"ისინი, ვინც ადამიანებს თვალები დასთხარეს, ხალხს სიბრმავის გამო კიცხავენ"
"ისინი, ვინც ადამიანებს თვალები დასთხარეს, ხალხს სიბრმავის გამო კიცხავენ"
კარგად დააკვირდით, ვინ მართავს სიტუაციას ქვეყანაში - აგრესიით სავსე პოლიტიკოსები და საეჭვო რეპუტაციის, დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანები...  ისინი, ვინც ადამიანებს თვალები დასთხარეს, ხალხს სიბრმავის გამო კიცხავენ - ჯონ მილტონის ამ სიტყვებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობას ზუსტად ასახავს, დავამატებდი ჩემს შეგრძნებებს - მგონია, რომ ე.წ. პოლიტიკოსებს და რამდენიმე ტელევიზიას ხალხი მძევლად ვყავართ აყვანილი.

პოლიტიკოსების აღტკინებული იდეოლოგია იმის საწინააღმდეგოს მტკიცებაა, რაც თავად დანერგეს წლების განმავლობაში. ის მორალი, ის დამოკიდებულებები კორუფციის, "მეშჩანობის", თანამდებობის,
მომხვეჭელობის, ამპარტავნების, ზოგადად, ქვეყნისა და ხალხის მიმართ ავლენს იმას, რის გამოც 30 წლის განმავლობაში 3-მილიონიან ქვეყანას ვერა და ვერ აშენებ.
დღესაც გრძელდება ხულიგნური მენტალიტეტით სიცრუის კონკურენცია ქვეყანაში და ჩვენს ხალხსაც სიცრუის დევნაში ახარჯვინებენ თავისი ძალისხმევის დიდ ნაწილს. ამ ფონზე როგორი სასაცილოა ლაპარაკი დიალოგზე ან იმაზე,
ვინ ვის რა გაუყალბა. ჩანს, მართლა ჰგონიათ, რომ ხალხი ბრმაა.

თუ ერთი მხრივ, მიუღებელი და უფლებების დარღვევაა ფარული ჩანაწერები, მეორე მხრივ, რატომ არის სიმართლისათვის ბრძოლის იარაღი?! ვინმე თანამდებობის პირი, რომელსაც თითქოს ყოველდღიურად ამხელთ, რომ კორუმპირებულია, თქვენს მხარეს თუ გადმოვა, უმალვე როგორ ხდება ფრთიანი ანგელოზი? თუ ერთ შემთხვევაში ბინძური ბიოგრაფიის ქექვა სკანდალია, მეორე შემთხვევაში რატომ არის ქვეყნისთვის ბრძოლა? საკუთარი დამონებული და აბსოლუტურად არაჯანსაღი წრიდან, როგორი იოლია სხვას ეძახდე მონას! საკუთარი სივრციდან უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება თავისუფალ სიტყვად გაასაღო, სხვას კი პირიქით სთხოვდე.

ე.წ. პოლიტიკოსები ისე დავობენ, თითქოს მხოლოდ ეხლა მოხდა რამე გადაცდომა და უკვირთ. წინა ხელისუფლებაც ხომ ამ სისტემით შეურაცხყოფდა ადამიანის ღირსებას, იმავე სისტემით ჰკლავდა მოქალაქეებს, იმავე სისტემით იპარავდა, იმავე სისტემით ჰყავდა კორუმპირებული "კაი ბიჭები" საკუთარ გარემოცვაში, იმავე სისტემით ჰქონდა გავლენები და პირად ინტერესებზე ორიენტირებული პირები ახერხებდნენ პარლამენტში მოხვედრას, ზუსტად იმავე სისტემით არ რცხვენოდა მშიერი ადამიანების...

ახლა არის დრო - მრავლობით ფორმაში დავიწყოთ ლაპარაკი და ფიქრი. ვაღიაროთ, შენ ან ის კი არა, ჩვენ, ყველანი არასწორი სისტემით ვცხოვრობთ, ეს სისტემა არ არის ერთი კაცი ან ერთი ხელისუფლება. მოდი, შევცვალოთ ერთად ყველაფერი და ვაღიაროთ სიმართლე. ეს არის საუკეთესო გამოსავალი.

როდესაც ადამიანებს ვესაუბრები, იცით რატომ ამართლებენ წინა ხელისუფლებას? იმიტომ, რომ თუ "მათიანი" იყავი, მაშინ იყავი კარგად. დაუსრულებლად შეგეძლო ფული გეკეთებინა. ამ ხელისუფლებას რატომ ამართლებენ? იმიტომ, რომ თუ "ამათიანი" ხარ, მაშინ ხარ კარგად. რეალურად კი ქვეყანა ერთ ადგილზეა 30 წელია.

მოქალაქეებს კარგად გვესმის - ის ოპოზიციური ძალა, რომელიც რევოლუციური სცენარის მეტს ვერაფერს ხედავს, ქვეყანას საბოლოოდ გაანადგურებს და რეალურად არაფერს შეცვლის...
პოლიტიკური კულტურით ღატაკ და სახელმწიფოებრივი იდეების არმქონე პოლიტიკურ ძალებს ხალხი ყოველთვის ეტყვის - "არას". ამიტომ არ გამოვდივართ ქუჩაში. მოგვბეზრდა კარვებით და აქციებით ცხოვრება... სირცხვილია ამდენი სიბინძურე. სირცხვილია ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ერთი რამ მეიმედება: კრიზისი, თავისი მნიშვნელობით, გადარჩევასაც ნიშნავს. ვისურვებდი, გაიზარდოს იმ ადამიანების ფასი, რომლებიც არიან წესიერები, უღალატოები, სახელმწიფო მოღვაწეები - თავისი ხედვით, განათლებით, თავისი დიაპაზონით.
ამით, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან ძლიერი სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, ყველა თავისი მოქალაქისთვის სამართლიანი სახელმწიფოა. ზნეობა კი, მართალია, ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ის, ასევე, აუცილებელია სახელმწიფოსთვისაც. უღირსი და უზნეო სახელმწიფო, ვერ გახდება ვერც სამართლიანი და ვერც -  ძლიერი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გიორგი
20 მარტი 2021 23:34
ქვიშაზე სახლს ვერ ააშენებთ. 1992 წელს ძალადობით მოსული შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელებაა სააკაშვილიცა და ივანიშვილიც. რუსეთის მაშინდელი აგენტურა და მათი შვილები დღესაც პარლამენტსა და მთავრობაშია. ასე, რომ წუწუნი უსაფუძვლოა. რაც დასთესეს იმას მოვიმკით მანამ, სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ.
ჟორა
17 მარტი 2021 12:34
ადამიანს
ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა- განა ბიძინას რაიმე იდეა გააჩნია თვითგადარჩენის და საკუთარი ფინანსების უსაფრთხოების გარდა?
ადამიანი
14 მარტი 2021 22:51
ცუდი სურვილი არაა მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს? ვინ? როდესაც გამარჯვებული იმით ამართლებს თავის შეცდომას ან დანაშაულს რომ წინაც აკეთებდაო, ჩვენ არაფერი გვეშველება. მიშაც ესე ამართლებდა და შევარდნაძის დროს იხსენებდა, ესენიც ესე ამართლებენ თავიაანთ ქმედებებს და მუდამ მიშას დროს იხსენებენ. სისულელეა და ხალხზეც მუშაობს სამწუხაროდ.
ჩაიბარე რაღაც ცუდი, გამოასწორე ან უკეთესი გააკეთე.კარგი ჩაიბარე, შეინარჩუნე და გააუმჯობესე.
ჩვენ რას ვაკეთებთ? ეს მიშას იდეა იყოო და გააჩერეს! ეს ედიკას იდეა იყოო და გააჩერეს! ეს ბიძინას იდეა არისო და გააჩერებენ ალბათ!
როგორ გინდათ განვითარდეს ქვეყანა?

რუბრიკის სხვა სიახლეები