ვიდრე საზღვარგარეთ საცხოვრებლად თუ სასწავლებლად წახვალთ, გაიცანით საკუთარი ქვეყანა...
ვიდრე საზღვარგარეთ საცხოვრებლად თუ სასწავლებლად წახვალთ, გაიცანით საკუთარი ქვეყანა...
საზღვარგარეთ რომ წავედი საცხოვრებლად, არაერთი ქართველი შემხვდა, რომელსაც საკუთარი ქვეყანა მოვლილი არ ჰქონდა და სხვის ლამაზ და ისტორიულ ადგილებს ეტრფოდა. მე რომ მკითხოთ დღეს ისეთი ცხოვრებაა, საზღვრები გახსნილია, ქვეყნებს შორის კომუნიკაცია მარტივად შესაძლებელი, - რა უნდა გიშლიდეს ხელს მეტი გამოცდილებისთვის სხვაგანაც წახვიდე, მაგრამ მთავარია ჯერ შენი ქვეყანა იცოდე. არ მომწონს, როდესაც პირდაპირ "ზღართანს" საკუთარ უბანს გაუცდენელი ადამიანები საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში რომ მოადენენ და მერე იქიდან ზეამპარტავნებით დაგყურებენ.

მოკლედ, იმის თქმა
მინდა რომ გირჩევთ, როგორც კი საშუალება მოგეცემათ, დაათვალიერეთ და დააფასეთ საკუთარი ქვეყანა, ჯერ ისწავლეთ აქ, მოიარეთ კუთხე კუნჭული, გაეცანით ისტორიას და მერე გაცილებით ადვილი იქნება შედარებაც და შეფასებების გაკეთებაც. საზღვარგარეთ წასვლამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვიყავი ნამყოფი. რამდენი ისტორიული ადგილი ფეხით მომივლია და დღესაც აღმოჩენების
პერიოდში ვარ. ასეთი აღმოჩენის შესახებ მოვყვები დღეს.

ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ "დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუმბათო, რომელ ქმნა პიროს იგი (13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ" ისტორია ძალიან მიყვარდა და ყოველთვის დიდი სიხარულით ვკითხულობდი ხოლმე დოკუმენტურ ამბებს, მაგრამ როცა წიგნში წაკითხულ ადგილს, რეალობაშიც აღმოაჩენ, სიხარულს საზღვარი არ აქვს. მოკლედ, არსებობს ასეთი სოფელი ბრეთი. ის საკმაოდ ძველი და ცნობილი სოფელია შიდა ქართლში. იოანე ზედაზნელის მიერ მამათა "განტევების" შემდეგ ბრეთი დიდი მამისადმი სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად საყდარს მამა პიროსის ეკლესიას უწოდებს.

ტაძარში მდებარეობს წმინდა პიროსის საფლავი, რომელიც დიდი სიწმინდეა. მამა პიროსს ბრეთი ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრად უქცევია. როგორც ამბობენ ბერებისა და მონასტრის არსებობას უკავშირდება სოფლის სახელწოდების წარმოშობა, ბერეთი-ბრეთი. მიმდებარე ტერიტორიაზე მიკვლეულია ნასოფლარი. ცნობილია, XI საუკუნის ვერცხლის საომარი ჯვარი და XIII საუკუნეში ტყავზე შესრულებული სახარება. ეკლესიის ახლოს ადრე "საძმო სამარხები" ყოფილა.
დღეს არსებული ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებში ეტაპობრივად იგებოდა. ბრეთის სავანემ კომუნისტური რეჟიმის დროს შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი სურსათის საწყობად გადააქციეს. . XX საუკუნის ბოლოს წმინდა პიროსის ეკლესიის სახურავი ჩამოქცეული იყო. ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით ავსებული. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ბრეთის წინამძღვრად ბერი ზაბულონი (გელაშვილი) დაინიშნა. მამა ზაბულონის ძალისხმევით სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა -გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო, ასევე ჩატარდა სამონასტრო სარესტავრაციო სამუშაოები. აშენდა სამრეკლო. 1998 წელს გაიხსნა დიდი ტაძარი. ამ ტაძრისთვის საგანგებოდ დაიწერა წმინდა გიორგის ხატი, რომელშიც დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. მამა ზაბულონის ლოცვა-კურთხევით სოფელში კიდევ ერთი ტაძარი შენდება.

აქედან, მარტივად, სულ რაღაც 20 წუთში დირბის დედათა მონასტერში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ. ამ მონასტერში დავანებულ ღვთისმშობლის "მიდგომილ" ხატს არაერთი სასწაული უკავშირდება.
დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონის ხეობაში მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, რომელთაგანაც ვიგებთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე იყო. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის.

დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა, არამედ მეფენი ქართლისანი დასვენ ქართველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილისა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობისა..." აქ მოხსენებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.

XX საუკუნის 30-იან წლებამდე აქ ბერძენი ბერები მოღვაწეობდნენ. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ფრესკები, დაიკარგა ყველა ხატი და უნიკალური ნივთები.
თავად ტაძარი დანგრევის პირას მივიდა. წლების წინ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის ერთ-ერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც გამოსახულია "მიდგომილი" ღვთისმშობელი. მას ძირითადად უშვილოები ევედრებიან და მრავალი სასწაულიც მოუხდენია.
ამ სოფელს ერთვის დვანი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია.

გარდა იმისა, რომ უნიკალური ეკლესია-მონასტრები მოვილოცე, ამ მოგზაურობამ კიდევ ერთხელ დამანახა როგორი მოუვლელია დღეს ჩვენი სოფლები. როგორი ზედაპირულია თვითმმართველობები. რამდენი დანგრეული და მიტოვებული ხიდი კვეთს მოწყენილ და ჭუჭყიან ფრონეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები