საინტერესო თარიღები არ უნდა გამოვტოვოთ, ანუ ისტორია, რომელიც შესაძლოა ბევრმა არ იცის - კვირის პალიტრა

საინტერესო თარიღები არ უნდა გამოვტოვოთ, ანუ ისტორია, რომელიც შესაძლოა ბევრმა არ იცის

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. ამ იდეიდან ბევრი წელი გავიდა, ვიდრე პირველი ავტომობილი შეიქმნებოდა. ავტომობილის შექმნის, გამოშვებისა და ისტორიის საფეხურები მრავალი საინტერესო ეტაპებისგან შედგება. მაგრამ, ალბათ ცოტამ იცის, რომ საქართველოს საავტომობილო წარმოებაში თავისი ისტორია აქვს. დღეს ამ საინტერესო ფაქტებს მოგიყვებით.

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ქუთაისის მახლობლად, მაღლაკის ვრცელ ველზე გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ორ წელიწადში, 1947 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ამუშავდა. ქუთაისის ქარხანა კომპლექსური წარმოების პრინციპით შეიქმნა და მისი უზარმაზარი ტერიტორია - სხვადასხვა საამქროებით, მოედნებითა და ქუჩებით ცალკე ქალაქად იქცა. წარმოება თავიდან ჯერ მხოლოდ მოსკოვის "ზისის" მარკის სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების დამზადებით შემოიფარგლებოდა, ხუთ წელიწადში კი პირველი ქართული ავტომობილის - "კაზ-585ბ" გამართვაც მოხერხდა, რომელიც საკმაოდ ჩაგრავდა თავის მოსკოველ ძმას.

მაგრამ საქართველოში ნამდვილი საავტომობილო რევოლუცია 1961-1962 წლებიდან სატვირთო ავტომობილით -  "კოლხიდათი" იწყება, რომელიც ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კონსტრუქტორების მიერ დაპროექტდა უფროსი ინჟინრის - დიმიტრი ქართველიშვილის ხელმძღვანელობით (საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1982-1986 წლებში).

საბჭოთა კავშირში პირველად აქ დაიწყეს უკაპოტო სატვირთოების აწყობა და გამოშვება, რომლებშიც მძღოლის კაბინა უშუალოდ ძრავის ზემოთ თავსდებოდა. 1962 წელს კონვეიერიდან ჩამოვიდა ნახევრადმისაბმელის სატვირთო ავტომზიდი "კოლხიდა" "კაზ-106". სწორედ ამ ავტომობილით დაიწყო უკაპოტო ერა საავტომობილო წარმოებაში. საბჭოთა კავშირში ის ერთადერთი ავტომზიდი იყო, ძრავზე მოთავსებული კაბინითა და საძილე ადგილით აღჭურვილი, ხოლო მომდევნო, მისი მსგავსი ავტომობილები, როგორიცაა "მაზ-504", კარგა ხნის შემდეგ გამოჩდნენ სარბიელზე.

მძღოლის კაბინის ძრავზე მოთავსებამ საგრძნობლად გაზარდა ხილვადობა და მანქანის ფართობი მაქსიმალურად იყო ათვისებული. ძრავთან მისაღწევად მძღოლის კაბინა 45 გრადუსით გადაიხსნებოდა წინ, რაც ამცირებდა მანქანის სიგრძეს და აუმჯობესებდა მანევრირებას... "კოლხიდა" ძალზე გამოსადეგი ავტომობილი ხდებოდა მაღალმთიან რეგიონებში, რთული რელიეფის მქონე სამშენებლო უბნებზე სამუშაოდ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

ქუთაისის ქარხანა სპეციალიზებული იყო 11 ტონა ტვირთამწეობის მქონე ნახევრადმისაბმელის ავტომზიდების, თვითმცლელების და ფხვიერი და ნახევრადთხევადი ტვირთის, ბეტონისა და ცემენტის გადასაზიდი ავტომობილების წარმოებაზე.

1971 წლიდან "კოლხიდას" შასიზე აეროდრომის ავტოლიფტების დამაგრება, რაც თვითმფრინავთან აღჭურვილობისა და კვების პროდუქტების კონტეინერების მისატანად და ჩასატვირთად იყო განკუთვნილი. "კოლხიდა" აეროპორტში მგზავრების გადასაყვანი მისაბმელი ავტობუსებისთვისაც გამოიყენებოდა და მის ბაზაზე აეროდრომის ბენზინგასამართი მანქანებიც აეწყო.

1976 წელს ავტომანქანიდან წარწერა "კოლხიდა" გაქრა, მის მაგივრად მარტო "კაზ" ეწერა, დიდად, თუმცა ხალხი მას მაინც "კოლხიდას" ეძახდა. მის ისტორიასთან პირველივე დღეებიდანვე მჭიდროდაა დაკავშირებული გამომცდელი მძღოლისა და გამმართველის - ბორის ვაშაკიძის სახელი.

აქვე უნდა გავიხსენოთ საქართველოში განხორციელებული კიდევ ერთი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, ასევე, "კოლხიდას" სახელწოდების მქონე. ფოთის ორჯონიკიძის სახლობის გემთშემკეთებელი ქარხანა 1962 წლიდან უშვებდა წყალქვეშაფრთიან სწრაფმავალ კომფორტულ გემს - "კომეტას", რომელიც პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში, საბერძნეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1977 წლიდან ახალი მოდელის შექმნა დაიწყეს და 1981 წელს ფოთის გემთმშენებელი ჩქაროსნული გემის წარმოებას შეუდგა, რომელიც 120 მგზავრს იტევდა, ძალზე მაღალ სიჩქარეს ავითარებდა და "კომეტას" გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა. წყალქვეშა ფრთების მართვა ავტომატურად ხდებოდა, რაც საშუალებას იძლეოდა, რეისები ხუთბალიანი შტორმის დროსაც კი განხორციელებულიყო.

ჩქაროსნული გემი "კოლხიდა", რომელიც სულ 40 ცალი გამოუშვეს, გამოიყენებოდა შავი ზღვისა და შორეული აღმოსავლეთის სანაოსნო გზებზე, ასევე - ბელომორ-ონეგის ხაზებზე, ონეგის ტბაზე, მდინარე ნევაზე, ლადოგის ტბაზე და საზღვარგარეთ.

შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს, მაგრამ "კოლხიდა" დღესაც ემსახურება მგზავრებს იტალიაში, ტირენიის ზღვაზე, ეგეოსისა და იონიის ზღვებზე, საბერძნეთში, ტაილანდში, თურქეთში, ეგვიპტეში, ესპანეთში, პანამასა და სხვაგან. 1988 წელს ფოთში ააგეს წყალქვეშაფრთებიანი გემი "ალბატროსი", ერთადერთ ეგზემპლარად. შემდეგ ეს გემი გაიყიდა და მას, "ფლაინგ სტარ" დაარქვეს და კვიპროსსა და ლიბანს შორის გადაჰყავდა საზღვაო მგზავრები. საქართველოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ვლადივოსტოკში კი, იაპონიის ზღვის ნაპირად, დღესაც დგას ქართული ჩქაროსნული გემი "კოლხიდა", რომელშიც მყუდრო რესტორანი მოუწყვიათ და ლათინური სახელი "გლორია" (დიდება) უწოდებიათ.

მოკლედ, ქართული საავტომობილო დაარსების თარიღად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ 1961 წელი. წელს კი ამ მხრივ მრგვალი თარიღი გვაქვს, ქართული ავტომობილის დაარსების 60 წლისთავი. ალბათ, საინტერესო თარიღები არ უნდა გამოვტოვოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს