როგორც კი გააცნობიერებ, რომ აწმყოს გარდა სხვა დრო არ არსებობს, აი მაშინ... - კვირის პალიტრა

როგორც კი გააცნობიერებ, რომ აწმყოს გარდა სხვა დრო არ არსებობს, აი მაშინ...

"პასკალს აქვს ნათქვამი: რაც მოხდა, მათ შორის არის ისეთი რამ, რომელიც სულ ხდება, სულ, უსასრულოა. მაგალითად, ეს არის ქრისტეს მისტერია. გოლგოთა უსასრულოა, სულ არის ჯვარცმა, გარდამოხსნა, აღდგომა და ამაღლება. ეს ცხოვრების გზაა და სულ ხდება. თუ ამ პროცესში არ ხარ მუდმივად ჩართული, მაშინ შენ გძინავს..." ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ვუსმენდი ამასწინათ და აი, ასე, მარტივად და გენიალურად ჩამოაყალიბა ცხოვრების არსი. ხოლო იმას, რაც ხდება ჩვენს ეგრეთ წოდებულ რეალობაში, მან საოცარი სახელი - "ძილის ყაყანი "უწოდა. აი, ამ "ძილის ყაყანში" უამრავი კარგი მოვლენა რჩება ჩვენს მიღმა. უამრავი დადებითი მოვლენის აღქმა აღარ შეგვიძლია. "ყურნი დაგვეხშო და თვალნი დაგვეფსო". ვეღარ ვცნობთ საკუთარ თავს. სხვათა შორის ასეთ ძილს მერაბ მამარდაშვილი უწოდებდა "არ ხედვას" და "არ ცოდნას".

ახლა ანუ აწმყო - მარადიული ცხოვრების აზრია. იესომ თქვა: "აბრაამამდე მე ვარ". მას არ უთქვამს, მე ვიყავიო, მან თქვა - მე ვარო. როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ აწმყოს გარდა სხვა დრო არ არსებობს, მაშინვე აღწევს ადამიანი სინამდვილის ანუ რეალობის ზუსტ აღქმას, - ამბობს ალან უოტსი. ის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ჩვენ მატერიალისტი ფანტომები ვართ. ჰო, განა ასე არ არის? სიცოცხლეს ვერ ვგრძნობთ და იმედგაცრუებულები დავრბივართ აქეთ-იქით. ჩვენი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მეკუბოვეებივით შავ კოსტუმებში არიან გამოწყობილნი. მედიის მიერ შექმნილ რეალობაში ვცხოვრობთ და სულიერება დასაცინად გაგვიხდია. ვჭამთ ქიმიკატებით გაჯერებულ საჭმელს. ვწამლავთ საკუთარ შვილებს. ვღალატობთ საკუთარ მოძმეს. ვმუშაობთ ფულისთვის და არა სიმდიდრისთვის. ვგეგმავთ მომავალს, რომელიც შეიძლება არც კი დადგეს. ვანადგურებთ გარემოს, სამყაროს უფრო ცივილიზებულს კი ვერ ვხდით... ერთი სიტყვით, ვცხოვრობთ აბსტრაქციაში და არა სინამდვილეში. როგორც ნორმან ბრაუნი წიგნში "სიცოცხლე სიკვდილის წინააღმდეგ" იტყოდა: "ცივილიზაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დავუბრუნდეთ აწმყოს. წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან და რამდენად მშვიდად ვიცხოვრებდით..."

აწმყო - ქრისტეშია. ეს არის რეალობა. ეს არის ის, რაც უნდა განვიცადოთ. ქრისტე იდეა რომ გგონიათ, ის სინამდვილეში მარადიული აწმყოა. ის გვაძლევს შანსს დავფიქრდეთ, ვინ ვარ მე? შენშია პიროვნებაც და სიბნელეც, გააჩნია - რას ირჩევ?

ცნობიერების ამ მდგომარეობის მისაღწევად, სულიერ დისციპლინაში ხშირად ვხვდებით სიკვდილის ჭვრეტას. ჩვენ, როგორც ყოველთვის, სიკვდილს ამაზრზენად აღვიქვამთ და გავურბივართ. გურჯიევმა ერთხელ თქვა: " კაცობრიობას საკუთარი იდიოტობისგან, რომელსაც ბოლო დროს უფრო და უფრო აღწევს, მხოლოდ იმის ნათლად გაცნობიერება იხსნის, რომ ყველა ინდივიდი ადრე თუ გვიან გარდაიცვლება..." როგორც ჩანს, გარდაცვალება ძალზე მნიშვნელოვანი რამაა, რომლის მიჩქმალვასაც ვცდილობთ. მაგრამ ამჯერად "აწმყოზე" ვლაპარაკობ და სიცოცხლეზე მინდოდა, დამეწერა.

აი, ის, რითიც დავიწყე, ქრისტეს მუდმივი მისტერიის საწყისად "ხარება" ითვლება. ქრისტიანობაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად ითვლება. საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლო გამოცხადებად. თავისუფლების გამოცხადებად ჩვენში. ღმერთს არ სურს, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რამის კეთება.

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია "განმანათლებელი", ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.

"ხარების" ბრწყინვალე დღესასწაულს მთელი სულით და გულით გილოცავთ ყველას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს