ვოცნებობ, მოგზაურობისას მქონდეს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა სულაც არ არის მოუვლელი - კვირის პალიტრა

ვოცნებობ, მოგზაურობისას მქონდეს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა სულაც არ არის მოუვლელი

ზურგჩანთა მოვიგდე თუ არა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ბედნიერების ხარისხი გაცილებით მაღალია მოგზაურობისას, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივობისას. ცვალებადი გარემო პირობები, რაც მოგზაურობის დროს გვხვდება ასევე ახდენს ერთგვარ ემოციურ გადატვირთვას ჩემში. ატენის მონასტერში ბავშვობაში ვარ ნამყოფი. გარემო ბუნდოვნად მახსოვდა, ემოცია ძლიერად, მაგრამ დღეს უფრო ღარიბი და მიტოვებული მეჩვენა.

სამაგიეროდ, აღმოვაჩინე ტანას ხეობა და ბიისის ჩანჩქერი, რომელიც მანამდე არ მენახა, გავიცანი ჩემი მეგობრის, ცნობილი გეოგრაფის - გიორგი დვალაშვილის საუკეთესო სტუდენტები სალომე, მარიამი, მარიამი, ქეთა, ეთო, ნიკა და ახლა ჩემი ემოციები უნდა გაგიზიაროთ.

ტანა წარმოდგება სიტყვისგან ტინი, რაც ნიშნავს სალ კლდეს. ტანადან მომდინარეობს ტოპონიმი ატენი. ტანას ხეობა მართლაც შედგება ქარაფებისგან, ალპური ბორცვებისა და გორაკებისგან. ერთ დროს ეს ხეობა მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. ვიდრე ატენის ტაძრიდან ბიისის ჩანჩქერამდე მიაღწევთ, ამ პატარა ხეობაში 50-მდე ძველი ეკლესიაა შემორჩენილი, ზოგიც - ნანგრევი. ჯგუფის ხელმძღვანელი გზადაგზა წუხდა: "როცა ამდენი ეკლესია შენდება საქართველოში, რატომ არის ამდენი უნიკალური ძეგლი მიტოვებული და მოუვლელიო?"

ატენის ციხეს ორი მხრიდან ხევი ჩამოუდის. ერთს ეწოდება ცივი ხევი, საიდანაც გამოდის გრილი ნიავი. აქ, თურმე, წინათ, ზაფხულობით ღვინოსა და ხორცეულს ინახავდნენ. ხოლო მეორე ხევი არის აბანოს ხევი, რომელსაც ვახუშტი უწოდებს: "თბილ წყალსა, მკურნალს ბუგრისა".

საკმაოდ გული დამწყვიტა ატენის ხეობაში მოუვლელმა სახლებმა, არარსებულმა გზებმა, მონგრეულმა ეზოებმა... მახსოვს, ორიოდე წლის წინ რაიონის ხელმძღვანელობა ხეობების განვითარების მაკეტზე საუბრობდა. ამ ამბის გაგრძელება, სამწუხაროდ, აღარ ვიცი. დღეს ვუყურებ მხოლოდ ფაქტს არსებული მდგომარეობისა და ხარბად ვათვალიერებ ხეობას, სადაც ერთ დროს საქარავნე გზა გადიოდა.

"საქართველოს გაერთიანებამდე ტანას ხეობა ეკუთვნოდა კლდეკარის ერისთავს. ამ გზით ქართლი უკავშირდებოდა ტაო-კლარჯეთს, სამცხე-ჯავახეთს და ზოგადად - ბიზანტიის პროვინციებს", - გვიყვება გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

ფაქტობრივად, ეს არის ულამაზესი ადგილი თავისი უნიკალური კლიმატური ზონით. ჩავუყევით ბიისის ჩანჩქერისკენ მიმავალ ხეობას, რომელიც მდინარეს გვერდით მიუყვება და ეს ხეობის სიღრმისეული დათვალიერების საშუალებას მაძლევს.

ბიისის ჩანჩქერის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ყოველ ზამთარს იყინება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ჩანჩქერი საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს. მისი სიგრძე 50 მეტრს აღწევს და ყინულიც იმდენად სქელია, რომ ყოველ ზამთარს ქვეყნის საუკეთესო მთამსვლელები ან მოყვარულები კლდეზე ცოცვით კავდებიან. მოყვარულთა ერთი ჯგუფი ჩვენც ვნახეთ. თბილისში ზამთარი ისე გადის, რომ თოვლი არ მოსულა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა აქ ყინულის გოლიათს გადავეყარე.

აქედან წეროს ხევი, დაახლეობით, 4 კილომეტრშია. "წეროს ხევში წინათ უცხოვრიათ წერუაშვილებს. სოფელი წერო ვახუშტისაც აქვს მოხსენიებული. ეს სოფელი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული", - გვეუბნება ადგილობრივი მკვიდრი ლონგი ქერდიყოშვილი. დღეს იქ ორიოდე მაცხოვრებელია. ასვლისთანავე მამები შემოგვეგებნენ. თურმე, ამ მთის გადაღმა დაყუდებული ბერები ცხოვრობენ. ვფიქრობ, ალბათ, მათი ლოცვითა და შეწევნით დგას ჩვენი ქვეყანა კიდევ ფეხზე... ეკლესიის დათვალიერებისას სამხრეთ კედელზე აღმოვაჩინე წარწერა: "წეროსა ღვთისმშობელი, ადიდე ორსავე შინა ცხოვრებასა მადიდებელი სახელისა შენისა როსტევან".

შეუძლებელია არ აღვნიშნოთ სოფელი ბობნევი, რომელიც ტანას ხეობაშია გაშენებული და ორ ნაწილად იყოფა. სასწრაფოდ საჭიროებს ყურადღებას იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც "კოშკების ეკლესიის" სახელითაცაა ცნობილი. მის კედლებზე ფრესკული მხატვრობაა დაცული. ეს ფრესკები, რომელიც უნიკალურია (მოსე სინას მთაზე. იოსებ თბილელის გამოსახულება. კარის აღმოსავლეთით მთავარანგელოზის ფიგურა. ხარება და სხვა) ნაჩხაპნებითა და წარწერებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ეს ეკლესია აუშენებია და მოუხატავს 1683 წელს იოსებ თბილელს (დიდმოურავიანის ავტორს).

მოკლედ, უნიკალური მხარეა თავისი იშვიათი ადგილებით და შთაბეჭდილებებით ვბრუნდები. თანაც მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის ყველა კუთხეს მეტ-ნაკლებად ვიცნობ. მაგრამ მოგზაურობისას სიამაყესთან ერთად აღარ მინდა დამყვებოდეს გულისტკივილი, რომ ეს უძვირფასესი და უნიკალური ადგილები მოუვლელია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს