მადლობა 2020 ყველაფრისთვის - კვირის პალიტრა

მადლობა 2020 ყველაფრისთვის

"სამყაროში "ზემეს" გამოზრდა დაიწყო. ის არის ბევრად შეუბრალებელი, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი, ბოროტება თუ იმპერატივი, რომელიც ოდესმე არსებობდა"- ჩანს, მიშელ უელბეკი უდრტვინველად განაგრძობს თანამედროვე ადამიანის მხილებას. არადა, ქართველი მწერლების წელი მქონდა და ამ მხრივ მადლობას ვუხდი 2020-ს. სხვა ბევრი რამისთვისაც ვუხდი მადლობას. ამის შესახებ, ცოტა ქვემოთ... არ იფიქროთ ვცდილობდე, გამორჩეული პოზა დავიკავო და ისე მეჭიროს თავი, თითქოს არაფერი მოხდა ან არ მინერვიულია 2020-ში. მაგრამ, მე მიყვარს განსაცდელები. ვიდრე მისგან რამეს სწავლას არ მივეჩვევით, მანამდე ვიქნებით ცხვირით ტალახში ჩამხობილები.

თუ უშუალოდ ვირუსზე ჩავიციკლებით, 2020 მე დავიწყე მძიმე ვირუსით, ახლა ჩემი ოჯახის ყველა წევრი, 5 წლის ელენეს ჩათვლით, 40 გრადუსი სიცხით წევს და  ვცდილობთ, ახალ წელს მაინც იმედიანად შევხვდეთ. სიმართლე გითხრათ, გულგრილობის უფრო მეშინია, ვიდრე - ვირუსის, მაგრამ თუ პანდემიაზე მიდგა საქმე, სწორედ პანდემიამ გამოკვეთა ადამიანების სიმარტოვის, თვითგადარჩენისა და სხვის მიმართ გულგრილობის პრობლემები. არ ვიცი, დღეს საიდან ამეკვიატა ეს უელბეკი, მაგრამ სწორედ ის კითხულობს და არა მე: "კიდევ ფიქრობთ, რომ ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე გაუკუღმართებული სული და გულგრილობა?!"

თანამედროვე ადამიანი გატლანქდა, გაცივდა, მოუთმენელი გახდა, ბოროტება ჩაიდო გულში. რა გვასწავლა ამ პროცესმა, რომელიც გავიარეთ ჩაკეტილ კარს მიღმა? მესმის! ადამიანები მეტყვიან, რომ არაფრის საშუალება არ გააჩნიათ, რომ მატერიალურად უჭირთ. მაგრამ, ყველაფერი ხომ არ არის მატერიალური ყოფა? გვედება თუ არა გოჭი მაგიდაზე, პრობლემა ეს არის, თუ სხვა რამ? განა, ვირუსი იყო საჭირო, დაგვენახა, ჩვენს პოლიტიკოსებს ფულის კეთება რომ უფრო მოსწონთ, ვიდრე ჩამყაყებული სისტემის ნგრევაზე ფიქრი?... ამდენი ცრუ ინფორმაცია. ამდენი სიხარბე. ამდენი ერთმანეთის გაუტანლობა, ამდენი...

როგორც ბესიკ ხარანაული იტყოდა: "ადამიანი ყოველთვის იყო ყველგან გაფანტული და ვერაფერს ასწრებდა. ვირუსული პანდემიის დროს კი ადამიანი აღმოჩნდა აქ და ახლა". მან საკუთარი თავისთვის მოიცალა და დაინახა როგორ სიცარიელეში უწევს ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, უნდა დაგვენახა. "კოვიდმა" ხომ უბრალოდ გაგვაშიშვლა! რაც ვიყავით და ვაგროვეთ სულში მთელი ამ წლების განმავლობაში, ის გამოფინა და სხვა არც არაფერი მომხდარა.

ყველაზე მეტად მინდა, რამე გვასწავლოს განსაცდელმა. თუნდაც ის, რომ ცარიელი რუტინული ცხოვრება და ორთქლის გამოშვება გრძელვადიან პერსპექტივას არ შველის, თუ ფუნდამენტურად არ გავიაზრეთ ჩვენი ცხოვრება და არ გადავაწყვეთ.

ყველაფრის მიუხედავად, მე მადლობას ვუხდი 2020-ს... სიცოცხლისთვის, ჩემი და თქვენი წუთებისთვის... ემოციებისთვის... იმ კარგი ექიმებისთვის, რომლებსაც, ალბათ, ვერ გავიცნობდი, რომ არა ეს პანდემია. ერთ ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან ერთ-ერთ ექიმზე.

მედეა დევსურაშვილის დედა (შატილის ავარიის დროს გარდაცვლილის) წერს:

"ერთხელ ლევან რატიანმა დამირეკა, - თქვენ რომ ტელეფონზე გელაპარაკებოდით, ამ საუბარს ჩემი ძველი პაციენტი შეესწრო, რომელიც ხატიაზე უფრო მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა, ახლა კარგადაა, გამომკითხა ხატიას ამბავი და სურვილი გამოთქვა, რომ დაეხმაროსო. მეორე დღეს კონვერტში ჩადებული 1000 ლარი მოგვიტანა, შიგ იდო ფურცელიც, რომელზეც ეწერა: "ხატიას - ლევანის, მამუკასა და ლალისგან". - ამ ფულით რაც გულით გინდა, ის იყიდე, ექიმებში არ დახარჯოო. სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონი, ეს ამბავი გამოიგონა იმისთვის, რომ საჩუქარზე უარი არ გვეთქვა და ეს ფული თავად გაიღო ხატიასთვის". ტირილი მინდა.

მადლობა ამ წელს იმისთვის, რომ გავიცანი კარგი ადამიანები, შევხვდი მწერლებს, მივიღე საჩუქრად წიგნები და საერთოდ, წელს ქართველი მწერლების წელი მქონდა. წავიკითხე არაერთი წიგნი, სოციალურ ქსელში უაზრო პოსტების ნაცვლად. ვირტუალურად გავიცანი მხატვრები. მათ შორის, რეზო მექვაბიშვილი, რომელსაც მარჯვენა ხელი პარალიზებული აქვს და მარცხენა ხელით ხატავს შედევრებს. ამ ურთულეს პერიოდში მოასწრო და მიიღო მონაწილეობა ორ კონკურსში და ჯილდოებიც დაიმსახურა. გავიცანი 88 წლის სოციალურად გაჭირვებული ლამარა ბებო, რომელიც გმირი ბებოა და დღეიდან უკვე - ჩემი მეგობარიც.

ბევრ ადამიანზე დავწერდი და თუნდაც იმ დღეებზე, რაც მშვენიერი მეჩვენებოდა, მიუხედავად პრობლემებისა. თუნდაც იმაზე, რომ სახლი და სამსახური ერთ სივრცედ იქცა. იმისთვის, რომ მეტად ვიგრძენი, სიცოცხლე შრომა და გარჯაცაა, თავისი პრობლემებით და განსაცდელებით, რომელიც ღირს სხვისთვის გახარჯო. ახლა, სულ ცოტა, მე მინდა ვიყო "გმირი", გავბედო და გითხრათ: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება.

და ახლა, როდესაც წუთებს ითვლის 2020, როცა ვაკვირდები თქვენი თმის ფერისა და წამწამის ფორმას, ვხვდები, რომ ფორმა და ფერი სიცოცხლის საზრისია. ყოველივე არსებობს იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებოს. სიცოცხლის აზრი თავად სიცოცხლეა და არ სჭირდება კირკიტი. თუნდაც, ჩემი სიტყვა ზღვაში წვეთი იყოს სხვა სიკეთესთან, მეტი არ მინდა.

მინდა, გულით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, ადამიანებო, სიხარული და სიყვარული არ დაგვლეოდეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს