მაწანწალა ძაღლები ქუჩაში - პრობლემა თუ... - კვირის პალიტრა

მაწანწალა ძაღლები ქუჩაში - პრობლემა თუ...

"პიერ რიშარმა თემურ ბაბლუანს შესჩივლა, დილით ძაღლების ყეფა მაღვიძებსო. ბაბლუანმა, - მაშინ უნდა დავხოცოთ ძაღლებიო. - რას ჰქვია, დავხოცოთო? - აბა, ეგ ძაღლები მაგ უბნელები არიან, სადაც უნდა წაიყვანო, ისევ მანდ მოვლენო. ასე შეეგუა პიერ რიშარი თბილისელ ძაღლებს..."

ამ დიალოგიდანაც ჩანს, რომ წლებია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. შესაძლოა, მოსაგვარებელიც არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი აქტივობები ამას მიანიშნებს, რომ პრობლემა არაა ქუჩაში ათობით ძაღლის არსებობა...

არაფრის მტკიცებას ვაპირებ, მეგობრებო, არც გაკრიტიკებას. უბრალოდ, დღეს მაწანწალა ძაღლებზე თუ ქუჩის ძაღლებზე (რომელია სწორი ფორმულირება), Stray Dogs - როგორც ევროპელები ეძახიან, უნდა დავწერო ყველა ის ამბავი, რასაც განვიცდი...

ევროპული ქვეყნების სტატისტიკა მოვიძიე:

ჩინეთი (27,4 მილიონი)...

რუსეთი (15.0 მილიონი) ...

იაპონია (12.0 მილიონი) ...

ფილიპინები (11,6 მილიონი) ...

ინდოეთი (10,2 მილიონი) ...

არგენტინა (9,2 მილიონი) ...

საფრანგეთი (7,4 მილიონი) ...

რუმინეთი (4.1 მილიონი) - უზარმაზარი დაპირისპირებაა უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით რუმინეთში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, იმდენივეა - 4.1 მილიონი...

ჰოლანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც უპატრონო ძაღლები არ არსებობენ. მიტოვებული ცხოველების ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მრავლადაა.

ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება! აქ მაწანწალას გულისხმობენ, როდესაც ძაღლი ოჯახში არ იზრდება და ოფიციალური პატრონი არ ჰყავს! ჩვენი ტელევიზიები არასწორად აშუქებენ და ადარებენ ხოლმე ჩვენს მდგომარეობას. არადა, ამ ათასობით ძაღლიდან არც ერთი არ დარბის ქუჩაში! არც ერთი!)

პირველად ბრიტანეთში რომ ჩავედი, ჩემი კოლეჯის პედაგოგი შემეკითხა: - რა არის სულ პირველი განსხვავება, რაც შენსა და ჩვენს ქვეყანას შორის შეამჩნიეო? წარმოიდგინეთ, რამდენია თბილისსა და ლონდონს შორის განსხვავება და, მე რატომღაც ვთქვი: - რა კარგია, რომ შებინდებულზე ათობით ძაღლი არ ამედევნა და შინ მშვიდად მივედი-მეთქი. ასე, 20 წამი განცვიფრებული მიყურებდა... გამოვიძიე, როგორ დგას ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში.

"იქ" ერთი სისტემა მუშაობს. აქვთ "შჰელტერ" (Seltar) - იგივე ცხოველთა თავშესაფარი, სადაც ათასობით ძაღლია და მათ მაწანწალებს მხოლოდ იმიტომ ეძახიან, რომ პატრონი არ ჰყავთ. ქუჩაში კი არც ერთი მათგანი არ არის. შესაძლოა, ვინმეს მოუნდეს ძაღლის აყვანა. ამ შემთხვევაში უკავშირდება თავშესაფრის ადმინისტრაციას, არჩევს, რომელი ძაღლი უნდა... "შელთაში" ძაღლები სტერილიზებულია, ნაჭამი, დაბანილი... ძაღლს აქვს სპეციალური კოდი. შემთხვევითაც რომ გაგექცეს ქუჩაში, არათუ გააგდო, უზარმაზარ ჯარიმას აიკიდებ... ძაღლის მობეზრების შემთხვევაშიც აღნიშნული თავშესაფრის ადმინისტრაციას სთხოვ დახმარებას და ასე შემდეგ.

მახსოვს, ჩემი სტუდენტობის დროს მხოლოდ იმიტომ ვიბარებდი დედაჩემს ავტობუსის გაჩერებაზე, რომ გაჩერებიდან სახლამდე მისვლა ქუჩის ძაღლების გამო მეშინოდა...

სააკაშვილის მმართველობის დროს ერთი ორგანიზაცია გამოჩნდა, რომელიც ჩემს უბანში და, ალბათ, სხვაგანაც ძაღლებს ქუჩაში ხოცავდა. ამ დროს მე, სტუდენტი, უკვე ვიყავი რადიო "იმედის" პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანი. სასწრაფოდ გავაკეთე რადიოგამოკითხვა. იმ ადამიანებს, ვისთვისაც მიუღებელი იყო ასეთი ქმედება ცხოველების მიმართ, სრულიად რადიომსმენელების ჯგუფი დასცინოდა, - გადაგვჭამონ ლამის ძაღლებმა, ჩვენი უფლებები არ არის დაცული და ძაღლებზე დარდობთო? ჰმ, დღეს პირიქითაა... ადამიანების ცნობიერება ამაღლდა, ვითომ?

მოკლედ, სააკაშვილის დროს ისე ქნეს თუ ასე, ქუჩის ძაღლები მოისპო, ან შესამჩნევად შემცირდა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე არ მოგვარდა. არსებობდა ასეთი ცნობილი ზოოლოგი და ეთოლოგი - იასონ ბადრიძე, რომელმაც შესთავაზა "ნაციონალების" ხელისუფლებას, საკუთარი სახსრებით გაეკეთებინა "თავშესაფარი" და ყველა ძაღლი გადაეყვანა. ასევე, გაუკეთებდა სტერილიზაციას და ძაღლები მასობრივად არ გამრავლდებოდნენ... მიზეზი არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კაცმა უარი მიიღო. მოკლედ, დღეს ქუჩაში ისევ ბევრი ძაღლია. მიშას მმართველობიდან მოყოლებული, დღემდე ხდება "ამერიკანიზაცია" - ძაღლი უფრო უყვართ, ვიდრე - ადამიანი. არ ვაჭარბებ.

ხაზგასმით ვამბობ: მე ცხოველები არ მძულს! არც ჩემს ღრმა ბავშვობაში და არც ახლა არ მოვქცევივარ მათ ცუდად, არც მიმიმართავს ცუდად და მით უფრო - არ მიწამებია. უბრალოდ, კბენის მეშინია. არ ვეფერები სხვის ძაღლს, რაც უნდა მოვლილი და ჯიშიანი იყოს. როცა ვმგზავრობ, ზურგზე ან ფეხებში არ მაქვს სურვილი, ვიღაცის ცხოველი მაწუხებდეს, რადგან უკიდურეს დისკომფორტს ვგრძნობ... ეხლა მიპასუხეთ: ვარ ამ ქალაქისთვის მისაღები თუ არა?

წარმოიდგინეთ, არსებობს ვიღაც, ვისაც არა თუ ეშინია, უბრალოდ, არ უყვარს ცხოველები (აქ ზიზღზე არ არის ლაპარაკი, ან წამებაზე), ვიღაცას უყვარს, ვიღაცას არ უყვარს, ხომ? ან არის ალერგიული, ან... არიან ასეთი ადამიანები ამ ქალაქში მისაღები თუ არა?

დაასახელეთ განვითარებული ქვეყნები, სადაც ქუჩაში ამდენი მაწანწალა ძაღლია და აიძულებენ მოსახლეობას, ისინი უკიდეგანოდ უყვარდეთ? მიუხედავად ამდენი სპეციალური ჯიხურისა, უამრავი ძაღლი მშიერია. ხალხს კი უფრო ნაკლები რესურსი აქვს მათი გამოკვებისთვის. როგორც კი ვიწყებ ამ საკითზე საუბარს ცხოველმოძულედ მაცხადებენ და ძაღლების დაცვას იწყებენ ჩემგან.

ჯერ ვერ გავიგე, რატომ არ გვაქვს ამ კუთხით ერთიანი პოლიტიკა მთელ ქვეყანაში, მასობრივად რომ ხდება რეგიონებიდან მაწანწალა ძაღლების მიგრირება? სხვათა შორის, ევროპაში არც რეგიონებში გაწუხებენ ქუჩის ძაღლები. მზიან დღეს სკვერში გავედი, მზის გულზე დავჯდები და წიგნს წავიკითხავ-მეთქი. ძაღლებმა არ მომასვენეს, ეტყობა შიოდათ. სადაც დავჯექი, მოდიოდნენ და გარშემო მისხდებოდნენ. ზუსტად 7-8 წუთში ისევ სახლში გამოვიქეცი.

ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნება, ქუჩაში არც ერთ ძაღლს არ ნახავ, მაგრამ თუ ვინმე ასეირნებს თავის ძაღლს და ფეხი აუქნიე, შესაძლოა, გიჩივლოსო. ამიტომ ვთქვი - "ამერიკანიზაცია" ხდება ჩვენთანაც. რამდენჯერ კითხვა დავსვი, იმდენჯერ "ქოქოლა" მივიღე... ევროპაში კი ასე არ მიგრძნია. თუ ვინმეს ძაღლის გამო შეგეშინდა ან ტროტუარიდან გადახვედი, ბოდიშს გიხდის, რომ დროზე არ მოგარიდა. ჩვენთან რატომ ხდება ცალმხრივად ცნობიერების გაზრდა? ძაღლებს იცავენ და შენ თუ ცუდად გრძნობ თავს, ან ვიღაცის ძაღლი გაწუხებს რიგში, ტრანსპორტში, ქუჩაში, აქეთ ხდები მიუღებელი.

რატომ ვერ მოხერხდა ამდენი წელი თავშესაფრის აშენება? ან, საერთოდ, რა პოლიტიკას ვავითარებთ ამ კუთხით, მაინცდამაინც ვერ ვხვდები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს