ამბები, რომელიც დღემდე არასოდეს გამოსულა სამზეოზე
ამბები, რომელიც დღემდე არასოდეს გამოსულა სამზეოზე
თვის ბოლოს, არაპოლიტიკური ბლოგი უნდა შემოგთავაზოთ. არსებობს ასეთი კარგი მწერალი დავით ჩიხლაძე, რომელმაც თავის დროზე ექსკლუზიური ფაქტები შეკრიბა სხვადასხვა საკითხზე. მისი დახმარებით ერთ საინტერესო ამბავს გავამჟღავნებ, რომელიც მეტროპოლიტენის დაარსების მრგვალ თარიღს ეხება. და, ეს მრგვალი თარიღი იანვარში შესრულდა.

1966 წელს შეერთებული შტატების არმიამ დაუდგენელი ბაცილა გაავრცელა ნიუ-იორკის მეტროს სისტემაში - გვირაბებსა და სადგურებში. ბაცილის სახელწოდება დღესაც ზუსტად არ არის ცნობილი და მისგან არც არავის დაზიანების ფაქტი გამოვლენილა. ამერიკის არმია საკუთარ
მოქმედებას იმით ამართლებდა, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უკვე საკმაო რაოდენობით იყო მეტროს ხაზები. კონკრეტული საბაბი კი, შეიძლება, სსრკ-ში მეტროს მეოთხე ხაზის გახსნა გახდა.
საბჭოთა კავშირში მეტროს მეოთხე მიწისქვეშა რკინიგზა იხსნება თბილისში - მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ. 1966 წლის იანვარს თბილისის მეტროპოლიტენმა პირველი მგზავრები მიიღო.
მის გახსნას კი წინ 15-წლიანი ისტორია უძღოდა, რომლის დიდი ნაწილიც დღემდე არასოდეს გამოსულა დღის სინათლეზე. მაშ ასე, ცოტა ხნით დავისვენოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან და საინტერესო ფაქტებს გადავავლოთ თვალი უახლესი ისტორიიდან. დავით ჩიხლაძე წერს, რომ გავრცელებული ცნობებით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ 1951 წელს მიიღო დადგენილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის თაობაზე. 1952 წელს მშენებლობა დაიწყო კიდეც, მაგრამ მალევე 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.

1959 წელს კვლავ განახლდა, ოღონდ ფარულად, არალეგალურად და ამის შესახებ არათუ თბილისში, კრემლშიც კი არავინ არაფერი იცოდა. ამ ბურუსით მოცულ საკითხთან დაკავშირებით მკითხველს ვთავაზობ ნაწყვეტს, საქართველოს სსრ სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ივანე შაიშმელაშვილის გამოუქვეყნებელი დღიურიდან.
"თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაში ჩემი (სამოქალაქო თავდაცვის) როლი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ობიექტის (ხრუშჩოვის ბრძანებით -დაკონსერვებულის) მშენებლობა მაინც გრძელდებოდა იმ ფულადი სახსრებით, რასაც ჩვენ გვაძლევდნენ მეტროპოლიტენის უკვე შექმნილ გვირაბში (მარჯანიშვილის მოედნიდან სადგურამდე). სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფრის მოსაწყობად 10-20 მილიონი მანეთი ძველი ფულით). ეს იყო ასე ვთქვათ არალეგალური მშენებლობა. ჩემი ფული ამაზე მიდიოდა. შენდებოდა აკრძალული ობიექტი, ხოლო ნაბრძანები ობიექტის შექმნა ადგილიდან არ იძვროდა. ამხანაგები მეუბნებოდნენ: ცუდად წავა ჩვენი საქმე თუ გაგვიგებენო. არა უშავს მეთქი, სახლში ხომ არ მიგვაქვს ფული, თუ დაგვსჯიან - ეს მეტროპოლიტენი ხომ შერჩება თბილისს.

ეტყობა ვიღაცამ მაინც შეატყობინა ეს ხრუშჩოვს. ჩამოფრინდა მისი პირადი წარმომადგენელი, ვინმე პოლიკარპოვი. ძალზე შევფუცხუნდით. ვეცადეთ მოგვეთაფლა იგი, მაგრამ ცივი ვინმე იყო: სულ ფეხით მოიარა და საკუთარი თვალით ნახა ყველა გვირაბი, ხვრელი, ორმო, დოკუმენტაცია. შეადგინა ფრიად შავი აქტი. მოახსენა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გივი ჯავახიშვილს და გაფრინდა მოსკოვში. თან გაჰყვნენ ასევე ჯავახიშვილი, თბილმეტროს სამმართველოს უფროსი ვიქტორი გოცირიძე და ჩემი ინჟინერი. ხრუშჩოვი ადგილზე არ დახვდათ. მაინც განიხილეს საკითხი. ცოტა შეახურეს ჩვენები და მეტი ვერაფერი.

ასეთი ფაქტის წინაშე დამდგარმა "ცენტრმა" (გვირაბი თითქმის ავლაბრამდე იყო უკვე გაყვანილი) ნება დართო რესპუბლიკას საკუთარი სახსრებით აეშენებინა მეტროპოლიტენი და ამავე დროს მთელი ეს ობიექტი თავშესაფრად გამოყენების თვალსაზრისით ემზადებინა. შემდეგ დადგა დრო პირველი რიგის მიღებისა. შეიქმნა კომისია. ყველაფერი შემოწმდა. 1965 წლის ბოლოს მემანქანე ნოე ლაცაბიძემ პირველი საცდელი შემადგენლობა გაატარა თბილისის მეტროპოლიტენის რელსებზე. უმაღლესი შეფასება მიეცა ყველაფერს. გოცირიძესა და სხვა ამხანაგებს ორდენებით დაჯილდოვება გადაგვიწყვიტეს.

მართლაც, უმნიშვნელო დამთხვევა არ უნდა ყოფილიყო, რომ 1966 წლის ზაფხულში ცნობილმა ამერიკელმა ჯაზმენმა ერლ ჰაინსმა სწორედ ამ ოთხ ქალაქში ( მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი თბილისი) იმოგზაურა გასტროლებით. თუმცა, მოსკოვისა და ლენინგრადის კონცერტები გაუქმდა საბჭოთა მხარის მიერ ტურნეს მსვლელობისას. ხუთი წლის შემდეგ, კი 1971 წელს, როდესაც თბილისში მეტროს პირველი რიგის (დიდუბე - სამგორი) მშენებლობა დასრულდა - ლეგენდარულმა დიუკ ელინგტონის ორკესტრმა იგივე ქალაქებში დაგეგმა ტურნე. თავდაპირველი მარშრუტი ასევე გამოიყურებოდა, თუმცა საბოლოოდ თბილისი ამოიღეს განრიგიდან.
გაუგებარი მხოლოდ ის რჩება, რა განზრახვა ამოძრავებდა ხრუშჩოვს თბილისში მეტროს მშენებლობის აკრძალვისას -იყო ეს მართლაც წინდახედული მოქმედება საბჭოთა კავშირზე ბიოლოგიური თავდასხმის შესაძლო გეგმის შესაჩერებლად თუ პირიქით, არასწორი კომუნიკაცია საკუთარ ამერიკელ მოკავშირეებთან?"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Z
09 თებერვალი 2021 07:14
მართალია ირმა! ჰაინსის და ელინგტონის კონცერტები საერთოდ ვერ დავაკავშირე მეტროპოლიტენებთან, მეტროპოლიტენის ოპერა გასაგებია მაგრამ ჯაზი?
Z
09 თებერვალი 2021 07:08
ჰაინსი და ელინგტონი რა, მეტროში ატარებდნენ კონცერტებს? რა კავშირი აქვს მათ ტურნეს მეტროპოლიტენთან? და ამერიკული ბაცილა საერთოდ რა შუაშია?
ირმა
31 იანვარი 2021 23:18
სრულიად გეთანხმებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები