პოეტი, როგორც რაინდი... - კვირის პალიტრა

პოეტი, როგორც რაინდი...

"თუ უნდა დამყარდეს რამე სახის დიქტატურა, დაე, ეს იყოს პოეზიის დიქტატურა"

რამდენიმე თემა მქონდა თქვენთვის დასაწერი და საკუთარ თავს ვერ მოვერიე. ასე იშვიათად მჭირს ხოლმე. ფიქრებით მივდიოდი იმ ადამიანთან, რომელმაც შეძლო და ავანგარდი შემოიტანა ქართულ პოეზიაში, ვისაც არ გაუჭირდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ვინც ამ ქაოსურ სამყაროში ეპოქის სულს გამოხატავდა... მოდი, ცოტა შევისვენოთ და თქვენც გაგიზიარებთ ჩემს ემოციას.

პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პანაშვიდზე მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორ შემოვიდა ის ჩემს ცხოვრებაში? როგორ დამყვებოდა უკმარისობის გრძნობა, როდესაც უცხოეთში ცხოვრობდა და საშინლად აკლდა თბილისის ქუჩებს... როდესაც უსიტყვოდ, მხოლოდ ბგერებით გამოხატავდა ემოციას და აბსოლუტურად სრულად და მკაფიოდ ამბობდა სათქმელს...

ზღვარი ზურა რთველიაშვილსა და პოეზიას შორის კარგა ხანია წაიშალა. ის თითქოს მოსიარულე სტრიქონი იყო. ამას გვიან მივხვდი. სულ-სულ ადრე კი, 15-16 წლის გოგონები უნივერსიტეტის ეზოში გავიქეცით, ახალგაზრდა პოეტები ლექსებს კითხულობენო. სიმართლე გითხრათ, ლირიკულ-რომანტიკულ ლექსებს ველოდი და ნაცვლად - ანომალიურ პოეზიას "შევეჩეხე". ბოლომდე ვერ ვიგებდი, რას გვიკითხავდნენ, მაგრამ განცდა მახსოვს, სულგანაბული რომ უსმენდა ხალხი.

ზურა რთველიაშვილი კი იდგა პესიმიზმით გამოტენილი თავითა და ცარიელი ჯიბეებით და ხმამაღლა, თავდაუზოგავად "გაჰყვიროდა":

"ვარ კრემატორი, ავსებული ხალხთა ცოდვებით,

ვარ საროსკიპო, უდღეურად ამბიციური,

თქვენნაირი ვარ, პარაზიტი, მხდალი, ხორცმეტი,

სხვების დარდი ვარ, ძვირფასი და ყოველდღიური..."

ვიდრე უნივერსიტეტის ეზოდან გამოვიდოდით, "მანიფესტს" არიგებდნენ. მეც მომცეს ორ ფურცელზე დაბეჭდილი "ანომალიური პოეზიის მანიფესტი". დღესაც შინ მაქვს, უკვე გაყვითლებული და გაცრეცილი. ზურას გარდაცვალების დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე და მივხვდი, რომ თითოეული ფრაზა, სამწუხაროდ, აქტუალურია დღესაც.

" დღეს უკვე აღარ შეიძლება ვიფიქროთ და ვწეროთ იმ ყაყაჩოზე, რომელსაც "სიწითლითა ყანა დაუმშვენებია", დღეს უკვე საშინელი გულუბრყვილობაა ვამბობდეთ, "საყვარელო მამულო" ...გულუბრყვილობაა და აბსურდია, მიუხედავად იმისა, რომ ყაყაჩო მართლაც ლამაზია, მიუხედავად იმისა, მამული მართლაც საყვარელია... აბსურდია იმიტომ, რომ ჩვენი დაკნინების საწინდარია..."

"თავიდან სამყარო არ იყო ანომალიური. იგი ჩვენი წარმოსახვებითა და ქმედებებით თანდათან დაავადდა და გადაიქცა უზარმაზარ, ბინძურ სამზარეულოდ, სადაც ვშთანთქავთ ყოველივე ცოცხალს და არაცოცხალს, რომელთაც, ჩვენზე მეტი თუ არა, ნაკლები უფლება არა აქვთ ფიზიკურ არსებობაზე. სამზარეულოს ბნელ კუნჭულებში ყრია ჩვენს თანამოძმეთა დაცხრილულ-დასახიჩრებული უფლებები: სიცოცხლის, სიყვარულის, ჯანმრთელობის, მარტოობის, ნონ-კონფორმიზმის და - ვინ მოსთვლის კიდევ რისი..."

"ხელოვანთა" ნაწილი, გარკვეული ნაწილი ჩაძირულია ნატურალიზმში და ფსევდოაზროვნებითა და ფსევდოპოეზიით ერთობა. ხოლო, სადაც არსებობს ჭეშმარიტი აზროვნება, იქ აუცილებლად გაჩნდება ჭეშმარიტი პოეზია. ასე გაჩნდა "ანომალიური პოეზია!"

"და თუ "ანომალიურმა პოეზიამ" ოდესმე ნებაყოფლობით თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სამყაროს გლობალურ ანომალიურობას ბოლო მოეღო და ისევ გვაქვს უფლება მთვარიან ღამეებზე, ცისფერ ლანდებსა და სილაჟვარდეზე დავასვენოთ ჩვენი მზერა..."

მინდა, შევედავო ყველას, ვინც იტყვის, რომ პოეტის სიტყვამ საქართველოში კარგა ხანია დაკარგა თავისი ძველი წონა და ფასი. ან, უბრალოდ, არ დავიჯერო. ჩვენს თანამედროვეობას ზურა რთველიაშვილის სახით ერთგულების, სიკეთისა და სილამაზის მცველი რაინდი ჰყავდა...

და ბოლოს, როგორც მისი მეგობარი შოთა იათაშვილი იტყოდა: "ზურასთან გამოსათხოვებლად მისულებს იგი კვლავ თავის მუნდირში დაგხვდებათ, ანარქისტული შავი დროშით და კუდიანი, უცნაური დოლით... ასეთი ადამიანები თავიანთ ეპოქას საკუთარ დაღს ასვამენ".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს