ის, რომ ადამიანებს უჭირთ და უკანონობა უნდა ვაპატიოთ, პირდაპირ არის საბჭოთა ჟურნალისტის ნარატივი... - კვირის პალიტრა

ის, რომ ადამიანებს უჭირთ და უკანონობა უნდა ვაპატიოთ, პირდაპირ არის საბჭოთა ჟურნალისტის ნარატივი...

როგორც კი პანდემიის გამო მსოფლიოს პარალიზება დაიწყო, ბუკერის პრემიის ნომინანტმა და აქტივისტმა ელიფ შაფაქმა ახალი ესე გამოაქვეყნა. კითხვა ახლახან დავიწყე, მაგრამ საგულისხმო ფრაზები უკვე ამოვიკითხე. ის ცდილობს გაგვაგებინოს, როგორი ნოყიერი ნიადაგი შეიძლება ჰქონდეს გონივრულ მომავალს, თუკი ადამიანები ერთმანეთს ყურს დავუგდებთ. ერთ მონაკვეთში ის ღელავს იმ დაქსაქსულ საზოგადოებაზე, რომელიც დღეს არსებობს. "ჩვენ წაგვლეკა რისხვამ. ჩვენი გონება გადატვირთულია ნაგვით, თავდაცვითი მექანიზმები კი - მოშლილი. ეს, იცით, რატომ ხდება? როცა არც სულ უფრო ძველ წესრიგთან გამოთხოვება ძალგიძს და არც ახალი სამყაროს აშენების უნარი შეგწევს..." გეგონება, ჩვენს ქვეყანაზე წერს. ცხოვრებისეული გამოცდილება აშკარად სხვა გაკვეთილს გვთავაზობს. ჩვენ დაჩვეული ვართ ძალადობრივ სისტემას, "იქნებ უკანონობა გამივიდეს" პრინციპით ცხოვრებას და, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, არ გვსურს ამ ჯაჭვის გაწყვეტა.

წინა ბლოგში, სადაც ჩემი კოლეგების - ჟურნალისტების შესახებ ვწერდი, მკითხველმა შენიშნა, გამოსავლის ძიება გვჭირდებაო. მე კი ვიტყოდი, გამოსავალი არსებობს მსურველთა რაოდენობა კი - ფაქტობრივად, არა. ეს მშვენივრად ჩანს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ტელევიზიები ხელის გულზე გვიდებენ ფიქციურ და მოჩვენებით ამოცანებს. მაპატიეთ, მაგრამ რამდენიმე მაგალითი დამრჩა, რომლის უთქმელობაც შეუძლებელია და ამიტომ, საახალწლო ბლოგის ნაცვლად, ისევ ტელევიზიებზე მიწევს წერა.

ის, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ და უკანონობა უნდა ვაპატიოთ, პირდაპირ არის საბჭოთა ჟურნალისტის ნარატივი. ასეთი ტელევიზიები სუპერპროგრესულს დაირქმევენ თუ სუპერევროპულს, მაინც საბჭოთა მენტალიტეტის რიტორიკას გვაგონებენ. თუკი იტყვით, რომ ხელისუფლების მიმართ ყველა სიტუაციაში კრიტიკულები უნდა ვიყოთ და ასე იმიტომ იქცევით, სიმართლე გვითხრათ, ესეც საბჭოთა ჟურნალისტის ნარატივია. ევროპულ ქვეყნებში ყველაფერი მორგებულია საერთო კანონებს და ერთ ქვეყანას. ოპონენტი თუ სწორ მოტივაციას გააჟღერებს, არ ეშინიათ ამის აღიარების...

უბრალოდ, სულ ცოტა, კომედიური ფილმისთვის მაინც გამოდგება "ნაციონალების" გულისწუხილი სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებზე, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს თითო გარაჟს და 20 კვადრატულ მეტრ მიწასაც გაუფრთხილებლად ართმევდნენ. სააკაშვილ-მერაბიშვილს 1 ლარად არა ერთი მიწის ნაკვეთი აქვთ მითვისებული. ბოლოს და ბოლოს, მე და ჩემს კოლეგას რადიოიმედში გადაცემები იმიტომ დაგვიხურეს, რომ არც ერთი სიტყვა არ გაჟღერებულიყო სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით...

ხალხი რომ აიღოთ, ვიღაცას უნდა, რომ არღვევდეს კანონს და არ ეხებოდე, ნაცნობობით გააკეთოს რაღაც და არ ეხებოდე... შენ თუ იმავეს იზამ, მაშინ გამოჩნდებიან "სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტები", ოპოზიცია და ასე შემდეგ.

ხომ შეიძლება გვეყოს სინდისი და ვთქვათ, აი ასეთი ქმედება, წინა თუ დღევანდელი ხელისუფლების, აღარ გვინდა, ეს ხარვეზია! როცა ყველა აღიარებს ცუდ სისტემას, კორუმპირებულ მენტალიტეტს, აი, მერე დაიწყება ფიქრი, რით ჩავანაცვლოთ ის.

საბჭოთა ადამიანი, თავისი არსით, არის მატყუარა. ეს მას ასწავლა სისტემამ, სადაც თაობები გაიზარდნენ. შეიძლება არც ისე ძალიან უჭირს, მაგრამ მალავს; მუდმივად რაღაცას მალავს სახელმწიფოსგან; მუდმივად ცდილობს, "იქნებ გამივიდეს" პრინციპით იცხოვროს... ამიტომ ხედავს მხოლოდ საკუთარ თავს და მეტს - არაფერს. რა გამართლება აქვს იმას, რომ მე სოციალურად მიჭირს და ამის გამო ჩემგან უნდა აიტანო და თან გაამართლო ჩემი ცუდი მძღოლობა, უპასუხისმგებლო თანამშრომლობა, მუდმივად კანონის დარღვევა, არაკეთილსინდისიერი მუშახელის არსებობა, პარვა, სისტემატური ტყუილი... ეს არის საბჭოთა ადამიანის ფსიქიკა.

როდესაც ამბობთ, რატომ აშენებთ, რატომ ანათებთ, ქალაქი რატომ სუნთქავს, არამედ - მთელი თანხები მიეცით ვიღაც გაჭირვებულს, ეს პოპულიზმის გარდა საბჭოთა მენტალიტეტის ბრალია. ამ გზით არც ის სოციალურად დაუცველი დადგება ფეხზე და არც ქვეყანას ეშველება რამე.

იმ დროს, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემა ხელის გულზე დევს, მის სწორად წარმოსაჩენად, პარტიულ ტელევიზიებს ყველაფერი სანახაობის დონეზე დაჰყავთ. ცხადია, ეს მათ პრიორიტეტზე მიანიშნებს.

ამ ყველაფრის ფონზე ერთ-ერთი ტელეწამყვანი სხვა ტელევიზიის აგრესიულ წამყვანზე ამბობს: "ის ჟურნალისტია, სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით და, რაც მოესურვება, იმას იტყვის (?!)

რომელ განვითარებულ ქვეყანაში შეიცავს გამოხატვის თავისუფლება ლანძღვა-გინებას? სად მიაჩნიათ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის, "რასაც მინდა ვიზამ და ვიტყვი"? თუკი ამის საშუალება მექნება, უამრავ მაგალითს დავასახელებ - ემოციურ ნიადაგზე შეცვლილი ფრაზისთვის ან აგრესიული გამოხატვისთვის როგორ დასჯილა და ისჯება ჟურნალისტი განვითარებულ ქვეყანაში.

ჩემმა ქვეყანამ, რომლის სურვილია, განვითარებული ქვეყნების რიცხვში ჩაეწეროს, როგორ შეიძლება "ვიღაცის" ლანძღვა-გინება პირდაპირ ეთერში, ფაქტების აშკარა ცვლილება, ისტერიკა და სრული ქაოსი, გამოხატვის თავისუფლების მწვერვალად გაასაღოს?

უბრალოდ, მართლა გულწრფელად გული მწყდება, რომ დღეს ასეთი შანსი, რაც მედიას აქვს, ფუჭად იხარჯება და რეალური პრობლემები რჩება უთქმელი. როგორც კი პრესის რეგულირებაზე იწყება ლაპარაკი, რაც ნორმალური ქვეყნისთვის აუცილებელია, პარტიული ჟურნალისტები ამ ინიციატივას "თავისუფალ მედიაზე" თავდასხმად აფასებენ. რას ვიზამთ, ვიდრე გათვლა კვლავაც იქნება სკანდალური აურის ჟურნალისტებზე, მანამდე სიმართლეს ვერ მიიღებს მაყურებელი!

მე კი გულისხმიერ ადამიანებს კვლავ შევახსენებ: განვითარებულ ქვეყნებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმთავრესად დაფუძნებულია ძლიერ სამოქალაქო ინსტიტუტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ წესებს დაქვემდებარებულ მკაცრ სისტემას და არა -  ვიწრო-პარტიულ მედიასაშუალებებზე, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს