მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ... - კვირის პალიტრა

მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ...

მიყვარს ზამთარი. ახალი წელი. ახლის მოლოდინი. ახალი თავგადასავლების დასაწყისი და საუფლო დღესასწაული "შობა".

ქრისტეშობა - ეს არის დღე, როდესაც შეგიძლია მოუხმო ქრისტეს საკუთარ გულში. ეს არის დრო განკურნების და განახლების. დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, არამხოლოდ ქრისტეს ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, არამედ - ჩვენს მარადიულობაზე.

სიცოცხლე მარადიულია და ამ ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებას ყოველი ახალი არსების მოვლინება კიდევ უფრო აშკარას ხდის. ფოთოლცვენას ყვავილობა მოსდევს, ღამის წყვდიადს - განთიადის ნათელი, სიბერეს - სიყმაწვილე, სიკვდილს კი - სიცოცხლე. აი, ეს არის იმ სამყაროს საზრისი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მაინც არასოდეს გვავიწყდება, რომ სიცოცხლე მშვენიერია.

ქრისტეს შობით მარადისობა მოვიდა დროში, რომ დროში მყოფნი მარადისობაში შესულიყვნენ.

მესმის, რომ ბევრს უჭირს სოციალურად, ბევრს არც შობა და არც ახალი წელი უხარია, რადგან სავსე სუფრა არ აქვს, საჩუქრის ფული არ აქვს, ან საჭმელი არ აქვს... მაგრამ ნაკლებად ფიქრობს, რა არა აქვს სულიერად.

ღვთის სათნომყოფელი ადამიანი სულ უფრო უნდა ხვდებოდეს, რომ უფლის გარეშე გატარებული ყოველი წამი ფუჭად არის გახარჯული და ამ უგუნურებისთვის ადრე თუ გვიან ყველას მოგვეკითხება. გამუდმებით მიწიერ საზრუნავში ვართ ჩაფლულები და სულიერზე ფიქრისთვის დროს ვერ ვპოულობთ. სულიერი სიცარიელე გვტანჯავს და ვდრტვინავთ...

შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცოდვილი ბუნების მოსაშორებლად ერთადერთი გზა ქრისტეა.

მოგვები წარმართები იყვნენ, მაგრამ მაძიებელი ხალხი იყო და ამ მაძიებლობით მივიდნენ ჭეშმარიტ უფალთან, ეზიარნენ ჭეშმარიტებას.

თუკი სურვილი გვექნება, ყოველთვის გვაქვს შანსი, დაველაპარაკოთ ქრისტეს, რომელიც გველოდება, შევცვალოთ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ.

მე მხოლოდ ჩემი ემოციების გადმოცემა მინდოდა. რელიგიურად არ ვაპირებ სათქმელის განვრცობას. ერთს დავამატებ:

უფლის ხორციელად შობა, ეს უდიდესი სასწაული მიწიერად ბეთლემში აღესრულა. საუფლო დღესასწაულებით ბიბლიური მოვლენების თანამონაწილენი ვხდებით, სანაცვლოდ, საღვთო მადლი გვეძლევა.

მთელი გულით მინდა მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული. სულის სიმხნევე და ქრისტესთან თანაზიარება მინდა, გისურვოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს