პასუხი ვარლამ გოლეთიანს, ანუ უნდა აშენდეს თუ არა ჰესები საქართველოში? - კვირის პალიტრა

პასუხი ვარლამ გოლეთიანს, ანუ უნდა აშენდეს თუ არა ჰესები საქართველოში?

დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბანალურია "დენი გინდათ, ჰესი არა?" - საკითხის ასე დასმა. ასევე მცდარია მოსაზრება, თითქოს ნებისმიერი ჰესების მშენებლობა ენერგო-დამოუკიდებლობის გარანტია. ჰესის გარეშე კი არა, სწორი ინდუსტრიული პოლიტიკისა და დაგეგმარების გარეშეა წარმოუდგენელი ენერგო დამოუკიდებლობა. სწორედ ამ გათვლების არარსებობა უცხო ქვეყნების ენერგო დამოუკიდებლობას უფრო ზრდის, ვიდრე ჩვენსას.

დავსვათ მარტივი შეკითხვები და შევეცადოთ ვუპასუხოთ: არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან გათვლა, რამდენი დენი სჭირდება ქვეყანას? სად უნდა იყოს ეს დენი და ვის უნდა მოჰქონდეს? გვაქვს თუ არა სტრატეგიული გათვლა რამდენი ჰესი სჭირდება ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას? ჰესების დანახარჯი რამდენია და რა რაოდენობის მოგება შეიძლება მოჰქონდეს? ჰესების მშენებლობის დაწყებისთანავე, რატომ იკვეთება მოსახლეობის პროტესტი? -ამ ბოლო საკითხს ოდნავ ქვემოთ განვმარტავ. დანარჩენ შეკითხვებზე კი ამ დროისთვის შეგროვებული მასალებიდან გამომდინარე პასუხი არის: "არა". არაფერი არ არის გათვლილი.

ამ საკითხებს ემატება ის, რომ სულ მცირე ჰესმაც გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს ბუნებას. ამ და ბევრი სხვა საკითხებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, არის თუ არა გათვლილი სად შეიძლება აშენდეს ჰესი და სად არა? რა თქმა უნდა, არ არის.

მთავარია მოითხოვოს ინვესტორმა, ჩვენ მივიღოთ ფული და მორჩა. ამის ნათელი მაგალითია "დარიალჰესი", რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველი იყო, რომლის სიმძლავრეც 100 მგვ-ს აჭარბებდა. პროფესიონალი გეოგრაფების მხრიდან მაშინ აქცენტები მეწყერსაშიშ ზონაზე კეთდებოდა. 2014 წელს ხეობაში მართლაც ჩამოწვა 2 დიდი მეწყერი, მათგან პირველმა 17 მაისს 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოიწვია თუ არა სტიქია ჰესმა? ეკოლოგები და გეოლოგები არ უარყოფენ, რომ ხეობა ისედაც საშიშია, თუმცა მათივე მტკიცებით ჰესმა პროცესები დააჩქარა...

"დარიალჰესის" მსგავსად სხვა არაერთი იყო უფრო ზარალის მომტანი, ვიდრე მოსახლეობისთვის სასარგებლო. და ეს, ხაზს ვუსვამ, ხდება იმიტომ, რომ წინასწარი გათვლები არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში თუ რამ მნიშვნელოვანი გაკეთდა საქართველოში, ერთი-ერთი "ენგურჰესი" იყო, რომელიც 17 წელი შენდებოდა და 1 მილიარდი მანეთი დაჯდა, რაც მანეთი-დოლარის იმდროინდელი კურსისა და თავად ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურების გათვალისწინებით დღევანდელ $4 მილიარდ-ს შეადგენს.

ახლა იმაზე თუ რატომ ვანერვიულებთ მოსახლეობას? მოსახლეობა არის ყოველთვის იგნორირებული და მარტო. დროულად არ ხდება მასთან კომუნიკაცია. თამამად ვიტყვი არასამთავრობოებზეც, ისინი არ წუხან აღნიშნულ დარღვევებზე, პირიქით აწყობთ კიდეც, რადგან ფიქრობენ საკუთარ ჯიბეზე. ჰო, ასეა, თუ არ იქნება დარღვევები, ვერ "იხმაურებენ" და თუ ვერ "იხმაურებენ", ვერც დაფინანსებას მიიღებენ. ამიტომ მოსახლეობა არის ყოველთვის მარტო და არაინფორმირებული.

მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ სისტემას, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც თუნდაც ენერგეტიკის სფეროს მართავს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას.

ენერგეტიკაში ეს მოგვცემდა საშუალებას შეგვექმნა თანამედროვე ენერგეტიკული სისტემა, თანამედროვე საინვესტიციო გარემო, რომელიც იქნებოდა სტაბილური და გამჭვირვალე. ნაკლები საშიშროება იქნებოდა გარე ძალების ზემოქმედებისა, კორუფციული ზემოქმედებისა, მიწოდების უსაფრთხოების გაკონტროლებისა, გამჭვირვალე გახდებოდა ფასების დადგენა და ასე შემდეგ. თავისი არსით ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს: ყველა სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ კანონმდებლობასთან. ისეთი სისტემებისა და წესების დანერგვას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გახდის მსგავსს ევროპული საზოგადოებისა. მათ შორის არის ენერგეტიკული ნაწილიც.

ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და წლებია ეს არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ საბჭოური მიდგომების "განადგურების" ეშინიათ! ხელისუფლებებს, გააზრებული საერთოდ არ აქვთ ამ ნაბიჯით რა შედეგები შეიძლება მოვიმკათ. მაგალითად მინისტრს, რომელსაც გარშემო "დალაგებული ურთიერთობები" აქვს, არ სურს მთელი სექტორის ფორმირება, ახალი წესების შემოღება, თანამედროვე სისტემის დანერგვა. გამჭვირვალე უნდა გახდეს მთელი სისტემა. შესაძლოა შენ, როგორც მინისტრს, შენი მეგობარი ბიზნესმენი გყავს თუნდაც ჰესების მშენებლობაზე, რომელიც ან აშენდება ან არა, მაგრამ ხელშეკრულება დადებულია, თანხა გაცემულია...

ხელისუფლებები პირადი ურთიერთობების დაშლასა და გამჭვირვალობის შექმნას საფრთხედ აღიქვამენ და ეშინიათ. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ვიღაცამ ადვილად მოახდინოს პოლიტიკური გავლენა ჩვენზე. ეს არის სისტემა, როცა გადაწყვეტილებები ხდება კონკრეტული პიროვნებების შეხედულებებით და არა, დანერგილი პრინციპებით, კანონებით. ეს ერთობ საშიშია ქვეყნისთვის და არადა, ეს პროცესი გრძელდება.

ჩვენ ასევე არ ვიცით, როგორ შევაფასოთ ენერგეტიკის მუშაობა. ვუყურებთ მხოლოდ შედეგს: ნათურა ანთია, ე. ი. კარგად გვაქვს საქმე. თუ დენი არ არის, მაშინ ცუდად. აბა გაანალიზეთ, ამ შედეგის მისაღებად რა რესურსები აქვს დაკისრებული სამინისტროს? მას აქვს მთელი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც დაარიგეს ამდენი სადგურების მშენებლობაზე და რეალურად რა კეთდება არავინ უწყის. დახარჯულია ბიუჯეტის თანხები. ამ ყველაფრიდან არავინ აკეთებს დასკვნებს და გაანგარიშებას, შესაძლებელი იყო თუ არა ეკონომიკურად.

თუ არ ვცდები, 2012 წელს რუსეთი მოლდოვას გაზის საფასურის 1/3-ით შემცირებას სთავაზობდა, ოღონდ არ გამხდარიყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მოლდოვამ ეს მაინც გააკეთა. დროს აღარ წაგართმევთ სხვა ქვეყნების მაგალითის განხილვისთვისაც.

ჩვენთან უბრალოდ პოზიციები იცვლება. თუ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს დიდი ჰესების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა და ახლა ვითომ წინააღმდეგია, "ქართული ოცნების" გუნდი პირიქით, 2011-2012 წლებში გარემოსა და ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინების მიზეზით დიდ ჰესებს ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი, პირიქით, ემხრობა.

აქამდე მომხდარ ავარიებისა თუ სხვა სახის დარღვევებზე დღემდე პასუხისმგებლობა არცერთ საჯარო პირს არ აუღია და არც მიმდინარე ხელშეკრულებები ითვალისწინებს რაიმე მსგავსს.

რატომ არ გვინდა გამჭვირვალე სისტემა? რატომ არ გვინდა ტარიფები გაითვალოს სწორად? ჰოდა, ჩემი პასუხიც ეს არის ვარლამ გოლეთიანის და მისი "რაზმის" ბრძოლისა: იქნებ ამ მიმართულებით გზა გაიხსნას, სისტემა გამჭვირვალე გახდეს, რომელიც, ისევ ჩვენი ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს