პირველი ქართული სუნამო საქართველოში და პირველი სუნამოს ქართველი შემქმნელი საზღვარგარეთ
პირველი ქართული სუნამო საქართველოში და პირველი სუნამოს ქართველი შემქმნელი საზღვარგარეთ
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ნაფარეულში ეთერზეთების პირველი მომცრო ქარხანა გაიხსნა, თუმცა დროსთან ჭიდილს ვერ გაუძლო და 1913 წლისთვის დაიხურა. 1959 წელს ამ საქმეს კვლავ მოება თავი და თბილისში პირველი საპარფიუმერიო-კოსმეტიკური ფაბრიკა "ივერია" დაარსდა. მაგრამ გავიდა სულ რაღაც სამი ათეული წელი და 1992 წელს, ქვეყნის დანგრევასთან ერთად, ეს ფაბრიკაც განადგურდა.

დღეს მაღაზიები მთლიანად უცხოური არომატებით არის სავსე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში ქართული სუნამო "ივერია" იწარმოებოდა და წელს პირველ ქართულ სუნამოს
60 წელი უსრულდება. მასთან დაკავშირებული ისტორია ერთობ საინტერესოა, რომელიც ქართველი მწერლის - დავით ჩიხლაძის წიგნისა და, ასევე, მოპოვებული სხვა მასალების დახმარებით მოვამზადე. ჰოდა, თუ გაინტერესებთ, მომყევით:
1961 წელს პარფიუმერიის ახალბედა ქართველმა ოსტატებმა ქართული სუნამო შეიმუშავეს და სახელად "ივერია" უწოდეს. პირველი პარტია ლაბორატორიული წესით დამზადდა, გაფორმება
კი ეროვნული ელემენტების გათვალისწინებით ხდებოდა.

როდესაც "ივერიამ" საკუთარი ეროვნული ნაწარმის გამოშვება დაიწყო, ცხადია, წარმოებაში მაინც რჩებოდა სუნამოების ისეთი ლიცენზირებული ფორმულები, როგორებიცაა "წითელი ყაყაჩო", "რომეო და ჯულიეტა" "რიტმი" და სხვა, რომლებიც მთელ საბჭოთა კავშირში პოპულარობით სარგებლობდა.
ქართული სუნამოს ძველ ტრადიციებს რაც შეეხება, ალბათ, მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსის მიერ რუსეთში დაწერილი "წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის" თუ გაგვახსენდება, მაგრამ ასეთი მოთხოვნებისთვის, გასაგებია, ეს საკმარისი ვერ იქნებოდა.

ფაბრიკა "ივერიის" გახსნას სტანისლავ გიორგაძემ ჩაუყარა საფუძველი. 1959 წელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბეში მან მეგობართან ერთად საკუთარი ხელით წამოიწყო ფაბრიკის მშენებლობა... 1963 წლიდან ქართულ საპარფიუმერიო წარმოებას 17 წლის განმავლობაში ნიკოლოზ ყიფიანი ედგა სათავეში. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ფაბრიკა ერთადერთი იყო ამიერკავკასიაში. მთელი საიდუმლო ის იყო, რომ საპარფიუმერიო-კოსმეტიკურ ფაბრიკა "ივერიას" საკუთარი ნედლეულის ძალზე მდიდარი ბაზა გააჩნდა. გარდა სუნამოებისა, "ივერია" აწარმოებდა ნელსაცხებელებს, ფერ-უმარილებს, სურნელოვან ზეთს, საპონს, თმის საღებავებს, კბილის ფხვნილს... 18 დასახელების ეთეროვანი ზეთი გამოიყენებოდა. მართლაც დაუჯერებლად ჩანს, რომ საქართველოში მზადდებოდა ბაღის პიტნის, ჟასმინის, ნარინჯის, ხარისვარდას, დაფნის, ქაფურის ხისა და სხვა ეთეროვანი ზეთები.

საქართველოში წარმოებული საპარფიუმერიო ნედლეულიდან განსაკუთრებით ფასობდა ევგენოლის რეჰანი. ქართული ბაღის რეჰანი, სხვა მცენარეებთან ერთად, ჯერ კიდევ "ორფიკულ არგონავტიკაში" არის მოხსენიებული, კოლხეთის დედაქალაქში გაშენებული ჰეკატეს ჯადოსნური ბაღის აღწერისას. საინტერესოა, რომ მედეას მაგიური მცენარეების ბაღს ევროპაში პირველად მედიცინის ისტორიის გერმანელმა მკვლევარმა შპრენგერმა მიაქცია ყურადღება, როდესაც ამ მცენარეების ზემოქმედება დაწვრილებით განიხილა 1792 წელს გამოცემულ ნაშრომში "უძველესი კოლხური მედიცინა".
ეთეროვანი ზეთების პირველი ქარხნები 1928-1929 წლებში ყირიმსა და საქართველოში - სოხუმში აშენდა. საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ტროპიკული და სუბტროპიკული ზეთების წარმოებაში. მაგრამ რაც შეეხება ადგილობრივ პარფიუმერიას, 1960-ან წლებამდე მხოლოდ ვარდის წყალს თუ შეიძენდით.

საქართველოს ეს უმდიდრესი და უნიკალური რესურსები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1968 წელს ეთერზეთების სპეციალისტთა მე-4 საერთაშორისო კონგრესი თბილისში გაიმართა. კონგრესში 700 წარმომადგენელი მონაწილეობდა სამი ათეულამდე ქვეყნიდან, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ბრაზილიიდან და სხვა. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა "ივერიის" სასუვენირო ბარათებით გაფორმებული ოთხი ახალი სუნამო: "თბილისის ცა", "ფრესკის ღიმილი", "თინათინი" და "ავთანდილი". ამას მოჰყვა ლოსიონები, ოდეკოლონები, 1986 წლიდან საპარფიუმერიო ფლაკონების საკუთარი საამქრო... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 80-იანი წლების დასასრულს ყველაფერთან ერთად "ივერიის" ნგრევაც დაიწყო.
ეს, რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში წარმოებულ სუნამოს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ, კერძოდ კი - ამერიკაში პირველი სუნამოს შემქმნელი ქართველი იყო. ძალიან მოკლედ გეტყვით მის ისტორიასაც.

1955 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველების რაოდენობა 300 ადამიანს შეადგენდა. თუმცა, სიმცირის მიუხედავად, ამ დიასპორამ დიდი გავლენა იქონია და ხუთი სხვადასხვა დარგის აღზევებაში უდიდესი ღვაწლი შეიტანა: გრიგოლ კობახიძემ სამედიცინო მინის მრეწველობა, ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები შექმნა; ალექსანდრე ქართველიშვილი სამხედრო ავიაციის მამამთავარი იყო, გიორგი ბალანჩივაძე -კლასიკური ამერიკული ბალეტის, გიორგი მაჩაბელი კი ყველაზე სურნელოვანი ინდუსტრიის გიგანტი გახდა.
გიორგი მაჩაბელი შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი იყო. გიორგი 1885 წელს დაიბადა და თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ევროპაში გაემგზავრა განათლების გასაღრმავებლად.
ევროპაში ცხოვრების დროს გიორგი მაჩაბელი საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა და მონარქიის აღდგენის დიდი მომხრე იყო. როდესაც 1918 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ თავისუფლება მოიპოვა, გიორგი მაჩაბელი იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახდა, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე გამოდგა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაჩაბელმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა და მეუღლესთან ერთად ამერიკაში გადასახლდა.

თავდაპირველად მაჩაბელი ანტიკვარიატით დაკავდა, თან არომატების გამოსაყვანად ექსპერიმენტებს აწყობდა. მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს სუნამოები უფრო აინტერესებდათ. 1926 წელს წყვილმა საკუთარი კომპანია -  "პრინცი მაჩაბელი" შექმნა.. კომპანია 1920-1930-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა.
1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა, მარტში კი, ფილიალების გახსნის მიზნით, შანხაისა და კალიფორნიაში იმოგზაურა, მაგრამ გზაში გაცივდა და 1935 წელს, 50 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ მისმა მეუღლემ - ნორინა ჯილიმ კომპანია $250,000-ად მიჰყიდა სოლ განცს, თუმცა ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, დღესაც არსებობს პარფიუმერიული ფირმა PRINCE MATCHABELLI.
წელს პირველ ქართული სუნამოს შექმნიდან 60 წელი, ხოლო ქართველის მიერ საზღვარგარეთ სუნამოების პირველი კომპანიის დაარსებიდან - 95 წელი სრულდება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
შადიმან ბიწაძე
28 აპრილი 2021 12:04
გიორგი მაჩაბლის დედის, ნინო ვეზირიშვილის სახლს მიხედვა სჭირდება! (ხაშურის რაიონი სოფელი ისიაური). ნინო ვეზირიშვილი გახლდათ გენერალ დიმიტრი ვეზირიშვილისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის დის ბაბალე ბარათაშვილის ქალიშვილი. სხვათაშორის სოფელ ისიაურშია დაკრძალული მელიტონ ბარათაშვილი - სიცოცხლის ბოლო წლები მელიტონმა სიძესთან და ქალიშვილთან გაატარა. განადგურების პირას მისული შენობა თავისი სახსრებით დანგრევას გადაარჩინა ცნობილმა აზერბაიჯანელმა კულტურის მოღვაწემ, ფოლად ბულბულოღლიმ (მისი ბებია გახლდათ დიმიტრი ვეზირიშვილის ალალი ბიძაშვილი ქეთევან ვეზირიშვილი ! ) ხაშურის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე პროფესორი ვაჟა შუბითიძე ყველაფერს აკეთებდა აღნიშნული შენობის გადარჩენისათვის! იმედი გვაქვს ხაშურის დღევანდელი ხელმძღვანელობა გააგრძელებს ამ ტრადიციას და შენობას, რომელის კედლებსაც სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილი ახსოვთ, დასანგრევად არ გაწირავენ!
ნათია
22 აპრილი 2021 15:15
ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისთვის. ვიკიპედიაში ვნახე მაჩაბელის პირველი სუნამო Queen oh georgia სამწუხაროდ აღარ იყიდება, ბოთლის თავსახურზე ქართული ჯვარია გაკეთებული. ვისირვებდი მეტ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სტატიები და ასევე გადაცემებსაც. დიდი მადლობა

რუბრიკის სხვა სიახლეები