ყალბ "რეაქციებში" გატარებული ნახევარი წელი ანუ რომელ პოლიტიკოსს არ ვისურვებდი პარლამენტში? - კვირის პალიტრა

ყალბ "რეაქციებში" გატარებული ნახევარი წელი ანუ რომელ პოლიტიკოსს არ ვისურვებდი პარლამენტში?

არაერთი პოლიტიკოსის გვარს დავასახლებდი სიამოვნებით, რომლის ნახვასაც არ ვისურვებდი პარლამენტში. მთელ არზას ჩამოვწერდი და ზუსტად ვიცი, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი დამეთანხმებოდა. ისევე, როგორც ჩვენ (თქვენი თქმით: რიგითი მოქალაქეები) ვერ ვხვდებით, რატომ ეწოდებოდა "პოლიტიკური კრიზისი" მაშინ და რატომ არის ეს კრიზისი დღეს დასრულებული, როცა არც ერთი გამოწვევის, პრობლემური საკითხის მოგვარება არ ხდება ქვეყანაში, ერთმანეთის მიმართ შეტევები კი ერთობ ზედაპირულია.

აბსოლუტურად ყალბ "რეაქციებში" გავატარეთ ნახევარი წელი. რამდენჯერ ავიღე კალამი, რამეს ვიტყვი-მეთქი, მაგრამ იმდენად ხელოვნური პროცესი იყო, არ ღირდა. "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქცია, რომ არ დაწყებულიყო და ჩემთვის ამ ეტაპზე სუფთა ადამიანების პროტესტს კიდევ ერთხელ, უზარმაზარი უფსკრული არ გამოეჩინა ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, ახლაც არაფერს ვიტყოდი "მათზე".

ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში ხდება, სინამდვილეში ესაა მეტაფორები, რომლის მიზანია, უფრო ემოციური რეაქციები გამოიწვიოს, ვიდრე რაციონალური. ემოციური პოლიტიკური სვლები ვერ ქმნიან პოლიტიკურ პროგრესს და ასეც მოხდა. დღეს ოპოზიცია არის სრულიად დემორალიზებული, "გაფარჩაკებული"...

იცით, როგორ დარწმუნებული ვარ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკოსს ტელეარხების კამერების წინ რომ მოეძრო თქვენთვის ცნობილი სამაჯური, შემდეგ კი - გირაოს გადახდაზე უარი ეთქვა, ან საკანონმდებლო ორგანოში შეჭრისკენ ხალხისთვის მოეწოდებინა, სასამართლო აღასრულებდა თავის გადაწყვეტილებას. ხანდახან მგონია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ორმაგ სტანდარტს ავლენენ.

სასამართლო სისტემის მანკიერება კი არ აწუხებთ. კი, ასეა! არ მეშლება, რასაც ვწერ. ოპოზიციას აწუხებს მხოლოდ საკუთარი გავლენების არქონა ამ ეტაპზე და არა - სისტემის მანკიერება, თორემ აღიარებდა, რომ შევარდნაძის შემდეგ სასამართლო რეფორმა ამერიკელი პარტნიორის მიერ აბსოლუტურად სწორად დაიგეგმა, რომელიც ნელ-ნელა თავისუფლდებოდა კომუნისტური გადმონაშთებისგან. და, სწორედ სააკაშვილმა სასამართლო თავისი პოლიტიკური აგრესიული ამბიციების დაკმაყოფილების ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქცია.

განვლილ პროცესებს აღარ დავუბრუნდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემთვის "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა გამოსვლებმა გამოაჩინა, რამდენად სწორად შეუძლიათ მოქალაქეებს კითხვების დასმა, პრობლემის წარმოჩენა, საკითხზე ორიენტირება. ამას ვერ ახერხებენ პოლიტიკოსები და რა სიბინძურეს აღარ იგონებენ მსგავსი ადამიანების წინააღმდეგ. ისიც ხელისგულზე დევს, როგორ არ შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა პოლიტიკოსებს.

აღარ მინდა უშუალოდ ჰესებზე ვთქვა კიდევ რამე. ერთობ ზოგადია იმის მტკიცება, რომ ჰესები უნდა აშენდეს და რომ ეს ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც მომგებიანია. ეს ვიცით, მაგრამ კითხვები ხომ უნდა ისმოდეს იმის შესახებ, თუ როგორ აშენდეს, სად აშენდეს და ვინ აიღოს მასზე პასუხისმგებლობა? და რაც მთავარია, უკვე დავწერე ამის შესახებ - ეს არის მოძველებული საბჭოური სისტემა აღნიშნულ სტრუქტურაში. ასევეა სხვაგანაც, რაზეც დაფიქრება გვჭირდება.

მთელი ამ თვეების მანძილზე კი ე.წ. ოპოზიციის დანიშნულება იყო, შეექმნა სისტემასთან ბრძოლის ილუზია. წინასწარი დაგეგმილი მარცხით გაეძლიერებინა საზოგადოებაში ნიჰილიზმი, მეათეხარისხოვანი თემებით გადაეფარა სერიოზული პრობლემები. ის დღესაც კლავს მსჯელობის შანსს. ამას მივხვდი, როდესაც ეცადნენ ხალხის პროტესტისთვის ჩირქი მოეცხოთ. წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემასა თუ სტრუქტურასთან მიმართებაში აქვთ მოქალაქეებს მსგავსი პოზიცია, სწორი შეხედულებები? "თქვენ" კი მზად ხართ, თუნდაც საკუთარ ამომრჩეველს სიმართლე არ უთხრათ. მით უფრო, გამოწვევები ტალახის სროლით ჩაჰკლათ... ზურგს გიმაგრებთ პარტიული ტელევიზიები, რომელთა მთავარი კითხვებია: ვინ აფინანსებს, ვინ დგას მის უკან, ვინ არის საერთოდ რომ ხმას იღებს? საქმის არსი კი მეორეხარისხოვანია. და ეს იმ დროს, როცა უკვე ქართულ პოლიტიკას არავითარი მდგრადობა და ნდობა აღარ გააჩნია.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. პოლიტიკოსებს არ სურთ ჭეშმარიტი პროტესტის დაშვება.

პროტესტი უფასურდება ისეთი პროცესებიდან გამომდინარე, რომელსაც ბოლო ნახევარი წელიწადია, ვუყურებთ და ამის თქმა სულ მინდოდა.

ყველაფერი გაკეთდა ოპოზიციის ხელით, რომ საზოგადოების ყურადღება ჩამოშორებოდა მთავარ საკითხს, მანკიერ სისტემას, რომელიც ყველა პრობლემის სათავეა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს