როდის იქნება შრომა ღირსების საგანი და არა - გადარჩენის საშუალება მხოლოდ? - კვირის პალიტრა

როდის იქნება შრომა ღირსების საგანი და არა - გადარჩენის საშუალება მხოლოდ?

ყოველ დილით ვაკვირდები მასობრივად გაღიზიანებულ ხალხს, დილიდანვე აღგზნებულად რომ მიიჩქარის სამსახურისკენ. ადამიანთა ამ მასას არასოდეს სმენია, არათუ უგრძნია, რომ შრომა ღირსების საგანი უნდა იყოს და არ იმუშაოს მხოლოდ გადარჩენისთვის. იმედია, ძალიან არ ჩავხლართე სათქმელი, დასაწყისშივე. უბრალოდ, შრომის უფლებებზე მინდა, დავწერო დღეს და ის ფაქტი, რაც ზემოთ ვახსენე, ჩემი აზრით, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ კარგად ვისწავლეთ, როგორ გავიტანოთ თავი, ჩავებღაუჭოთ საქმეს, რომელიც დღეს ლუკმაპურს მოგვიტანს, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გავხადოთ შრომა ღირსების საგანი.

ვადარებ წლების წინანდელ და დღევანდელ "შრომის კოდექსს" ერთმანეთს, მკვეთრი კონტრასტი მინდა, დავინახო.... ცვლილებები განვითარებისკენ, პირველ რიგში, ჩვენს მენტალიტეტში ვერ ხდება, სამწუხაროდ.

მაგალითისთვის ავიღებ საკითხს - სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვის შესახებ, რომლის დანერგვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. უფრო სწორად, უნდა ხდებოდეს, მაგრამ ქართულ სამსახურებს მასობრივად უჭირთ ამ სიახლის დანერგვა და, ჩემი შეხედულებით, ეს ერთადერთ ფაქტთან არის დაკავშირებული - ვაითუ, დასაქმებულმა მოითხოვოს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება. ჩვენთან 13-14 საათი დღეში მუშაობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მზის გულზე ან არაკონდენცირებულ სამსახურებში, ან შესვენების გარეშე და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი მოვლენაა და წლიდან წლამდე სახელმწიფო საერთოდ არ დარდობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

ევროპულ ქვეყნებში, არ ვაჭარბებ, 10 წუთის გადამეტებისთვის მეძახდა მენეჯერი დამატებითი თანხის გამოსაწერად. მაგრამ აქ მხოლოდ თანხაზე არ არის საქმე. შესაძლოა, ვინმე შემომედავოს, რომ ღარიბ ქვეყანაში ამის საშუალება კომპანიებს თუ საჯარო სამსახურებს არ აქვთ, მაგრამ ამის შანსი გაჩნდება მაშინ, როცა შრომის ღირსება და ადამიანის უფლება ღირებული გახდება.

საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში მენეჯერებს ჰგონიათ, რომ კომპანიის წინსვლა და მოგება წლების განმავლობაში მხოლოდ მათ ჯიბეზე უნდა აისახებოდეს და, თუნდაც, ერთგული თანამშრომლები ამავე წლების განმავლობაში ერთი და იმავე ხელფასზე კვდებოდნენ. ჩვენთან არის მუდმივი არასტაბილურობის განცდა, რის გამოც ადამიანის ფსიქიკა ზიანდება.

ჯერ კიდევ 1944 წელს "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის" მიერ დადგინდა, რომ "შრომა არ არის საგანი". ეს არის ადამიანის ღირსების საგანი, სადაც მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი, მიიღოს სიამოვნება და არ იმუშაოს მხოლოდ გადარჩენისთვის. მას შემდეგ 77 წელი გავიდა. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებებმა არ იციან, რომ 21-ე საუკუნეში, ადამიანს, მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად არ სჭირდება შრომა. არსებობს უამრავი სხვა ასპექტი, რათა ადამიანმა, არა ცხოველად, არამედ - სამყაროს სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი. სამწუხაროდ, ამას საქართველოში ჯერ კიდევ ვერ აანალიზებენ.

ხვდებით, რისი თქმა მინდა? სახელმწიფო გიყენებს მთელი ცხოვრება და შედეგად არაფერი გრჩება. რატომ გვყავს 41 მდიდარი, პირობითად, და დანარჩენი - უღარიბესი მოსახლეობა? ჩვენთან მენეჯერებს ან საწარმოს დამფუძნებლებს რატომ აქვთ ასეთი მენტალიტეტი, სულ რომ მილიონერი გახდეს, მის დაწესებულებაში პირობები არ იცვლება?! ჰოდა, როცა ჩვენს მოსახლეობას დასცინიან, ყველას პირდაპირ "მინისტრის სკამი" რატომ გინდათო, იმიტომ, ბატონებო, რომ აქ თუ დამლაგებლად დაიწყე მუშაობა, დარჩები სულ მაგ პოზიციაზე. ევროპის ქვეყნებში კი არაერთი ადამიანი ვიცი, ვინც სწორედ მძღოლობით, მზარეულობით ან დამლაგებლობით დაიწყო მუშაობა, გააკეთა დანაზოგი, განვითარდა და მერე გადავიდა უკეთეს სამსახურში.

ხშირად მიფიქრია, - აქაური საქმოსნები ვერასოდეს მოიქცეოდნენ ასე საზღვარგარეთ. იქ ერთი სისტემით მუშაობს ყველა. კომპანია, რომელსაც აქვს მოგება, ეს მოგება აისახება დამლაგებლიდან დაწყებული, მენეჯერის ასისტენტამდე დამთავრებული, თუნდაც ერთი ფუნტის ან დოლარის მატებით.

აქვე უნდა ვთქვა, ქვეყნიდან ათასობით გაქცეული მოქალაქე შედეგია იმ მცდარი პოლიტიკისა, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ მთავრობები. იქ ამ ადამიანებმა მიიღეს თავისუფლება, იმ მცირე სამსახურებით შეინახეს და განავითარეს ოჯახები... ამიტომ, ნუ გიკვირთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, თუნდაც, დამლაგებლის პოზიცია ურჩევნიათ და გარბიან.

აი, ისე, ჩემი მეგობარი რომ გაიქცა, კაფეს ალაგებდა, 2-3 წელიწადში ფული გადადო და იმ სპეციალობით გაიარა გადამზადება, რომელიც აქ მიიღო უნივერსიტეტში. დღეს ცხოვრობს მშვიდად, გეგმავს "ვიკენდს", როგორც სურს, შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი, ცნობილი ადამიანის კონცერტზე აღმოჩნდეს და მუშაობს თავგამოდებით...

სამაგიეროდ, მეორე მეგობარი აქ, საოფისე სამსახურში წლებია, 650 ლარზე მუშაობს. "კბილებით ებღაუჭება" სამსახურს, მუდმივი სტრესით, შვილები მშივრები არ დარჩეს და არც არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში, უკვე 18 წელია.

ხვდებით, რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის? როცა რაიმე სინათლის სხივი გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, თან უნდა ჰქონდეს (არა საბჭოთა, არამედ), თანამედროვე, სწორი გაგება და განმარტება, რატომ არის კარგი ეს ხალხისთვის. მენეჯერებს ვინმემ უნდა განუმარტოს, რომ მხოლოდ თანხის აღება არ არის მენეჯერობა და არ უნდა ეშინოდეთ, თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში შრომის ვალდებულება შრომის უფლებად ვაქციოთ.

რამდენი კონკრეტული მაგალითი დამრჩა განსახილველი. ამ თემას უნდა დავუბრუნდე.

ჰო, მეც ვერასოდეს ვუხსნი ჩემს უცხოელ მეგობრებს, რატომ არ ვარ შეძლებული, რატომ არ მაქვს დანაზოგიც კი, რადგან ვარ პატიოსანი, თანაც ჟურნალისტი და თანაც Hardworker-ი და 2 ათეულ წელზე მეტია, გულწრფელად ვემსახურები მართალ სიტყვას. ვერაფრით ვუხსნი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში წამგებიანია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს