რამდენი ადგილი არ იცით საკუთარ ქვეყანაში? - რამდენის არსებობაც კი არ გაგიგიათ?
რამდენი ადგილი არ იცით საკუთარ ქვეყანაში? - რამდენის არსებობაც კი არ გაგიგიათ?
რვის ნახევარზე გავიღვიძე, ჩაი დავლიე, კბილები გავიხეხე, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. ეს დღიური მოვლენის მონახაზია. ადამიანებს გვგონია, რომ მხოლოდ ამას ვაკეთებთ. სხვებს რომ ჰკითხოთ, სხვებიც ამას იტყვიან. დღის ზედაპირული თანმიმდევრობა და ცხოვრებაც ზედაპირული ხდება. მივხვდი, როგორ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე, რომელიც შეიძლება აღარც კი დადგეს. ვფიქრობ, სწრაფად მოვიდეს ხელფასის დღე, რომ მერე... არაფერი, მერე ათვლის წერტილი თავიდან იწყება. "ადამიანები ვერ ვამჩნევთ, რომ შეგრძნების ხუთი ორგანოთი მიღებული ინფორმაციის ძალზე მცირე
ნაწილს ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ ყოველდღე გვავიწყდება, რომ ყავის სმისას ჩიტუნას გავაყოლეთ თვალი, ვივიწყებთ ყავის ან ჩაის არომატს, სინათლის სხივს, რომელიც ფოთლებს ეცემა, ვჩქარობთ, ვჩქარობთ და ეგ არის... ამ სიჩქარეში წესიერად ჭამაც კი დაგვავიწყდა. მოკლედ, მივხვდი, რომ მავიწყდება დღევანდელი დღით ტკბობა. თქვენც.

ბოლო დროს ვცდილობ, უფრო
მეტად ვიმოგზაურო, - აღნიშნული გამოფიტულობა შევავსო. ამ მოგზაურობისთვის სულაც არ არის საჭირო ბევრი თანხა და სადმე შორს წასვლა. აბა, დაფიქრდით, რამდენი ადგილი არ იცით საკუთარ ქვეყანაში? რამდენი კულტურული ძეგლი უპატრონოდ მიტოვებული და მოუვლელია. რამდენის არსებობაც კი არ გაგიგიათ? ზუსტად ასეთი აღმოჩენები მქონდა ცოტა ხნის წინ აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის მხარეს რამდენჯერ წავსულვარ და ეს, ერთი შეხედვით მცირე ისტორიული ძეგლი პირველად აღმოვაჩინე. სადმე, "შორეული" კახეთი არ გეგონოთ. აქვე, საგარეჯოს გზაზე, სართიჭალის ობელისკი დგას მინდორში. მანქანებით ისე ჩაუვლით ამ ობელისკს, რომ დარწმუნებული ვარ, მისი ისტორია ბევრმა არ იცით. აი ფოტოც.
ისტორია კი ასეთია: საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ქვის სამნაწილიანი მონუმენტია. მისი სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. აღმართულია ერეკლე მეორის დროს დაწყებული, ივრის არხის გაყვანის დამამთავრებელი სამუშაოების შესრულების აღსანიშნავად. ობელისკი შედგება კვადრატული პედესტალის, მრგვალი სვეტისა და სვეტის დამაგვირგვინებელი ბურთულისაგან. პედესტალის ოთხივე წახნაგზე და სვეტზე ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული წარწერები გვამცნობს, რომ ივრის არხის მშენებლობა დაწყებულა ერეკლე მეორის დროს და დასრულებულა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის მეფობისას, და მეფისნაცვალ ვორონცოვის მმართველობისას. აქედანვე ვგებულობთ, რომ სამუშაოებს უძღვებოდა ინჟინერ-კაპიტანი ვახტანგ ბაგრატიონ-მუხრანელი. ხოლო, სამეურნეო ნაწილს ხელმძღვანელობდა თბილისელი ზალცმანი. კარგად ვაკვირდებით წარწერებს და გარემოს. შემდეგ საგარეჯოსკენ გზას ვაგრძელებთ.

მდინარე ივრიდან გაყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი.
გზად ჩვენი გეოგრაფი ხელმძღვანელი გვიყვება, რომ მდინარეთა ქსელს მუნიციპალიტეტში ქმნის მდინარე იორი და მისი შენაკადები. მათგან გამოსარჩევია მარცხენა შენაკადები: ვაშლიანი, გომბორი, ლაფიანხევი, კალოთხევი, თვალთხევი, ჩაილური და ა. შ. აღსანიშნავია, რომ მუდმივწყლიანი მხოლოდ ვაშლიანი და გომბორია, დანარჩენები კი – დროებითი მდინარეებია. ჩვენ დღეს მარილიან ტბაზე მივდივართ.
მარილიან ტბაზე წყლის ნასახიც არ დაგვხვდა. როცა წყლის უმეტესი ნაწილი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე მარილის ფენა ამოდის. მარილი თეთრია, შესაბამისად - ტბის ფსკერიც თეთრი და წვიმების სეზონზე, როცა წყლის თხელი ფენით იფარება, ზეცას და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს. მარილი თოვლივით გადათეთრებული იყო კალაპოტში. აქვე გეტყვით, რომ ეს მარილიანი ტბა, რომელიც ფოტოებზეა აღბეჭდილი, კაპატაძის ტბის სახელით არის ცნობილი.
ივრის ზეგანზე ბევრი პატარა ტბაა: ქაჩალ ტბა, სახარე ტბა, კუპატაძის ტბა, ჯიქურების ტბა და ა. შ. აღსანიშნავია რომ ყველა მათგანი მლაშეა და შეიცავს დიდი რაოდენობით გლაუბერის მარილს. ტბებიდან ზოგიერთი ზაფხულში შრება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება, ასევე, მლაშე წყაროებიც.

ჩემი მეგობარი ხუმრობს, ზაფხულში პური წამოვიღოთ და მარილი აქ დაგვხვდებაო. ცოტა ქარმა შეგვაწუხა, თორემ თოვლივით თეთრი მარილი, ცისფერი ცა და ჩვენი მხიარულებაც მშვენივრად აისახა ფოტოებში. ბუნებრივია, "მსხვილი" ისტორიული ძეგლებიც მოვიარეთ, მაგრამ ამ "მცირეზე" მინდოდა მეამბნა. მინდოდა ყოველდღიური რუტინიდან გავქცეულიყავი და ამისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო. დამიჯერეთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
30 მარტი 2021 23:46
მე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,ვფიქრობ ეს მარტო ჩემი ფიქრები არ არის ,ეს ბევრი ადამიანების ფიქრებია,შენ ახმოვანებ ჩვე ნმაგიერ ,მადლობა
Kkk
27 მარტი 2021 22:16
...როცა, ვიკითხე მითხრეს ეს ობელისკი ქართლის და კახეთის საზღვარიაო.....ისე 90-იანების დროინდელი ნატყვიარიც ამჩნევია ობელისკი...

რუბრიკის სხვა სიახლეები