადავარდნილი".

კიდევ ერთი: სახელისუფლებო ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტი ერთ დღეს გვიმტკიცებდა, რომ შაქარაშვილის საქმე სწორი გზით მიდის და თითქმის გამოძიებულიაო. დაახლოებით 10 დღის შემდეგ ეს ჟურნალისტი ტვ-პირველზე აღმოჩნდა. ალბათ, ბედის ირონია იყო. იგივე საკითხის გაშუქება მოუხდა და თავდაჯერებით გვიმტკიცებდა, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბევრი ხარვეზია და გამოძიებაც ხარვეზებით მიდისო.

შეიძლება ამათ თქვან, - ვინმე არაკოლეგიალურია? "კოლეგიალობა" სწორედ საბჭოთა ფენომენია და ეს ადამიანები ვერასოდეს გაიგებენ, რაზე დგას ნამდვილი ჟურნალისტიკა.

სწორედ ასეთი ტიპებისგან არ მიკვირს ირონიული სახეებით ნათქვამი, რომ, თურმე, უკვე ფეისბუკ-პოსტების გამოც იბარებენ გამოკითხვაზე. აი, ამ ღრმად "განათლებულმა ქალბატონებმა" ერთი განვითარებული ქვეყანა მაინც დაასახელონ, სადაც გამოძიებაზე ან პოლიტიკურ პროცესზე პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ან საჯარო მოხელე საეჭვო სტატუსს წერდეს ან ილანძღებოდეს და ამით სასამართლო არ დაინტერესდეს და მე, 10-12 ბოლოდროინდელ ფაქტს დავასახელებ, რომ დიახ, ეს არის სწორი მიდგომა.

ერთობ ცოტა მაგალითია, მაგრამ დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ დღეს მედია ჭეშმარიტებას არ გამოხატავს. ის, უბრალოდ, თავის თავს გამოხატავს და ამაში ცუდი ისაა, რომ საკუთარი თავის აღვირახსნილ სიყვარულს აქცევს კულტად და შემდეგ მას მთელ საზოგადოებას ახვევს თავს მედიაპლურალიზმის სახელით (ჩვენ გარეშე ქვეყანას მომავალი არ ექნებაო).

ახლა რაც მაფიქრდება, მუსოლინის მიერ დაპატიმრებული იტალიელი მოაზროვნე და პოლიტიკის თეორეტიკოსი ანტონიო გრამში საპატიმროს საკანში წერდა: "კრიზისი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძველი კვდება და ახალი ვერა და ვერ იბადება, ამ "უმეფობის" ხანაში კი მთელი რიგი არაჯანსაღი სიმპტომი იჩენს თავს".

ეს არაჯანსაღი სიმპტომები ბევრია ტელევიზიებში. პოლიტიკაზე სხვა დროს დავწერ. უბრალოდ, გული მწყდება ჩემს უსაყვარლეს პროფესიაზე, რომლითაც ხალხს ტვინს ურეცხავენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს