გულზე მჯიღს ვიცემთ, ტერიტორიას გვედავებიანო, არადა, საკუთარი ნაჩხაპნებით ან უყურადღებობით ისტორიულ ძეგლებს ჩვენვე ვაზიანებთ... - კვირის პალიტრა

გულზე მჯიღს ვიცემთ, ტერიტორიას გვედავებიანო, არადა, საკუთარი ნაჩხაპნებით ან უყურადღებობით ისტორიულ ძეგლებს ჩვენვე ვაზიანებთ...

გარეჯას უდაბნოს გვედავებიან. ვიდრე შიდა დაპირისპირება პოლიტიკური "ვოჟძების" დაკვეთით ერთმანეთის წინააღმდეგ მიდის და არა ანალიზი -  ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე დადო ვიდეო, რომ გარეჯის უდაბნო ალიევის ბრძანების მიხედვით, ისტორიულ-კულტურულ ძეგლად ცხადდება და უახლოეს მომავალში რესტავრაცია დაიგეგმება. პარალელურად, თბილისში დაბრუნებულს, ნაცნობები მეკითხებიან, ვინ შეგვიშვა გარეჯში? ვინმე ჭაჭანებს იქ თუ არა?... ამასთანავე, სოციალურ ქსელში ვრცელდება არა - ისტორიული საზღვრის, არამედ - გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფოტოები, სათაურით: "გარეჯი საქართველოა", რაც ვფიქრობ, ააშკარავებს, რომ გარეჯი ცუდად ვიცით... მაპატიეთ, ცოტა პრეტენზიულად დავიწყე, მაგრამ არ ვაპირებ პოლიტიკური კუთხით დღეს აქ რამეს დაწერას. მოგზაურობის ემოციებს გაგიზიარებთ, მიტოვებულ და ჩვენივე ხელით დაზიანებულ გარეჯის ფრაგმენტებს წარმოგიდგენთ.

დავით გარეჯის მთელი კომპლექსი, არ არის მხოლოდ ის მონაკვეთი, რასაც გარეჯის ლავრას ეძახიან და რაც საზოგადოებისთვის ნაცნობია. გარეჯის ისტორიული ტერიტორია, რომელიც 1500 წელს ითვლის, რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს: მრავალწყარო და საბერეების რამდენიმე ფრაგმენტი მდებარეობს გარდაბნის საზღვარზე; დიდი ნაწილი არის საგარეჯოს ტერიტორიაზე, ასევე - სიღნაღისა და პატარა ფრაგმენტი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

ჩვენ მოგზაურობას საბერეებიდან ვიწყებთ. ბერების სერი მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მონასტრები ქედის სამხრეთ კალთაზეა გამოკვეთილი. მისგან აღმოსავლეთით კი ქედის თითქმის მთელ სიგრძეზე ბერთა სერის კომპლექსი იშლება. ეს ადგილი განსაკუთრებული კვლევის საგანი არ ყოფილა, ამიტომ მასზე ლიტერატურა მწირია.

როგორც გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი გვეუბნება: "სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოსული მომთაბარე ტომები აოხრებდნენ, ძარცვავდნენ მონასტრებს და ზოგჯერ ბერებსაც მუსრს ავლებდნენ. ვიცით, რომ შაჰ-აბასის ლაშქარი აღდგომის დღეს შემოესია გარეჯის ტერიტორიას. უკითხავს გარეჯის უდაბნოს კლდეებიდან, რა შუქი ჩანსო? უთქვამთ, აქ მონასტრებია, აღდგომის დღესასწაულზე ბერები ლოცულობენ და ეს სანთლების შუქიაო. მარბიელი ლაშქარი ამდგარა და ტერიტორია მთლიანად გადაუწვავს. მას შემდეგ არა ერთი ბერი ჩაუხოცავთ აქ". ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ეს ტერიტორია სეისმურად აქტიური იყო ყოველთვის. ჩვენ საბერეების ქვაბულებში ახლადდამონტაჟებული სენსორები დაგვხვდა, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებს აფიქსირებს. ჩანს, მონიტორინგია დაწყებული. ბოლო ერთ წელიწადში, აქ რამდენჯერმე დაფიქსირდა მცირე სიმძლავრის ბიძგები. ამას ემატება წლიურად 300 მილიმეტრი ნალექი, რომელმაც სრულიად ჩარეცხა ამოსასვლელი გზა. სიმართლე გითხრათ, ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, ღორღსა და ბალახს მოჭიდებულები, ნაშალ გზაზე ძლივს ავედით ქვაბულებამდე. ჯგუფის ხელმძღვანელი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი გვეუბნება, რომ თუ ახლავე არ გამოიჩინეს კეთილი ნება და ყურადღება არ მიაქციეს ამოსასვლელ გზას, მომავალ წელს "გარეჯას საბერეებთან" მისასვლელი გზა აღარ იარსებებს.

"საბერეები", "ვერან-გარეჯა", "ბერების მთა", "პირღებული" - ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გარეჯის ფრაგმენტებია. როგორც ჩანს, "ნათლისმცემლისა" და "დოდოს რქის" ტერიტორიასაც ნაკლებად სტუმრობენ, ამ ადგილას წლების წინ რუსებს საბრძოლო პოლიგონი ჰქონდათ გახსნილი. სპეციალურად მოჰყავდათ ჯარისკაცები და ასაფეთქებელი საშუალებებით ვარჯიშობდნენ. აი, ფაქტი, ეს "ნათლისმცემლის" მონასტერია, ჭერზე აღარც ერთი ფრესკა და მოხატულობა აღარ არის შემორჩენილი. მახსოვს, მაშინ გულზე მჯიღს ვიცემდით, მაგრამ, როგორც კი რუსები გავიდნენ, ვინმე გელას, გიგას და ზაურს საკუთარი ავტოგრაფები დაუტოვებიათ წმინდანების ფრესკებზე.

"ვფიქრობ, ყველა სხვა დაზიანებას აღემატება ის ქმედება, როცა ხალხი თარიღს და საკუთარ სახელსა და გვარს ჩხაპნის ისტორიულ ძეგლზე, მით უფრო - ხატებზე", - გვეუბნება გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

გადმოცემის თანახმად, გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში – კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი. ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი - ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება – დოდოს რქა. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგან შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი. სამწუხაროდ, ფოტოგადაღების საშუალება ბერებმა არ მოგვცეს.

ბოლოს მიადგებით კლდეში ნაკვეთ პატარა სალოცავს, რომელშიც, მართალია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც, შემორჩენილია ფრესკები. იქვე ორ ნაბიჯში არის კიდევ ერთი გამოქვაბული, ჩასასვლელი ქვევით, საიდანაც უცებ აღმოჩნდებით დიდ ეკლესიაში.

დღეს მოქმედი მხოლოდ გარეჯის ლავრა, დოდოს რქისა და ნათლისმცემელის კომპლექსებია. ეს ადგილები მიწისძვრისა და სხვადასხვა დამპყრობთა შემოსევების შედეგად დაინგრა, დასუსტდა და XIX ს. საბოლოოდ გაუდაბურდა. ბერები, სულიერი მოღვაწეობის მსურველთა ნაკლებობაზე წუხან. ჩვენ კი მოგზაურთა ნაკლებობაზე, თან უკვე ვიცით რომ აი, ამ საზღვრის იქით, აზერბაიჯანი ჩვენსავე ტერიტორიის ნაწილს ტურისტულ ზონად მალე გამოაცხადებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს