საფლავებზე ქეიფი - რა არქაულ რიტუალებს უკავშირდება მიცვალებულთა კულტი საქართველოში? - კვირის პალიტრა

საფლავებზე ქეიფი - რა არქაულ რიტუალებს უკავშირდება მიცვალებულთა კულტი საქართველოში?

რა ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს ჩვენს ეკლესიას ან ხელისუფლებას, რომ დავუშვათ ჩვენს შეგნებაში, - სასაფლაოზე გაგორებული კვერცხი არ ვჭამოთ. რა უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ეს მავნე, ერთობ არაქრისტიანული რიტუალი, სასაფლაოებზე სმა-ჭამა დაივიწყოს ხალხმა, მიცვალებულებს კი მიაგოს შესაბამისი პატივი?!

ამ ღრეობის შედეგები განსაკუთრებით შემაწუხებელია ჩემთვის აღდგომის შემდეგ, როცა ვხედავ, საფლავებზე დატოვებულ ნაგავს, გაფუჭებულ კვერცხებს, ცარიელ ბოთლებს... 2000-წლიანი ქრისტიანული ქვეყანა წარმართული რიტუალებით არის გაჯერებული. სასაფლაოებზე ქეიფი და მკვდრებისთვის მირთმეული საკვების ჭამა არ გახლავთ ქრისტიანული ტრადიცია. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია, რომელიც საკუთარი მიცვალებულის მოსაგონრად წლიდან წლამდე ვერ იცლის, საფლავი მოუვლელია, მშიერთათვის პურს არ გაიღებს და აღდგომა დღეს მის საფლავზე ერთი კარგად იქეიფებს...

ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია რეგიონებში, მაგრამ დღეს პრობლემაზე არ ვისაუბრებ. ის, რაც საქართველოს საკუთარ ისტორიასთან ყველაზე მეტად აკავშირებს, არის წინაპართა და მიცვალებულთა კულტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ყოველთვის დაცული და შენარჩუნებული იყო, მაინც ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას, როგორც ქართული აზროვნების ძირეული არქეტიპებიდან და გენეტიკური მახსოვრობიდან გამომდინარე კულტურულ ფენომენს, ანდა - როგორც ტრადიციული რელიგიის გამოხატულებას. დღეს თქვენთვის უცნობ ფაქტებზე გესაუბრებით. მადლობას ვუხდი დავით ჩიხლაძეს ექსკლუზიური მასალის მოწოდებისთვის.

თანამედროვე ქართველისთვის ყველაზე დაუჯერებელი შეიძლება სწორედ ის აღმოჩნდეს, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ შემოუნახავს მსოფლიოს ლიტერატურის საგანძურს... ანტიკურ ავტორთა მიერ გადმოცემული ისტორიებიდან შეიტყობთ, რომ მკვდართა კულტთან ერთად კოლხეთის უძველესი რელიგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა მაგია - გრძნეულება და მისტერიები. ამ საიდუმლო ხელოვნებათა სათავე სწორედ აქ არის და აქედან იწყებს ამა თუ იმ ფორმით მთელ მსოფლიოში გავრცელებას.

აპოლონიუს როდოსელის "არგონავტიკაში" კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ მკვდართა სამყოფელს, ჰადესის კარიბჭეს კოლხეთი წარმოადგენს. იქ, ასევე, აღწერილია მეფე აიეტის სასახლის ეზოში მდგარი ოთხნაკადულიანი შადრევანი, საიდანაც მოედინება რძე, ღვინო, სურნელოვანი ზეთი და წყალი. შემდეგ ეს ოთხი ნაკადული მიწისქვეშეთისკენ მიემართება, უერთდება გველეშაპის ტბას, რომლის ახლოსაც ოქროს საწმისია მოთავსებული, ბოლოს კი ტარტაროსის შემზარავ უფსკრულში ჩაინთქმება...

პლინიუსის მიხედვით არმაზის ქედი სამყაროს გამყოფ ზღუდეს წარმოადგენს. მისი აქეთა, ჩრდილოეთისკენ მდებარე მხარე ქართლისა და კოლხეთის ქთონური, მიწისქვეშა ღმერთების წმინდა ტერიტორიაა. მედეას გოეტიური წრე წარმოადგენდა ცოცხლების დაკავშირების საშუალებას მკვდართა და უხილავთა სამყაროსთან. კოლხეთში იასონის მოგზაურობა მიიჩნევა მიწისქვეშა მოგზაურობად სამყაროსა და ჰადესის მიჯნაზე. ჰადესს პლუტონის სამეფოც ეწოდება. პლუტონის სახელი უკავშირდება როგორც მკვდართა სამყოფელს, ასევე - სიმდიდრესაც.

გოეტია არის მაგიის ყველაზე ძველი დასახელება. მისი სამშობლო არის კოლხეთი. მისი პირველი ქურუმები არიან ჰელიოსის ჩამომავალი მეფის, აიეტის ქალიშვილები - ქალკიოპე, მედეა, ფასიფა (კრეტა). ფასიფას ქალიშვილები არიან არიადნა და ფედრა. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია მეფე აიეტის დას, გრძნეულ ქალღმერთ კირკეს. ზოგიერთი ვერსიით, კრეტა, იგივე ფასიფა, ასევე აიეტის დაა.

ეპიოდური (დამღერების) მაგია უკავშირდებოდა დიონისოს. დიონისოს ზეიმი სამ დღეს გრძელდებოდა. პირველი დღე ეძღვნებოდა ჭაობების დიონისოს და ამ დღეს ხდებოდა ჭურჭლის გახსნა (სმირნაში, იონიაში, რაც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიას ეკუთვნის, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - 30 მეტრის სიმაღლის ეფესოს არტემიდეს ტაძარი სწორედ ჭაობზე იყო აშენებული, რადგან ჭაობი ქთონური ღმერთებისა და არტემიდეს ძალის გამოვლინების საკრალურ ადგილად მიიჩნევა). მეორე დღე ქთონების ფესტივალისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო მესამე დღეს მიცვალებულთა საფლავებზე ღვინის დაღვრა ხდებოდა. ხალხი ღეჭავდა კუნელის ფოთლებს და კუპრით ღებავდა კარს, რათა თავიდან აეცილებინათ უიღბლობა. ქთონური ფესტივალი არის მკვდართა ფესტივალი, სადაც ჰერმეს ქთონიოსი და მიცვალებულები ღებულობენ საზეიმო სამსხვერპლო საკვებს.

საქართველოში დიონისესა და არიადნას კულტის სატაძრო ძეგლები და უნიკალური მოზაიკა შემორჩენილია ძალისის ნაქალაქარში, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ორ ათეულ კილომეტრში, მდინარე ნარეკვავთან.

ეგვიპტელები თეურგიული რიტუალების დროს ქურუმებს, როგორც მიწისქვეშეთის მოსახლეებს, ისე მიმართავდნენ. პლატონი, რომელმაც პითაგორას მსგავსად, ეგვიპტის ინიციაცია მიიღო, მოგვითხრობს, რომ სამყაროში პირველად ქალღმერთი გეა (მიწა) გამოვლინდა. გეა მარადიულად არსებულ ღვთაებათა შორის უმაღლესი ქალღმერთია, რომელმაც შემდეგ შვა ურანოსი (ცა), საკუთარი მეუღლე. აპოლონიუს როდოსელის "არგონავტიკიდან" შევიტყობთ კოლხური უზენაესი და უსაშინლესი ფიცის შესახებ, რომელიც გეასა და ურანოსის - მიწისა და ცის მიმართ აღევლინება და რომელიც სვანეთში შემონახული ცისა და მიწის წინაშე დადებული ფიცის ზუსტი ანალოგიაა.

ყოველივე გეასგან წარმოიქმნება და მასშივე ბრუნდება შემდგომი გარდასხეულების მოლოდინში. ძველი ბერძნული კოსმოგონია გეაზე მაღლა მხოლოდ მიუწვდომელ და გამოუთქმელ ქაოსს აყენებს. ამიტომაც, პლატონის მიხედვით, საწყისი ღმერთები მიწისქვეშა სამყაროს გენეალოგიას მიეკუთვნებიან.

მიწის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის, რომ ანტიკურ ტაძრებში მთავარი საკურთხეველი მოთავსებული იყო ჩრდილოეთის მიმართულებით, დედამიწის მაგნიტური მიზიდულობის პოლუსის მხარეს და არა, აღმოსავლეთისკენ, როგორც ეს დღეს არის თანამედროვე რელიგიების ეკლესიებსა და ტაძრებში. საქართველოში ეს დასტურდება ნეკრესის, უფლისციხის, ბაგინეთის, ციხიაგორას, ძალისის და სხვა ანტიკური ძეგლების მაგალითზე.

იბერიაში კერპთაგან ცენტრალური იყო არმაზი, იგივე ჰერმესი, ორმუზი. არმაზის კერპი აგებული იყო სპილენძისგან. ეს მეტალი დაკავშირებულია პლანეტა ვენერასთან, ქალღმერთ აფროდიტესთან, რომელსაც დიანა ლუციფერიც ეწოდება, ხოლო ბერძნულ პანთეონში კი - არტემიდე ასტრატეია. მასთანვეა დაკავშირებული ზურმუხტისა და ბერილის თვლები, რომლითაც არმაზის კერპი იყო მორთული.

თავდაპირველი ფარმაკოსი გრძნეულნი - კირკე და მედეა მთავრის ქალღმერთს, ჰეკატეს ემსახურებიან... მათი ფუნდამენტური გავლენა - და არა მხოლოდ მაგიის ისტორიასთან დაკავშირებით -მთელ შემდგომ ცივილიზაციაზე უცხადესია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ კირკეს სახელი წარმოადგენს ფუძეს ისეთი სიტყვებისა, როგორიცაა კირხე (ტაძარი) გერმანულად, ცირკულარული (წრიული, სარიტუალო) ლათინურად. ემანუელ კანტი მიიჩნევდა, რომ კოლხეთს ადრე კირკესიაც შეიძლებოდა რქმეოდა და რომ კავკასია სწორედ კირკესიას ვარიაციაა. მეორე მხრივ კი, მედეას სახელი არის საფუძველი ისეთი ტერმინებისა, როგორიცაა მედიცინა, მედიტაცია, მედიუმი. დღეს უკვე ახალი დისციპლინა გაჩნდა - გეოსოფია, რომელიც მიწასთან და მიწის ქალღმერთთან, გეასთან დაკავშირებულ მისტერიულ რელიგიებსა და კირკესა და მედეას გოეტიური ხელოვნების უძველეს ფორმებს შეისწავლის...

ვფიქრობ, ამ საკითხზე გავაგრძელებ თქვენთან საუბარს, რადგან საკმაოდ საინტერესო ფაქტები კიდევ დამრჩა სათქმელი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს