რატომ (არ) გავიკეთებ ვაქცინას? - კვირის პალიტრა

რატომ (არ) გავიკეთებ ვაქცინას?

2012 წელს ბრიტანეთში მომიწია ცხოვრება. რაღაც ვირუსი იყო გავრცელებული. მგონი "სარსი" ერქვა. დახოცა ხალხი. ორჯერ ისე გავცივდი ზედიზედ, ბოლოს ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და საქართველოდან რომ დამირეკეს ბგერაც კი ვერ ამოვუშვი ხორხიდან. გადავწყვიტე ვაქცინა გამეკეთებინა. ცოტა გამოვკეთდი თუ არა, სახლთან ახლოს აფთიაქს მივაკითხე და ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი. ისიც კი ვუთხარი, რომ უცხოელი ვარ და არ მინდა აქ სიკვდილი. არავინ დამტაკებია ეგრევე ასაცრელად. მითხრეს: "ჩვენც ვფრთხილობთ. ჯერ წახვალთ თქვენს ექიმთან, სისხლის ანალიზის პასუხს მომიტანთ და მერე გადავწყვეტთო" "სარსი" არ აღმომაჩნდა, მაგრამ ზუსტად მაგ წელს გავიგე რომ რკინა-დეფიციტური ანემია მაქვს. დაბალი ზღვარი რაც არის, აი იმ დაბალ ზღვარს მიახლოებითაც ვერ სწვდება ჩემი ჰემოგლობინის მაჩვენებელი. მოკლედ, ასაცრელად კვლავ მისულს მითხრეს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს "ტამიფლუს" ამით ცრიან მასიურად. თქვენ, ამ ანემიის საფუძველზე მაქსიმუმ ორი კვირა მაინც ჩაგაგდებთ ლოგინად, ან ერთობ დაგასუსტებთ. უნდა გამოირიცხოს ალერგიული ფონიც. ამ ეტაპზე თავი შეიკავეთო. მხოლოდ ვიტამინების კომპლექტს გაგიკეთებთ და ეგ იქნება სულ. და, ანემიაზე დაიწყეთ მკურნალობაო.

მეორე ამბავი ასეთია. წლების წინ საქართველოშიც იყო რაღაც ვირუსი, არ ვიცი ღორის თუ ფრინველის. მაშინ პედაგოგებს ცრიდნენ და ჩემი ოჯახის წევრი, როგორც მოწინავე, გავარდა და აიცრა. ჯერ ერთი საშინლად ალერგიულია. ისე კი არა ქავილი და სიწითლე მხოლოდ, თხილი, პომიდორი და მსგავსი რაღაცეები თუ შეჭამა სასწრაფო სჭირდებოდა ყოველთვის. აუხსნა ექიმს ეს ყველაფერი, მაგრამ რად გინდა, გაუკეთა აცრა და გამოუშვა. ცოტა ხანში ცალ ფეხს ითრევდა. ალერგიაც გაუმძაფრდა... გავიდა წლები და ცალი ხელ-ფეხი წაერთვა. ამ პერიოდში უკვე ქრონიკული დაავადება აღმოაჩნდა.

გასაგებია, მაშინ ქრონიკული დაავადების შესახებ არაფერი ვიცოდით. შესაძლოა მაგ დროს უკვე იყო პროცესი დაწყებული, მაგრამ ექიმს ის მაინც ხომ უთხრა რომ მწვავე ალერგიულია? ეს არაფრად მიიჩნია ექიმმა. აი, დღეს ხომ ვიცით რომ თან ალერგიულია და თან ქრონიკული დაავადების მატარებელი. ჩემი ჯანმრთელობის შესახებაც ხომ ვიცი, რომ ანემია მაქვს და თან ჰემოგლობინი ძალიან დაბალი. სად შეიძლება რომ "დალაგებული", ირონიის გარეშე პასუხი მივიღო?

მე ორი მარტივი მაგალითი დავასახელე. ერთი უცხოეთში მომხდარი ერთი საქართველოში და ორივე ქვეყნის ექიმის დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებული... ამით საერთოდ არ ვცდილობ ჩვენი ექიმები დავამცირო, პირიქით მე მათ პატივს ვცემ, ვაფასებ, მაგრამ ვთვლი რომ მეტი კონცენტრირებაა საჭირო იმისთვის რომ ვაქცინაციის კამპანია სწორად წარიმართოს.

სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა ვაქცინით. ექიმი დღემდე პასუხობს, რომ როგორც ყველას ჩვეულებრივი ვაქცინა გავუკეთეთო(?) აშკარაა, ამ გოგოს არც სისხლის ანალიზი, არც ალერგიულობა არ გამოუკვლევია... მხოლოდ თავის მართლება ყველგან ვერაფერ დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.

კარგად მესმის, რომ მთელი მსოფლიოს ექიმები აკვირდებიან ვაქცინაციის შედეგებს, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე საცდელი პოლიგონი ვერ იქნება და სიფრთხილეს ვიჩენთ. რა არის ამაში ცუდი? თუკი რაიმე კითხვა ჩნდება ეგრევე ლანძღვის კორიანტელი რატომ მოდის? რა ქმნის ამის საფუძველს? საერთოდ რატომ გახდა პოლიტიზებული მთელი ვაქცინაციის პროცესი?

რომ ვაკვირდები, ყველა სფეროში სრული ქაოსია. ვინმე სწორი ინფორმაციის გამოკვლევით კი არ არის დაინტერესებული, არამედ საოცარი ფონია შექმნილი სპეკულაციებისთვის და სპეკულანტები მოწინავე ადგილებზე არიან. ამიტომ თუნდაც მცირე შიში, ან გაჩენილი კითხვა მოქალაქეების მხრიდან, დასაცინი ხდება. ეს არაზომიერება ყველაფერში, აშკარად უკურეაქციას ქმნის. ეს აგრესიული ფონი რომ არ ყოფილიყო იქნებ მეტ ადამიანს გასჩენოდა აცრის სურვილი?

ყველაფერში რაღაცა ჯგუფი ცდილობს დაამციროს მეორე ჯგუფი, ისე რომ უკეთესი გამოსავალი ნამდვილად ვერ შემოგვთავაზოს.

ალერგიული ფონით მედდა გარდაიცვალა (მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს) და ახლა მთელი ყურადღება მხოლოდ ალერგიულ აქცენტზეა გადატანილი. არადა სხვა უამრავი კითხვა არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მე, როგორც მოქალაქეს მაინტერესებს რა პრობლემები წარმოაჩინა? ალერგიულ შოკს ან მკურნალობ 30-40 წუთში ან დაგვიანებულია. და კვლავ ვიღებთ ერთობ ბანალურ პასუხს: ვაქცინაცია აუცილებელია, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ადამიანის სიცოცხლეც კი პოლიტიკურ ჭრილში ფასდება!?

თუ პროფესიონალი ექიმი კითხულობს ჩემს ბლოგს, ვისურვებდი მცოდნოდა პასუხები კითხვებზე. ვისაც გადატანილი აქვს კორონა და სისხლში უკვე აქვს ანტისხეულები, შესაძლებელია თუ არა აცრა?

ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და პარალელურად აღენიშნება ალერგიული ფონი შესაძლებელია თუ არა აიცრას?

ვისაც ჩემსავით აწუხებს ანემია და დაბალი ჰემოგლობინი, ამ შემთხვევაში?

დღეს ჩატარებული აცრის გართულებები შესაძლებელია თუ არა გამოვლინდეს მომავალში, თუნდაც ერთი-ორი წლის შემდეგ? ვინც აიცრება, მას აღარ შეხვდება "კორონავირუსი" თუ არა? მარტო ოთხთვიანი გამოცდილება რომ არის ამ ვაქცინაზე, სამომავლოდ რას ფიქრობთ, გარანტირებულად უსაფრთხოა?

კითხვები უამრავია. არავინ ითხოვს მთელი მოსახლეობის კვლევა ჩატარდეს, უბრალოდ გაჩენილ კითხვებზე ექიმი უნდა პასუხობდეს. ასევე, ნაცვლად იმისა, ჟურნალისტები სწორ კითხვებს სვამდნენ და გაფაციცებით ყურს უგდებდნენ ხალხს, პირიქით, ჩემთვის საპატივსაცემო ექიმებიც კი პოლიტიკური კომენტარებისთვის მიჰყავთ გადაცემებში, მეტ ქაოსს ქმნიან საკუთარი თავის წარმოსაჩენად და სპეკულაციების ფონზე მეტი დივიდენდების მისაღებად.

სავალალოა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს